"დასავლური პრესის ასეთი პოზიცია მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბუნებრივად მიიჩნია - როცა მთელ მსოფლიოს გააცნობდა წინა ხელისუფლების დანაშაულებს, კითხვის ნიშნები არავის დაებადებოდა. ზედმეტი განმარტებები, ნიადაგის შემზადება არ ჩათვალეს საჭიროდ. როგორც ამბობენ - ამას რა მტკიცება უნდა, ყველაფერი ისედაც ჩანს. ამერიკიდან და ევროპიდან, ეტყობა ყველაფერი ასე არ ჩანს. თუმცა კითხვები, რომელიც გაჩნდა ახალი ხელისუფლების მიმართ, არ არის ჯერჯერობით ტრაგიკული. საკითხი ეხება იმას, რომ დაპატიმრებები მასობრივად ხდება. ეს არის შეშფოთების მიზეზი", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბოკერია ახალ პარტიას ქმნის / ინტერვიუ პოლიტიკურ მიმომხილველ სოსო ცინცაძესთან.
"ყველაფერი გაირკვევა და თავის ადგილზე დადგება, როდესაც პირველი განაჩენები დადგება სასამართლოებში, ვინაიდან მთავარი პრობლემა, რაზეც ყოველთვის მიუთითებდა დასავლეთი სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს იყო დამოუკიდებელი სასამართლო. მსჯელობა, რამდენად ობიექტურია ეს დაპატიმრებები და ხომ არ ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს, ნაადრევია, სანამ არ დადგება განაჩენები. ადრე ამას იდეოლოგიურ ფრონტს ეძახდნენ, ახლა პიარი ჰქვია. პიარის გარეშე ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორც საქართველოა, გაუჭირდება თავისი სიმართლის მიტანა დიდ სახელმწიფოებამდე. ამიტომ, ვფიქრობ, დასავლური პრესის სტატიების ეს ტალღა კარგი გაკვეთილი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის იმ მხრივ, რომ თავის საქმიანობას, თუნდაც ძალიან სამართლიანს, მეტი განმარტებითი წინამძღვრებით შეავსებს. ეს დროის ამბავია. დასავლეთისთვის ტრაგედიაა, როცა სასამართლოს არ გამოაქვს ობიექტური განაჩენი და უდანაშაულო ადამიანი მიდის ციხეში. მოვიცადოთ, ეს სტატიები შეიძლება დასავლეთმა ჩვენზე ადრე დაივიწყოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"არ მგონია, ახალ ხელისუფლებაში ისეთი ნეტარმორწმუნენი მოვიდნენ, რომ სჯერათ - სოციალური სიდუხჭირე დიდი ხნით შეიძლება გადაიფაროს სხვა რამით. ახალ ხელისუფლებას მინც მოუწევს სოციალური დაპირებების შერულება თანდათანობით. ზამთარი ყველაზე რთულია ჩვენთან, დენისა და გაზის გადასახადი გველეშაპივით ნთქავს ღარიბი ოჯახის მთელ ბიუჯეტს. სომხეთში, რომელსაც არც თავისი გაზი აქვს, არც ტრანზიტი აქვს, გაზი ორჯერ იაფია ჩვენთან შედარებით. რუსეთი აძლევს სომხეთს შეღავათიან პირობებში გაზს, მაგრამ სომხეთის მთავრობაც აფინანსებს ამ გადასახადებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დეკემბრისთვის თუ არა, საშობაოდ ან ძველით ახალ წელს სოციალური შეღავათები ამუშავდება, კარგია ამნისტია, პოლიტპატიმრების საკითხის დადებითად გადაწყვეტა, მაგრამ სოციალური გადასახადები დროულად უნდა მოგვარდეს. პრემიერმა კი მოგვიწოდა, გაგებით მოეკიდეთ კრიმინალური ვითარების დამძიმებასო, მაგრამ არ მგონია, მოსახლეობა გაგებით შეხვდეს დიდი ხნით კრიმინალური ვითარების გაუარესებას. სოციალური შეღავათები რომ იყოს, მოსახლეობა ამას მოითმენდა განსაზღვრული დროით, მაგრამ თუ სოციალური შეღავათები არ იქნება, გამოვა, რომ სიტუაცია ქვეყანაში მთლიანად გაუარესდება. მოსახლეობის ფართო ფენიდან ჯერ მთავრობის კრიტიკა არ ისმის. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ მოლოდინის გაცრუების სიმპტომებზე - ნდობის კრედიტი არ არის საბჭოთა ობლიგაციასავით უვადო. ფორსმაჟორში მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს სოციალური დაპირებების შესასრულებლად", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცონცაძე.