თურქეთ-რუსეთის ზავი და რეგიონში არსებული ვითარება - ინტერვიუ ივან პრეობრაჟენსკისთან

თურქეთ-რუსეთის ზავი და რეგიონში არსებული ვითარება - ინტერვიუ ივან პრეობრაჟენსკისთან

რუსეთი და თურქეთი სირიაში მორიგ სამშვიდობო ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სირიის პროვინცია იდლიბში რუსეთის ავიაციის იერიშების შეწყვეტას და თურქეთის სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ შეჩერებას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, თურქი სამხედროები რეგიონში რჩებიან. მოსკოვისა და ანკარას ზავის პირობებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ე.წ. გამყოფ ხაზად განისაზღვრა სტრატეგიული ავტომაგისტრალი ემ-4. ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია უსაფრთხო დერეფნის მოწყობა, რომლის პარამეტრებზეც რუსეთის და თურქეთის სამხედრო უწყებები შვიდი დღის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ავტომაგისტრალ ემ-4-ის გასწვრივ უნდა დაიწყოს რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრულირება.

თურქეთ-რუსეთის ზავსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ რუს პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის.

თქვენი აზრით, რამდენად გრძელვადიანი იქნება პუტინისა და ერდოღანის შეთანხმება?

– ეს შეთანხმება ისეთივე მოკლევადიანი და დროებითია, როგორიც წინა იყო. მხარეები მას ბოლომდე არ შეასრულებენ, რადგან ამის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. თურქეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართულნი არიან სირიელი მოხალისეების შენაერთები, ასადისა და კრემლის მხარეს იბრძვიან დაჯგუფებები, რომელთაც მოსკოვი და დამასკო სრულად ვერ აკონტროლებენ. გარდა ამისა, იდლიბში მოქმედებენ ადგილობრივი, დამოუკიდებელი შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ თურქეთის მოკავშირეებად. გასათვალისწინებელია ქურთების ფაქტორიც. ქურთები თურქეთისა და რუსეთის მოლაპარაკებების მსხვერპლად იქცნენ. ეს მეორედ მოხდა. ქურთების ყოფილი ავტონომიის ტერიტორიას რუსეთი და თურქეთი ინაწილებს. რუკას თუ შევხედავთ, ქურთების დიდი ნაწილი თურქეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხვდება. ეს ქურთებს არაფერს კარგს არ მოუტანს და სავარაუდოდ ისინი პარტიზანული ომის ტაქტიკაზე გადავლენ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასშტაბური სამხედრო მოქმედებები დასრულდა. თვითმფრინავებს აღარ ჩამოაგდებენ და ტანკებს არ გაანადგურებენ. თუმცა, ბრძოლა სრულად არ შეწყდება და შესაბამისად, იდლიბში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხე კვლავაც დაემუქრებათ.

რა მიზანი აქვს იდლიბში რუსეთს? ვიცით, რომ ბრძოლა მიმდინარეობს დამასკოსა და ალეპოს, ალეპოსა და ლატაკიას დამაკავშირებელ, სტრატეგიულ ავტომაგისტრალებთან ახლოს, რა მნიშვნელობა აქვთ მათ რუსეთისთვის?

