იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დღეის მონაცემებით, საქართველოდან გაგზავნილი საქმეებიდან 700 დასაბუთებულია, რაც ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოს მთავრობას ქვეყნის ბიუჯეტიდან მოუწევს საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა. დაახლოებით ამდენივეა ევროსასამართლოში დაუსაბუთებელ საქმეთა რიცხვიც. თუმცა 700 საქმე ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძალიან ბევრია, - ამბობს თეა წულუკიანი და შედარებისთვის საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს: საფრანგეთიდან ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საქმეებიდან მხოლოდ 60-ს აქვს დასაბუთებულის სტატუსი. ამ საჩივართა შემცირების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო 700-ვე საქმეზე მომჩივნებს მეგობრულ მორიგებას სთავაზობს.
”მინდა ყველა მომჩივანს, იმ 700 ადამიანს, ვისაც შეტანილი აქვს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, მივმართო იუსტიციის სამინისტროს სახელით და ვუთხრა, რომ თუკი მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა შანსი იმისა, რომ მათი კონკრეტული საქმე ქვეყნის შიგნით მოგვარდეს, არ დაელოდონ მომენტს, როდის გვაცნობებს მათ შესახებ სტრასბურგის ევროპული სასამართლო, რასაც შეიძლება ოთხი, ხუთი და მეტი წელიც დასჭირდეს. ჩვენ, სახელმწიფო, ვართ აქ იმისათვის,რომ მათი კონკრეტული, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული, პრობლემა მოვაგვაროთ უფრო მოკლე ვადაში”.
ასეთი წინადადება შესთავაზა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წლებში, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროპული სასამართლოს ქართული საჩივრებისგან განტვირთვა იყო ერთი კვირის წინ იუსტიციის მინისტრის ევროპულ სასამართლოში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც. წულუკიანის აზრით, საქართველოში კულტურად უნდა დამკვიდრდეს ის, რომ ადამიანების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით ხდებოდეს და მის მოქალაქეებს არ უწევდეთ გამუდმებით სხვა ქვეყანაში სიარული საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. სწორედ ამიტომ, ახალი მთავრობის პირველადი შეთავაზება, რომელიც, მინისტრის თქმით, სტრასბურგშიც მოიწონეს, ასეთია:
”იმ შვიდას მიმდინარე საქმეზე, რომელიც დასაბუთებულად ითვლება, და ეს ნიშნავს, რომ ეს საქმეები, ადრე თუ გვიან, მოიტანს ჩვენი ქვეყნისათვის დარღვევის გადაწყვეტილებას და ბიუჯეტიდან გვექნება ძალიან დიდი თანხები გადასახდელი, ამ მიმდინარე საქმეებზე, როგორც კი მათ შესახებ ინდივიდუალურად შეგვატყობინებს სტრასბურგის ევროპული სასამართლო, დავიწყებთ მოლაპარაკებას მომჩივან მხარესთან საქმის მორიგების თაობაზე. რაც შეეხება მომავალ საქმეებს, პოტენციურ საქმეებს, რომლებიც შეიძლება შევიდეს ისევ სტრასბურგის სასამართლოში, ჩვენ შევთანხმდით, რომ ის სისტემური პრობლემები, რომელთა შესახებაც უკვე ჩვენთვის ცნობილია, აღმოვფხვართ და ის საქმეები მოვაგვაროთ აქ, ქვეყნის შიგნით, მანამ, სანამ ისინი წავა სტრასბურგის სასამართლოში”.
ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ევროპულ სასამართლოს ბოლო დროს დაახლოებით 500 000 განსახილველი საქმე დაუგროვდა. ეს კი საქმეების განხილვას აჭიანურებს. ზოგჯერ საქმეზე ევროპული სასამართლოს განაჩენი ათი წლის შემდეგ გამოდის. ხშირად მხარისთვის ასეთი, დროში გაწელილი პროცესი აზრსაც კარგავს ხოლმე. სწორედ ამიტომ, მთავრობის ნება, მეგობრული მორიგება შესთავაზოს დაზარალებულებს, დადებით ინიციატივად შეიძლება შეფასდეს. ამ მორიგების აღსრულებას კი, ორივე მხარის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო მიადევნებს თვალს. მორიგების არსი კი ის არის, ამბობს ლია მუხაშავრია, რომ მხარემ უნდა მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მიიღებდა. ეს იქნება კომპენსაცია თუ სამართლიანობის აღდგენის სხვა ზომა. ლია მუხაშავრია აპირებს საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართოს პარლამენტს. მისი შეთავაზება, თუ როგორ უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფომ მიყენებული ზიანი მოქალაქეს, ორ კომპონენტს მოიცავს. პირველი:
”თუკი მთავრობას მოუწევს ბიუჯეტიდან კომპენსაციის გადახდა, მაშინ, ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა წამოიწყოს გამოძიება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი საჯარო მოხელის თუ თანამდებობის პირის გადაცდომამ, დანაშაულმა თუ დარღვევამ მიიყვანა მთავრობა ამ ზომამდე, რომ მან ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა იხადოს სოლიდური თანხა, და უკვე იმ კონკრეტული საჯარო მოხელის პირადი ქონებიდან მოხდეს კომპენსაცია - რეგრესის წესით (ანუ სახელმწიფომ გადაიხადოს და მისი ქონებიდან დაიბრუნოს ეს თანხა) სახელმწიფო ბიუჯეტში - უკვე გადახდილი თანხების”.
და მეორე: თუ სახელმწიფოს გაუჭირდება ბიუჯეტიდან დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გაცემა, მატერიალური ზარალი სახელმწიფომ აანაზღაუროს იმ ქონებით, რომელიც სახელმწიფო მფლობელობაშია და ჯერ მისი პრივატიზაცია არ მომხდარა.
მეგობრული მორიგების დროს, რასაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიერ 700 დასაბუთებულ საჩივარზე სთავაზობს მოსარჩელეებს, თანხმობა ორმხრივი უნდა იყოს - მხოლოდ ამ შემთხვევაში სრულდება საქმე სასამართლოს ჩარევის და საქმის ხელახლა არსებითი განხილვის გარეშე. საიას იურისტი ნათია კაციტაძე განმარტავს, რომ მომჩივანი, შესაძლოა, ყოველთვის არც ითხოვდეს მხოლოდ ფულად კომპენსაციას:
”შესაძლოა, ამ მორიგებაში იყოს ისეთი პირობები, როგორიცაა, მაგალითად, დარღვევის აღიარება, ან, შესაძლოა, კანონი იყოს შესაცვლელი და ეს კანონი შეიცვალოს, ან თუ პირადი საკუთრებაა წართმეული სახელმწიფოს მხრიდან, კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნდეს და ა.შ.”
ცნობილი გახდა ისიც, რომ ”ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” საქმის განაჩენის აღსრულების გეგმა უკვე გადაგზავნილია მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტში, რომელსაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ევალება. ამ გეგმაში, როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ჩამოთვლილია ის პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების განსაახლებლად იქნება საჭირო.