დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი დაამონტაჟა, შემდეგ კი ჩანაწერები გაავრცელა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი დაამონტაჟა, შემდეგ კი ჩანაწერები გაავრცელა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა.

"პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები. პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.