მსოფლიო ბაზრებზე თუ საფონდო ბირჟებზე დიდი პანიკაა. ეცემა ინდექსები, უფასურდება ფაისანი ქაღალდები და ვალუტები, იაფდება ნავთობი. მდგომარეობა გადამდებია ყველა ქვეყნისთვის. უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე მოკლავს.
გამოცემა „ინდეპენდენტის“ შეფასებით, კორონავირუსით გამოწვეული ზარალი უზარმაზარი იქნება და მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვან დაღს დაასვამს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მოუტანოს, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესს დააზარალებს, რის გამოც შესაძლოა, ათასობით კომპანია გაკოტრდეს და მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს.
კორონავირუსის გავრცელება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს დააზარალებს. ამის მიზეზი საჭირო მასალისა და აღჭურვილობის დეფიციტი იქნება, რომლებიც კომპანიების უმეტესობას ჩინეთიდან შემოაქვს. სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაში მილიონობით ადამიანი დგას, რომლებიც გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებენ.
კორონავირუსის გავრცელებამ კატასტროფული შედეგი მოუტანა საფონდო ბირჟებს, სადაც აქციების ფასი რეკორდულად დაეცა. სპეციალისტების მტკიცებით, მსგავსი შემთხვევა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
ამასთანავე, ვირუსის გავრცელების გამო მნიშვნელოვნად დაეცა ნავთობის ფასი, რაც ისეთ ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს, როგორებიც რუსეთი და საუდის არაბეთია, უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს მოუტანს.
მსოფლიო ეკონომიკა, უარყოფითი მოლოდინის ფონზე სტაგნაციისაკენ მიდის. გლობალური კრიზისი საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი. ამ მოსაზრებას უცხოელ ანალიტიკოსებთან ერთად, ქართველოი ეკონომისტებიც ეთანხმებიან. ბესო ნამჩავაძე არსებულ ტენდენციას მიმოიხილავს:
„უკვე შემცირდა ტურიზმი, გადაზიდვები და სხვადასხვა მომსახურება, თუმცა კომპანიების აქციებზე ფასის დაგდება (რაც კრიზისს უწყობს ხელს) ყველაზე მეტად ნავთობის გაიაფებამ განაპირობა. აქ არის საინტერესო მომენტი: ფასი არა მარტო ვირუსის გავლენით, არამედ გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო დავარდა, რუსეთმა ჩათვალა, რომ ახლა კარგი დროა გავლენის ზრდისთვის და ნავთობის მოპოვების შემცირების ნაცვლად, მოპოვების ზრდა გადაწყვიტა.
ამით განაწყენებულმა საუდის არაბეთმა რუსეთს ფასების ომი გამოუცხადა და აპრილიდან ნავთობის დღიური მოპოვების 2.5 მლნ ბარელით მატება დააანონსა, ცალკე საემიროებმა დღეში 1 მლნ ბარელით მეტის მოპოვება გადაწყვიტეს. რუსეთი კი აპირებს დღე-ღამეში 0.5 მლნ ბარელით გაზარდოს წარმოება. ეს ჯამში 4 მლნ-მდე გამოდის და ხდება იმ ფონზე, როცა ვირუსის გამო ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს და წესით ფასების სტაბილურობისთვის მიწოდება უნდა შეემცირებინათ.
ჩვენმა „კეთილმა“ მეზობელმა დრო იხელთა და ჩათვალა, რომ ახლა რუსეთის ეკონომიკა უფრო მზადაა კრიზისის გადასატანად, ვიდრე ამერიკის თუ ოპეკის წევრი ქვეყნებისა და უშუალო ქმედებაზე გადავიდა“, - აღნიშნა ნამჩავაძემ.
ვითარება ყველგან დრამატულია. უკვე მერამდენედ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, აქციების ფაების მკვეთრი ვარდნის გამო, დამცავი მექანიზმი ამოქმედდა და ვაჭრობა დროებით შეჩერდა.
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ში კომპანიების ფასების მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაციის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შედეგია.
ამასთანავე რეკორდულად დაეცა აქციების ფასები ევროპულ საფონდო ბაზარზეც. მაგალითად, გერმანული „დაქსის ინდექსი 9.6%-ით შემცირდა, მსგავსი მოვლენა ბოლოს 1987 წელს დაფისირდა. ანალიტიკოსების აზრით, რთული პერიოდი გაგრძელდება რადგან ევროპაში კორონავირუსის ლოკალიზება და გავრცელების არეალის შეზღუდვა ვერ ხერხდება.