„შავი ორშაბათი“: ეკონომიკური და ფინანსური ვარდნა უკვე დაიწყო

„შავი ორშაბათი“: ეკონომიკური და ფინანსური ვარდნა უკვე დაიწყო

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიო ეკონომიკამ, შესაძლოა, 2,7 ტრილიონი დოლარი დაკარგოს. პრობლემებმა იჩინა თავი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და რისკის ქვეშაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც. დიდი ალბათობით ვარდნა გარდაუვალი იქნება.

„ბლუმბერგის“ ექსპერტებმა მოვლენათა განვითარების ოთხი სცენარი შეადგინეს, რომელიც ასე გამოიყურება:

საბაზისო - ყველაზე პოზიტიური სცენარის მიხედვით, ჩინეთი მალევე შეძლებს დაავადების აფეთქების კონტროლს და მიღებული ეკონომიკური ზიანის წლის მეორე ნახევარში აღმოფხვრას. ამ შემთხვევაში უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე შედარებით უმნიშვნელო იქნება.

მეორე სცენარი მოვლენათა ისეთ განვითარებაზეა გათვლილი, როცა ჩინეთი და სხვა ქვეყნები დაავადებულთა რიცხვით სწრაფად ვერ გაუმკლავდებიან გამოწვევას. საუბარია დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებზე, სადაც ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად მაღალია: იაპონია, იტალია, გერმანია. ამ შემთხვევაში გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,1%-იდან 2,3%-მდე შემცირდება.

მესამე სცენარი ითვალისწინებს ვითარებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დაავადება მასშტაბურად გავრცელდება. საუბარია აშშ-ზე, ინდოეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ბრაზილიაზე, კანადაზე, გერმანიაზე. მოვლენათა ამ გზით განვითარებისას, გლობალური ზრდის პროგნოზი 1,2%-მდე მცირდება.

მოვლენათა განვითარების მეოთხე სცენარი ყველაზე პესიმისტურია და მთელ მსოფლიოში ვირუსის პანდემიურ გავრცელებას გულისხმობს. გლობალური პანდემიის შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკა 2,7 ტრილიონ დოლარს დაკარგავს, გლობალური ეკონომიკური ზრდა კი ნულოვანი იქნება.

პირველი დარტყმა უკვე იგემა რუსეთმა, სადაც ადგილობრივი ვალუტა მკვეთრად დაეცა და გარდა ამისა, მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

„გაზპრომის“ აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 24,8 პროცენტით დაეცა და 4,12 დოლარი გახდა. „როსნეფტის“ ფასიანი ქაღალდები 23,54%-ით გაიაფდა - 4,41 დოლარამდე. „ნოვატეკის“ ქაღალდები 33,6%-ით - 92,5 დოლარამდე ჩამოვიდა. „გაზპრომ ნეფტი“ -11,62%-ით გაიაფდა. ნოვოლიბეცკის მეტალურგიული კომნინატის აქციების ფასი 13,6 პროცენტით დაეცა.

ფინანსური სექტორიდან ყველაზე მეტად „სბერბანკი“ დაზარალდა,მისი აქციები 30%-ით დავარდა. კრახი განიცადეს რითეილერებმაც - „იქს-5 რითეილ გრუპის“ ქაღალდები 22,5 პროცენტით გაიაფდა, „მაგნიტის“ აქციები კი - 19,9 პროცენტით.

„ოპეკის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, გასულ შაბათს, საუდის არაბეთმა ნავთობზე, რომელსაც შიდა ბაზარზე ყიდის, ფასი მკვეთრად შეამცირა. ამ უპრეცედენტო ფასდაკლების მიზანი ევროპული აზიური და ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების არაბეთის ნავთობზე გადასვლა იყო. „ბლუმბერგის“ წყაროები იუწყებიან, რომ ქვეყანა ასევე ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს.

შედეგად ორშაბათს „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 30%-ით,45 დოლარიდან 31,02 დოლარამდე ჩამოვიდა. ამის გამო საერთაშორისო ბაზარზე რუბლი სწრაფად გაუფასურდა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით. 9 მარტს ამერიკული ვალუტის ღირებულებამ 75 რუბლს გადააჭარბა, ხოლო ევრო 86 რუბლი ღირს.

საშიში ვირუსის გავრცელების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მან 100-ზე მეტი ქვეყანა ჩაითრია, მათ შორის საქართველო, რომელიც ვირუსის გავლენის შემცირების გზას ეძებს.

პირველ ნაბიჯს, რეგულაციების შერბილებით უკვე დგამს ეროვნული ბანკი, რამაც სავარაუდოდ, ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ამასობაში პირველმა ნეგატივმა უკვე იჩინა თავი. ეროვნულ ბანკში ადასტურებენ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინი უარყოფითია.

„2020 წელს იყო მოლოდინი, რომ 2019 წლის შენელებული პროგნოზი გაუმჯობესდებოდა. ახლა არსებობს ნეგატიური სცენარი, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის გავრცელებას მრავალ ქვეყანაში, რის შედეგადაც მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 1.5%-მდე შემცირდება. ჩვენს რეგიონზე გავლენა დაახლოებით 2.5%-იანი იქნება. აქტიურად გვაქვს შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციასთან და ერთად ვიხილავთ სხვადასხვა სცენარს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

ორშაბათიდან მოყოლებული დაეცა ლარის კურსიც. 1 დოლარი უკვე 2.83 ლარი ღირს, როცა წინა კვირის ბოლო კურსი 2,78-ს არ აღემატებოდა.

Goliaff ყველა ჩამოთვლილი სცენარი შეაჯამეთ და გაამრავლეთ მოსალოდნელიც ეს იქნება. კრიზისი დიდი ხანია დაწყებულია და კორონა ვირუსი მხოლოდ ხელს შეუწყობს. ვაი ექსპერტებს უნდათ რომ კორონა ვირუსს დაბრალდეს გლობალური ეკონომიკური კრიზისი რომელიც 2008 წლის მერე მსოფლიო ეკონომიკას უფსკრულისკენ მიაქანებს. ეხლა უკვე დროა ფსკერიც გამოჩნდეს, ახლოს ვართ. ვინც ოდანვ მაინც ერკვევა ეკონომიკაში კარგად იცის რომ დღევანდელი ეკონოემიკური სისტემის კრახი გარდაუვალია! თუმცა ისტორია გვაჩვენებს რომ გადარჩენა მცირე ნაწილისთვის შესაძლებელია, უფრო სწორედ კრახის გადაავადება. ამის ერთადერთი ნაცადი და ყველაზე კარგი ხერხი გლობალური დაპირისპირება - ომი. აი ეს იქნება სამწუხარო პროგნოზი.
4 წლის უკან