ნათია თურნავა: საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცეებისთვის 40-ზე მეტი სასტუმროა დაკონტრაქტებული

ნათია თურნავა: საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცეებისთვის 40-ზე მეტი სასტუმროა დაკონტრაქტებული

საქართველოს მასშტაბით საკარანტინოდ 40-ზე მეტი სასტუმროა დაკონტრაქტებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასტუმრო ინდუსტრია პირველი იყო, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა და უდიდესი დარტყმა მიადგა, თუმცა ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რისთვისაც მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უკვე 40-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს დაკონტრაქტებული საკარანტინო სივრცეებისთვის საქართველოს მასშტაბით. სასტუმროები თანამშრომლობენ და გაგებით ეკიდებიან ამას. უფრო მეტსაც გეტყვით, ბოლო დროს ძალიან მაღალი კლასის სასტუმროები წამოვიდნენ ამ თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნომრები მაღალი კლასის სტუმრებისთვის, საკმაოდ მაღალგადამხდელი ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, დღეს ამ ნომრების ჩვენთვის დათმობა ფაქტიურად თვითღირებულებაში ხდება, რათა ჩვენ ჩვენი ფუნქციები შევასრულოთ და კარანტინისთვის განკუთვნილი კონტიგენტი განვათავსოთ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული უფლებამოსილებები მონიჭებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით. კარგია, რომ ჩვენ ამ უფლებამოსილების გამოყენება არ გვჭირდება. ყველაფერი ხდება ურთიერთ თანამშრომლობისა და პატრიოტიზმის სულისკვეთებით“, - აღნიშნა თურნავამ.