გეებზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს

გეებზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს

ჰომოსექსუალიზმის თემა საქართველოში, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ბოლო პერიოდში კი ჰომოსექსუალიზმი ლამის ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად იქცა. რატომღაც მიჩნეულია, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები საქართველოში დაჩაგრულები არიან და თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ვერ გრძნობენ. ალბათ, რთულია, განყენებულად ისაუბრო ჰომოსექსუალთა ჩაგვრაზე ქვეყანაში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვეოდა და ადამიანებს ელემენტარულად ტელეფონზე საუბრის ეშინოდათ.

და მაინც, იჩაგრებიან თუ არა რეალურად ჰომოსექსუალები საქართველოში, როგორც ამას გვკიჟინებენ მთელი რიგი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები? საინტერესოა ისიც, რომ, თუ ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ჰომოსექსუათა დამცველი ორგანიზაციების მისწრაფება მხოლოდ ჰუმანურობამ და მაღალი იდეალებისკენ სწრაფვამ განაპირობა და არა, «როგორც ბოროტი ხმები ამტკიცებენ», გრანტების სიყვარულმა, რატომ არ იბრძვიან იგივე უფლებადამცველები ჰეტეროსექსუალთა უფლებებისთვისაც ასე გააფთრებით?

აღნიშნულ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, ამიტომ შევეცდებით, ამჯერად ცოტა სხვა მიმართულებით მივაქციოთ მკითხველის ყურადღება. ხშირად განვიხილავთ, თუ როგორ დაჩაგრულად გრძნობენ თავს ჰომოსექსუალები საქართველოში, მაგრამ ამავე დროს ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება რატომღაც ეზღუდებათ.

ირაკლი ღლონტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მისი სამსახურიდან გათავისუფლება «ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე დაწერილმა, ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზამ გამოიწვია. ფოტოზე, რომელზეც ორი გეი კოცნის ერთმანეთს, გაკეთებულმა წარწერამ «დიდ არას გეუბნებით, ბიჭებო!», როგორც ჩანს, ყოფილ ხელისუფლებაში ვიღაცები სერიოზულად გააღიზიანა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ირაკლი ღლონტს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, თუმცა მხოლოდ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რომ შუა თბილისში, რუსთაველის მრავალჭირნახულ გამზირზე, სადაც ქართველობისთვის სისხლი იღვრებოდა, ნებისმიერი სექსუალური აქტივობა მისთვის მიუღებელია, საკმარისი აღმოჩნდა, რომ სამსახურის გარეშე დარჩენლიყო. «მე იურისტი ვარ და ვაღიარებ მათ კონსტიტუციურ უფლებებს, მაგრამ ვცდილობ დავიცვა ჩემი და ჩემი მომავლის უფლებებიც. ეს არამარტო ჩემი აზრია, ეს ქართული საზოგადოების უმრავლეობის აზრია», _ ამბობდა ღლონტი. მის ნათქვამს რეაგირება სამინისტროში მეორე დღესვე მოჰყვა და მას სამსახურის დატოვება მოუწია.

დღეს ირაკლი ღლონტს ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ საუბარი არ სურს და იმ უსიამოვნების გახსენებას თავს არიდებს, როდესაც ერთმა უვნებელმა, სოციალურ ქსელში დაწერილმა ფრაზამ ის სამსახურისა და თანამდებობის გარეშე დატოვა. 

მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო, ჰომოფობად შერაცხეს და ერთ-ერთმა უცხოურმა ორგანიზაციამ მას დაფინანსებაც შეუწყვიტა. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში:

«ამ ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული, თუ მათ ვინმე ავიწროებს, შეურაცხყოფას აყენებს, მე დღესაც ვიცავ ერთ-ერთი ჰომოსექსუალის უფლებებს, მაგრამ ვის რა უფლება აქვს, საკუთარი პოზიციის გამოხატვა ამიკრძალოს?! არ მაქვს უფლება, არ მომწონდეს ჰომოსექსუალიზმი? ეს არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და ტოლერანტობა?

არაფრით გამორჩული, წარუმატებელი და უნიჭო ადამიანების გაპიარება მიმდინარეობს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვთ». 

ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ დღეს ჰომოსექსუალიზმის თემის განხილვა, უბრალოდ, მოდაშია. «ჰომოსექსუალიზმი პრობლემური კი არა, მოდურია. ხალხს ხოცავდნენ, ციხეებში აწამებდნენ, სამსახურებდან ათავისუფლებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ და 24 საათი მასმედიის საშუალებებით შუქდებოდა თითიდან გამოწოვილი თემა, რომელიც არავითარ სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა.

თუმცა, სამწუხაროდ, ის ადამიანები რომლებიც ვერ არჩევენ, რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა - ადამიანის უფლებების შეზღუდვა, საქართველოში ხშირად უფლებადამცველობას იჩემებენ», - ამბობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. 

ქვეყანაში სიტუაცია კომიკურად მაშინ იქცა, როდესაც სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევა-დაწუნების პროცესი, ძირითადად, იმ ნიშნით წარიმართა, რამდენად უყვარდათ ჰომოსექსუალები სახალხო დამცველობის კანდიდატებს. განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო სექტორის აღშფოთება ფრანგულ გაზეთ «ფიგაროში» დაბეჭდილმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ფრაზამაც გამოიწვია. მანანა კობახიძე უკიდურეს ჰომოფობად და კაცთმოძულედ შერაცხეს. სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერს ამ ფრაზას, როგორც მისი «ჩამორჩენილობის ურყევ მტკიცებულებას», კიდევ კარგა ხანს წამოაძახებენ.

თუმცა, გაუგებარია, რატომ და როდის დამკვიდრდა ცივილიზებულობისა და ევროპელობის გაგებასთან ჰომოსექსუალიზმი, მაშინ, როცა ევროპის მოსახლეობისთვისაც კი ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი და მისაღები მოვლენა არ არის. ბოლო გამოკითხვების თანახმად, გერმანიაში მოსახლეობის სერიოზული ნაწილი ჰომოსექსუალიზმს კვლავ ანომალიად მიიჩნევს. 2005-2006 წლების გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით, ვესტფალიაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 21% ჰომოსექსუალებზე ბინის გაქირავების წინააღმდეგიც კი იყო. სერიოზული აღშფოთება და საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის კანონპროექტის განხლვას. პროტესტის ნიშნად, პარიზის ქუჩებში 70 ათასზე მეტი კაცი გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა, რესპუბლიკელმა ჯეი-დი ჰეიოურტმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმის დაკანონება მომავალში ადამიანებისა და ცხენების ქორწინებამდე მიგვიყვანს.

არასამთავრობო სექტორი მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებსაც ხშირად ადანაშაულებს ხოლმე ჰომოსექსუალთა უფლებების დარღვევაში, თუმცა, ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობის დამოკიდებულება ჰომოსექსუალებისადმი უარყოფითი და ძალიან მკაცრია. მაგალითად, საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის კანონპროექტის განხლვისას, პარიზის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის არქიეპისკოპოსმა ანდრე არმან ვენ-ტურამ მრევლს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა, 2010 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ და საქართველოში არსებულმა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებმა ერთად გააპროტესტეს სტრასბურგში, ევსოსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განსახილველი კანონპროექტი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობდა.

მიუხედავად ასეთი მკაცრი პოზიციისა, როგორია ეკლესიის დამოკიდებულება თითოეულ ჰომოსექსუალთან მიმართებაში, ისინიც ხომ ღვთის შვილები არიან? - ამ კითხვით მივმართეთ წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ მამა დავითს (ისაკაძე). მამა დავითი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალთა უფლებები ქვეყანაში არ ილახება.

- ეს თემა ინსპირირებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც განზრახული აქვთ, ებრძოლონ რწმენას და ზნეობას. მეტსაც გეტყვით, მათი მიზანია, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს გენოციდი მოუწყონ.

თუ ადამიანი არის ასეთი ცოდვისადმი მიდრეკილი, ჩვენ ვიზიარებთ მის ამ ტრაგედიას და ვაძლევთ საშუალებას, მოვიდნენ ეკლესიაში, აღსარება თქვან, მოინანიონ და გარკვეული ეპიტემიის, სულიერი სასჯელის შემდეგ ეკლესიის წევრებიც კი გახდნენ, მაგრამ თუ ისინი პირიქით, აქციებსა და მსვლელობებს გამართავენ და ცოდვას რეკლამირებას გაუწევენ, ბუნებრივია, ჩვენ მათ ვამხელთ.


- მამაო, თქვენს ორგანიზაციას - «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს» ხშირად ადანაშაულებენ ჰომოსექსუალთა უფლებების დარღვევასა და მათ მიმართ აგრესიულ მოპყრობაში...

- ეს მტკნარი სიცრუეა. ჩვენი მიზანია, რწმენისა და ეროვნულობის დაცვა, მაგრამ «თავისუფლების ინსტიტუტის» მსგავსი ორგანიზაციები იდეოლოგიურად ებრძვიან მართლმადიდებლობას და ეროვნულ ცნობიერებას. სამწუხაროდ, დღეს მათ ხელშია მასმედიის საშუალებები და ამიტომ ისინი ახერხებენ ჩვენი ორგანიზაციისა და საერთოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ფონის შექმნას. ერთი ფაქტიც არ არსებობს, რომ «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა» ვინმეს მიმართ დანაშაული ჩაიდინა. მათ აგრესიულ ქმედებებს კი უამრავს ჩამოგითვლით.

განსხვავებულად ფიქრობს, ლგბტ აქტივისტი, გენდერული თანასწორობისა და ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ჟურნალ «იდენტობის» ყოფილი რედაქტორი მაგდა კალანდაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალთა უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა.

- ჰომოსექსუალთა უფლებებს ხშირად არღვევენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, როდესაც ისინი სიძულვილის ენით საუბრობენ. ასე მოხდა 17 მაისს, როდესაც ჩვენ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღვნიშნავდით. მე თავად რამდენიმეჯერ მივმართე პოლიციას საჩივრით, მაგრამ, სამწუხაროდ, პროკურატურა მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლა და ეს მაშინ, როდესაც სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული, დამამძიმებელი გარემოებებით.

- მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაზე და რომ საქართველოში ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ათავისუფლებენ სამსახურებიდან, ჰომოსექსუალების მიმართ რაიმე შენიშვნა გამოთქვეს ან არ მოეწონათ მათი საქციელი, ეს არ არის ადამიანების უფლებების დარღვევა?

- პრინციპში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სიძულვილის ენა არ ისჯება, კანონით, ამ ადამიანმა რომ უჩივლოს კონკრეტულ ორგანიზაციას, ალბათ, პროცესს მოიგებს კიდეც, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ასეთ ადამიანებს მე გავათავისუფლებდი სამსახურიდან. რადგან ადამიანების მოძულება, გარიყვა, იმის გამო, რომ სხვა ადამიანი არ არის შენნაირი, აუცილებლად მოითხოვს «ჭკუის სწავლებას».

თუ საქართველოში, ქუჩებში იმართება სასულიერო პირების მსვლელობა, მაშინ, როცა საქართველოს ბევრი მოქალაქე არ არის ქრისტიანი და ამას არავინ აპროტესტებს, რატომ არ აქვთ ადამიანებს გეი-აღლუმების ჩატარების უფლება? კანონში არსად წერია, რომ უმრავლესობის უფლება უნდა იყოს დაცული და უმცირესობის არა. ყველას აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლება. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ჰომოფობია ეს არის სიძულვილი ერთი ადამიანისა მეორის მიმართ ძალიან მცირე განსხვავების გამო», _ ამბობს მაგდა კალანდაძე.

სულ რაღაც ერთი წლის წინ ამერიკელი და კანადელი ფსიქოლოგები, მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი უბერტ ვან გიჯსერჰემი და დოქტორი ვერნონ კუინსი, პედოფილიის ლეგალიზაციის მოთხოვნითაც გამოვიდნენ. ისინი შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ხელისუფლება, რომ პედოფილია ავადმყოფობა კი არა, ნორმა და სექსუალური ორიენტაციის განსაკუთრებული სახეობაა. საბედნიეროდ, მათ წინადადებას, კანადის პარლამენტის მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა ამერიკაში უკვე არსებობს ორგანზაცია B4U-ACT, რომელიც პედოფილიის ლეგალიზაციაზე მუშაობს.

ასე რომ, შესაძლოა, დიდი დრო აღარაა დარჩენილი, როცა მსოფლიო პედოფილების უფლებებსაც აღიარებს, ამიტომ გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ მიმბაძველობამ, რაც ხშირად გვახასიათებს ქართველებს, შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. უნდა გავითავისოთ, რომ ჰომოსექსუალიზმის უარყოფა და მიუღებლობა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნასა და შეურაცხყოფას არ ნიშნავს