„კრიზისი არის შესაძლებლობაც ახალი სტარტის, ამ დროს შეიძლება დაიწყოს დიდი გადატვირთვა“

„კრიზისი არის შესაძლებლობაც ახალი სტარტის, ამ დროს შეიძლება დაიწყოს დიდი გადატვირთვა“

კორონავირუსმა ბევრი რამის გადაფასება შეძლო ადამიანთა ცხოვრებაში. იმ ტრაგედიის მიუხედავად, რომელიც დაატყდა მთელ მსოფლიოს, ადამიანები შეძრა იტალიელების შემართებამ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია უმღეროს სიკვდილს. რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და რამდენად შეიცვლება ჩვენი ეკონომიკა და საზოგადოება?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

უარყოფითით რომ არ დავიწყოთ, იუმორითაც უყურებენ ამ ვირუსს და ამბობენ, რომ კორონავირუსმა შეძლო იმის გაკეთება, რაც ვერ მოახერხა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ- ხალხი სოფლებს დაუბრუნა, ემიგრანტები ჩამოიყვანა და მაცივრებიც გაავსო. ალბათ, სიმართლის მარცვალი არის ამ ნათქვამში.

- რაც შეეხება იუმორს, იუმორი ორგვარია: არის იუმორი, რომელიც გვიბიძგებს, აგდებულად შევხედოთ პრობლემას, რაც, ჩამი აზრით, არ იქნებოდა სწორი, რადგან პრობლემა სერიოზულია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა დავიზაფროთ და პანიკურ და სტრესულ განწყობებში არ უნდა გადავვარდეთ. ასეთ დროს გადამრჩენელია სწორედ იუმორი. იმის გამო, რომ დღეს პირდაპირი კომუნიკაციების საშუალება არ გვაქვს და მეტ-ნაკლებად ვცდილობთ თვითიზოლაციაში ვიყოთ, მე მაგალითად, შევთავაზე ჩემს ვირტუალურ სამეგობროს, გვემსჯელა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მოდის კოლექცია. გამომდინარე იქიდან, რომ ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, სტრესის მოსახსნელად იუმორი, რომელსაც ჩვენ ახლა გამოვიყენებთ ურთიერთობაში, საქმეს წაადგება. თუმცა პრობლემა რეალურია და ჩვენ სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს.

სხვათა შორის, იტალიელებიც ამ დეპრესიული ფონის დასაძლევად გიტარის თანხლებით ამხნევებენ ერთმანეთს, ხანაც კორპუსებიდან პინგ-პონგს თამაშობენ.

- დიახ, მაგრამ მე ვფიქრობ, იტალიებებმა ზუსტად ეს ზღვარი ვერ დაიცვეს. იტალიაში პრობლემა განსაკუთრებით გამძაფრდა იმის გამო, რომ მათ არ დაიცვეს ელემენტარული წესები, სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქ საკმაოდ სუსტი იყო, ზედმეტად მსუბუქად შეხედეს ამ ყველაფერს, რამაც გამოიწვია ვირუსის უკონტროლო გავრცელება. იმედია, ჩვენთან ასე არ მოხდება.

მედალს აქვს ორი მხარე და მართლაც რეალობაა, იმ ზარალის მიუხედავად, რაც კორონავირუსმა მოიტანა, ემიგრანტრების ნაწილი დაბრუნდა, ხალხს სოფლის მიმათ ნოსტალგია გაუჩნდა...

- წიგნიც მოენატრათ, ოჯახებს დაუბრუნდნენ კაცები. რა თქმა უნდა, კრიზისი უკავშირდება ტრაგედიას, დრამას და ბევრი უბედურება მოაქვს, მაგრამ, რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს, კრიზისი არის შესაძლებლობაც ახალი სტარტის, ანუ რესტარტისთვის. კრიზისის დროს ყველაფერი დაპაუზებულია და ამ დროს შეიძლება დაიწყოს დიდი გადატვირთვა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბევრი რამ, რასაც ვაკეთებდით, არ იყო იმდენად ფასეული. საზოგადოების კონსოლიდაცია ხდება ასეთ დროს გარე საფრთხის წინაშე და კონსოლიდირებული საზოგადოება გამოიმუშავებს პოტენციალს იმისთვის, რომ დიდი აღმშენებლობა დაიწყოს კრიზისის დასრულების შემდეგ. ამის უამრავი მაგალითია მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ ეს ისევ დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაზე.

ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაგრამ, ამასთანავე, გვჭირდება სოციალური იმუნიტეტი და სრული კონსოლიდაცია. უნდა გვესმოდეს, რომ ერთია კრიზისის დროს მიყენებული ზარალი, რასაც მიიღებს მთელი სამყარო, მაგრამ მეორეა ძალიან რთული პროცესები, რაც პოსტკრიზისულ პერიოდში განვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური მოდელი დღეს მთლიანად იშლება. დიდი რეორგანიზაცია დაიწყება პოსტკრიზისულ პერიოდში, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენი ქვეყანა გავხადოთ თვითკმარი ეკონომიკის მქონე, უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკური უსაფრთხოება. აქამდე ამაზე არ გვიფიქრია, მაგრამ ახლა სრულიად აშკარად გამოჩნდა ამის აუცილებლობა. ამ ტიპის კრიზისები მომავალში შეიძლება კიდევ იყოს და შემდგომ კრიზისებს ჩვენ უფრო მომზადებულნი უნდა დავხვდეთ, ამას სჭირდება დიდი შრომა.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რამდენად სწორად იყო შერჩეული დრო და კონკრეტული შეზღუდვების ჩამონათვალი?

- ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობა დროულად გამოცხადდა. ადრე რომ გამოცხადებულიყო, ლოგიკა ამაში არ იქნებოდა, ის ზომები, რაც ტარდებოდა დღემდე, ალბათ, საკმარისი იყო. მეტსაც გეტყვით, ის ზომები დღესაც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ სჯობს, მაინც იყოს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იმისთვის, რომ, თუ საჭირო გახდება, სამართლებრივი პროცედურების გავლა არ მოგვიწიოს ფორსმაჟორში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ მასში გაწერილი ყველა უფლება იქნება მეყსეულად გამოყენებული. უბრალოდ, ეს ნიშნავს, რომ მთავრობაზე გადადის დელეგირება, ანუ მთავრობის კომპეტენცია ფართოვდება, რომ სწრაფად და ოპერატიულად იმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, ეს არ არის არც დაგვიანებული, არც ნაადრევი, აქ ზედმეტი კრიტიკა და ჭკუის სწავლება უადგილოა.

მთავრობა ეკონომიკური კრიზისების მართვის გეგმის წარმოდგენას აპირებს. განსაკუთრებულად, რომელი სფერო საჭიროებს დახმარებას?

- სამწუხაროდ, აქ ვერ ვიქნები ოპტიმისტი, რადგან არ დარჩება სფერო, რომელსაც კორონავირუსით გამოწვეული ზარალი არ შეეხება. ეკონომიკაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, გასაგებია, რომ დღეს ღიად ჩანს ტურიზმის, სასტუმრო და მომსახურების სფეროში პრობლემები, მაგრამ ეს დომინოს პრინციპით მუშაობს და არ დარჩება სფერო, რომელსაც ზარალი არ შეეხება, გარდა პირველადი მოხმარების საგნების ბიზნესისა, თუმცა დანაკლისი ირიბად მათაც შეეხება. ასეთი რთული მოცემულობაა. ჩვენს ქვეყანას არ აქვს რესურსი, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაფაროს და დააკომპენსიროს ზარალი, რასაც ჩვენ მივიღებთ. პრობლემა გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკის რეალური სექტორი, ჩვენ არ გვაქვს ქარხანა, რომელიც ახლა შეიძლება გაჩერდეს, მაგრამ ეს პროცესები რომ შეჩერდება, ისევ დავქოქავთ ამ ქარხანას. დასანგრევიც არაფერი არ არის, რადგან არც არაფერი გვქონია. ეს მინუსიც არის და პლუსიც, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ.

გაგვიჭირდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ახლა მაინც სწორად შევხედოთ ამ პროცესს და სწორი ეკონომიკა ავამუშავოთ. არა მომხმარებლური ეკონომიკა, რომელიც იმაზეა დამოკიდებული, ლარსთან რამდენი მანქანა ჩამოდგება რუსეთის მხრიდან, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ თვითკმარები და ჩვენი სამყოფი ყოველთვის გვქონდეს. სოფელზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი, რადგან სასურსათო უსაფრთხოება, ანუ ქვეყნის თვითკმარი სასურსათო მომარაგება ეს არის ფუნდამენტური ამოცანა და ეს არის ხერხემალი ყველაფრის. ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სასურსათო უსაფრთხოება, ამის საფუძველია სოფელი. ჩვენი აგრარული პოტენციალი სავსებით საკმარისია მინიმუმ იმისთვის, რომ გამოგვკვებოს. მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც სოფლის მეურნეობას, აქ არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობაც. ეს მთელი დიდი ინდუსტრიაა. ჩვენ გვჭირდება თვითკმარი კვების მრეწველობა. თავის დროზე ისეთმა ქვეყანამაც კი, როგორიც აზერბაიჯანია, რომლის აგრარული პოტენციალი ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენი, შეძლო და უზრუნველყო ეს ყველაფერი. ისინი ექსპორტიორებიც გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ საქართველოსთან შედარებით ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს. მთავარია, ჩვენ სწორი აქცენტები დავსვათ პოსტკრიზისულ პერიოდში.

კორონავირუსის გამო პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად შეცვლილია საქართველოში ვითარება?

- რაც მთავარია, ჩრდილოვანი მმართველობისგანაც გაგვათავისუფლა კორონამ და მთავრობა ფუნქციონალური გახდა. ხომ ხედავთ, როგორ დაეტყოთ, რომ თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს ყველას მოგვწონს. თურმე შეძლებიათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება და კარგად გამოიყურებიან. რა უშლიდა ამას ხელს? ის უშლიდა, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი ნება, ვერანაირ გადაწყვეტილებს ვერ იღებდნენ, ისხდნენ თავისთვის წყნარად და თავის ტკივილს ერიდებოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანი, რომელმაც ეს სიმახინჯე შექმნა, გაუჩინარდა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, ანუ ინსტიტუციურ წესრიგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ინსტიტუცური წესრიგი ქვეყანაში აღდგენილია. შესაბამისად, ხელისუფლებაც გახდა ფუნქციონალური, ეფექტური, რაც მისასალმებელია.

ამერიკამ 1000 $ დაუწესა ყოველ მოსახლეს ყოველთვიურად, ჩვენს ხელისუფლებას რისი ფუფუნება აქვს ამ მხრივ?

- სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი რესურსი იმისა, რომ ასეთი სოციალური მასშტაბური პროექტები განვახორციელოთ, არ გვაქვს. ეკონომიკური თვალსაზრისითაც ეს არ იქნებოდა მაინცდამაინც სწორი, რადგან ძალიან სერიოზულ ინფლაციურ პროცესებს შეუქმნიდა წინაპირობას. ამასაც რომ თავი დავანებოთ, არ გვაქვს ჩვენ ამის რესურსი. მინიმალურად, სოციალური ვალდებულებები ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავის თავზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ იქნება მასშტაბური. უბრალოდ, ამის რესურსი ქვეყანას არ აქვს, ვერც გარედან დახმარების იმედი ვერ გვექნება ამ შემთხვევაში. ეს არის გლობალური პრობლემა, ყველა თავისი პრობლემის გადაწყვეტითაა დაკავებული და ჩვენთვის არავის არ ეცლება.

ზურაბი ამუშავდა მთავრობა რაც ივანიშვილი გაუჩინარდაო, ხუხაშვილს ძალიან არ უნდა აღიაროს,მაგრამ ივანიშვილს გაუკეთებია ის რასაც ამბობდა,შექმნა მთავრობა ძალიან ეფექტური და თავად არ მიიწერა ის რაც სინამდვილეში მისი შექმნიალია.მაგარია ივანიშვილი, თანაც თავისი რესურსებით ქვეყანას ზურგს უმაგრებს. საიმედო კაცია ივანიშვილი,ჩემი აზრით. მან უფრო ადრე დაიწყო საქართველოში ლიბერალური ძალადობის ნგრევა, რასაც ტრამპი ახორციელებს.
1 კვირის უკან