არანორმალური პანიკის ფონზე, ქვეყანაში საკმაოდ ბევრი დასახელების საქონლის დეფიციტი შეიქმნა. უკვე გაჩნდა ეჭვი ყველაზე მთავარ პროდუქტების მარაგზეც - ხორბალი და მედიკამენტები. დარგის სპეციალისტები მოსახლეობას ამშვიდებენ, მაგრამ ხალხი მაინც ახორციელებს აჟიოტაჟურ შესყიდვას.
მწარმოებელთა ფედერაციის დირექტორმა ლევან სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში სურსათის და განსაკუთრებით ხორბლის მომარაგების მხრივ საპანიკო არაფერია. ბიზნესი არ მუშაობს ერთდღიანი მარაგებით, ამიტომ ფორმაჟორული ვითარება არ შექმნილა.
„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვთქვა, რომ საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია. შესაბამისად, ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს. დღეს გემი იცლება ფოთსა და ბათუმში, ასევე სხვა გემებიც არის ხორბლით დატვირთულები, რომლებიც გზაშია და მოემართებიან საქართველოსკენ. ბოლო წლების განმავლობაში ბაზრის კონიექტურა შეიცვალა და ეს კარგია, რადგან ხორბლის იმპორტი ძირითადი ხორციელდება გემისა და რკინიგზის საშუალებით და არა სატვირთო მანქანების მეშვეობით. ამან ქვეყანაში გარდამავალი მარაგის დაგროვება გამოიწვია. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესი არ მუშაობს მოკლე პერიოდზე, ისინი მუშაობენ მინიმუმ ერთთვიანი მარაგებით. თან მით უმეტეს მარცვლეულის ნაშთები გათვლილი იყო არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ ტურიზმზე და როცა ტურიზმი შემცირდა ქვეყანაში, რასაკვირველია ეს საქონელი დამატებით ისევ მოსახლეობას დარჩება“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ გადაცემაში „საქმე“.
უკვე კვირაზე მეტია, კორონავირუსის გამო, საზოგადოებაში პანიკაა, რომ ქვეყანაში შესაძლოა სურსათის მარაგი ამოიწუროს, თუმცა როგორც ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ ეს პანიკა უსაფუძვლოა და ქვეყანას სასურსათო დეფიციტი არ ემუქრება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემები იკვეთება. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეებმა თადარიგი დაიჭირეს და არა მხოლოდ საკვების პანიკური შესყიდვა, არამედ მედიკამენტების მომარაგებაც დაიწყეს.
ამას ადასტურებენ სააფთიაქო ქსელებში. მაგალითად, მედიკამენტების გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ „ჯიპისიში“. კომპანიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:
„ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობამ დაიწყო როგორც საკვები პროდუქტების, ასევე მედიკამენტების მომარაგება. დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ დღეისთვის სამკურნალო პრეპარატების, ასევე ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტების კუთხით „ჯიპისიში“ ნაშთების პრობლემა არ დგას. ვესაუბრეთ მომწოდებლებს და მათი მხრიდანაც რამე შეფერხება არ დაფიქსირებულა.
არასაჭირო და რადიკალურად გაზრდილი შესყიდვებით, პირიქით იქმნება ხელოვნური დეფიციტი და ამით მხოლოდ ის ადამიანები ზარალდებიან, ვისაც რეალურად, იმ მომენტისთვის ესაჭიროება ესა თუ ის პრეპარატი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს 3-დან 6 თვემდე მარაგები გააჩნიათ და მომწოდებლებისგანაც პრობლემების შექმნას დღეის მდგომარეობით არ ელოდებიან, თუმცა ირინა ჭელიძე დადასტურებით ვერ ამბობს, რომ მომავალში ტრანსპორტირების კუთხით პრობლემები არ იქნება.
„ეს არის შიშის ფაქტორი. მაშინვე მწარმოებლებს დავუკავშირდი და ვკითხე თქვენ ხომ არ შეგექმნებათ პრობლემა მოწოდების. თქვეს, რომ არა, თუმცა ჩვენც არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. როცა მოდის ევროპიდან მანქანა, უნდა გამოიაროს რამდენიმე ქვეყანა და ყველა ყოველ წუთას ცვლის რეგულაციას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტვირთების გადაადგილება არ არის შეზღუდული. თუ ლოგისტიკური პრობლემა არ შეიქმნება, წამლების დეფიციტი გამორიცხულია“, - განაცხადა ჭელიძემ.
აფთიაქებში ადასტურებენ, რომ გააქტიურებულია მედიკამენტების შესყიდვები, თუმცა აცხადებენ, რომ ნაშთები არსებობს და ქსელებში დეფიციტი არ შეიქმნება. ერთადერთი, რაც დეფიციტშია, ეს არის ანტისეპტიკური საშუალებები, ნიღბები და ხელთათმანები.