ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე კობა ბექაურის ახლახან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ყოფილი დეპუტატი კობა ბექაური ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მან ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ ქონება დათმო, რომელიც საბოლოოდ ძმები კოდუების დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა.
ჟორჟოლიანი კი საკუთარ პოსტში ირწმუნება, რომ ეს ქონება მის მაზლს, დათო კოდუას 2003 წლამდე გაცილებით ადრე ჰქონდა შეძენილი და პირიქით, სწორედ დათო კოდუას მოუწია მისი ბექაურისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. ტელეწამყვანის თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთებიც არსებობს.
"ერთი არაკაცია, რომელიც ყველას არა გაკეთებული საქმეებით, არამედ შალვა რამიშვილის ჩანაწერით დაამახსოვრდა :) გახსოვთ ალბათ ვინმე ბექაური :) თავს არ შეგაწყენთ ... მოკლედ გეტყვით :) ბექაურმა აი, ის ცნობილი ჩანაწერი რომ გააკეთა ... გახსოვთ ალბათ :) ძალიან მალე დათო კოდუა (ირაკლის ძმა) ერთი მაღალჩინოსნის ოთახში დაიბარეს და წილი (რომელიც 2003 წლამდე უფრო გაცილებით ჰქონდა შეძენილი) იქეთ გადააფორმებინეს. ჯერ უთხრეს ვიყიდითო და მერე სულ დაათმობინეს... ბექაურის სასარგებლოდ. ამას მოჰყვა ბექაურის კარგი ცხოვრება და წაგებული ათიათასობით ლარი კაზინოში:) ვინმე ბექაური კი პირიქით ყვება, მაგრამ საბუთები სულ სხვა რამეს ადასტურებს :) საბუთები ხაზს ვუსვამ...:) სადაც კარგად ჩანს, ვინ ვის სასარგებლოდ დათმო წილი :)
როგორ არ მინდოდა, მაგრამ... აი, ვინმე ბექაურების ტყუილები უკვე ძალიან უნამუსობაა :) ",- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ბექაური ინტერვიუში ამბობს რომ, მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბაჟო ტერმინალის სხვის სახელზე გადაფორმება მოსთხოვეს. მისი განცხადებით, ამ საქმეში კოდუები აქტიურობდნენ, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის ხელში აღმოჩნდა. ყოფილი დეპუტატის თქმით, ღაჭავამ იქ სამკერვალო ფაბრიკა გახსნა.