– დღესავით ნათელია, რომ ამჟამად მიმდინარეობს დავა პირობებზე, რომლითაც სირიის სახელმწიფოს რეკონსტრუქცია მოხდება. რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ავტომაგისტრალების კონტროლი, რადგან ეს მნიშვნელოვანია ბაშარ ასადისთვის. მხოლოდ ამ ავტომაგისტრალების გაკონტროლების პირობებში შეიძლება ითქვას, რომ სირია წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამის შემდეგ, ის ტერიტორიები, რომლებსაც ასადი ვერ აკონტროლებს, შეიძლება ცალკე გამოყო და დაიწყო სირიის რეჟიმის ოფიციალური აღიარების პროცესი. ამ რეჟიმს სათავეში ისევ ასადი ჩაუდგება. ეს არის ის, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს. ამ მიზნისთვის რუსეთი მზად არის, სამხედრო ძალა გამოიყენოს. ასევე მოსალოდნელია თურქეთთან ვაჭრობის გაგრძელებაც. თურქეთიც და რუსეთიც სამხედრო არგუმენტებს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის გაგრძელებად იყენებენ. ისინი მიმართავენ ე.წ. დიდი გარიგების ფორმატს. მსგავსი მოლაპარაკებების დროს არ არის გამორიცხული, რომ იდლიბი გაცვალონ ლიბიაში და ა.შ. თურქეთს ისტორიულად გააჩნია პრეტენზიები თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ანკარა სირიიდან სამხედროების გაყვანისთვის არ არის მზად. თავის მხრივ, რუსეთი არ არის მზად სირიაში სამხედრო ოპერაციის დასრულებისთვის, ვიდრე ბაშარ ასადი კვლავ არ იქნება პრეზიდენტი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. რუსეთი გააგრძელებს ძალის გამოყენებას. მხარეები სამხედრო ძალებს გადააჯგუფებენ და შემდეგ სამხედრო კონფლიქტის ახალი ფაზა დაიწყება. თუმცა, ეს არ იქნება ღია კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის. მხარეები კვლავ სირიაში მყოფ დაჯგუფებებს გამოიყენებენ.

როგორ ფიქრობთ, თურქეთისა და რუსეთის ღია კონფლიქტი მოსალოდნელია?

– ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი არ არის. პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებებამდე შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თურქეთი ეძებდა სამხედრო მხარდაჭერას ევროკავშირისგან ან აშშ-ისგან. როგორც ჩანს, ვაშინგტონში არ აღმოჩნდნენ მზად ან ეს უბრალოდ არ ისურვეს. აშშ-მა სავარაუდოდ გააფრთხილა თურქეთი, რომ ანკარას მოვლენების ამ სცენარით განვითარებაზე უარი ეთქვა. სწორედ ამიტომ, ერდოღანი სამხედრო მოქმედებების შეჩერებას და მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდა. მან უბრალოდ ვერ მიიღო საჭირო მხარდაჭერა, რომლითაც რუსეთთან ომში გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა. ამასთან, როგორც ჩანს, ერდოღანი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში, თურქეთის არმიას უპირატესობა ექნება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსული საზენიტო კომპლექსები, რომლებსაც ომის შემთხვევაში, რუსეთი უბრალოდ პროგრამულად დაბლოკავს და ეს ტექნიკა უსარგებლო გახდება. ეს კი დიდი ფინანსური ზარალის მომტანი იქნებოდა თურქეთისთვის.

და ბოლოს, რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი რეგიონზე. მაგალითად, საქართველოზე. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ რუსეთთან დაძაბულობის ფონზე ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კუთხით მეტი მხარდაჭერა მიიღოს?

– ამ რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის დიდი ქვეყნების კონფლიქტი შესაძლებლობების ფანჯარაა. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ სომხეთი, რომელიც მუდმივად ნახევრად ბლოკადაშია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ახალი კორონავირუსი გავრცელდა. რეგიონის ყველა სხვა სახელმწიფოსთვის კი ეს კონფლიქტი არის შესაძლებლობა, რათა ერთი ან მეორე მხრიდან მიიღოს გარანტიები ან მხარდაჭერა. საქართველოსთვის ეს ნამდვილად არის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საკუთარი პოზიციების განმტკიცების შესაძლებლობა და მას შეუძლია, იბრძოლოს ამ პროცესში თურქეთისგან უფრო მტკიცე მხარდაჭერის მისაღებად. თურქეთი რეგიონში დამატებითი მოკავშირის გამოჩენით დაინტერესებულია. თუ საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, მაშინ ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, საქართველო იქნება თურქეთის ბუნებრივი მოკავშირე. ამიტომ, ეს თეორიულად შესაძლებელია. თუმცა, ჯერ ერდოღანისა და პუტინის ურთიერთობები იმ დონეზე არ გაფუჭებულა, რომ თურქეთის ლიდერმა ასეთ მკვეთრი ნაბიჯი გადადგას.