ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონების შუქჩრდილები

ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონების შუქჩრდილები

საქართველოში მრავალრიცხოვან პოლიტიკოსთა შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ნაკლებობაა, თუმცა, მიუხედავდ ამისა, ისინი ქართულ პოლიტიკაში ამინდს მაინც ქმნიან და ყველა მათგანს საკუთარი იმიჯი აქვს.

მომხიბვლელი, ელეგანტური, უხვადმეტყველი, სიტყვაძუნწი, აქტიური - ეს ეპითეტები ქართველ პოლიტიკოს ქალბატონებს ამშვენებს.

ერთ-ერთი ქალბატონი პირადად პრეზიდენტს ჰყავს ადმინისტრაციის უფროსად. ეკატერინე შარაშენიძე, რომელიც თავისი გარეგნობის წყალობით ამერიკული თოჯინის, ბარბის ასოციაციას ქმნის, პრეზიდენტის გვერდით ჯერ კიდევ 2006 წელს გამოჩნდა. შემდეგ ეკონომიკის მინისტრი იყო, თუმცა მშვენიერ ქალბატონს ეკონომისტობა არ გამოუვიდა.

გარეგნულად ყოველთვის მომხიბვლელი ეკა შარაშენიძე, დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევა. სპეციალისტები მას პირის აპარატსაც უწუნებენ და ამბობენ, რომ ენას უკიდებსო.

ეკატერინეს ძალიან უყვარს ჩოგბურთი და თხილამურებზე სრიალი, ასევე ხელოვნება და ბალეტი. როგორც ამბობენ, თურმე საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის უფროსი თხილამურებით სრიალში ერთმანეთს ხშირად ეჯიბრებიან.

შარაშენიძისგან განსხვავებით, ჩაცმულობასა და გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუმცა უხვსიტყვაობით ნამდვილად გამოირჩევა უშიშროების საბჭოს მდივანი, ეკა ტყეშელაშვილი.

ყოფილ მინისტრ ტყეშელაშვილს შეეძლო მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჯინსითა და მაისურით წასულიყო და ეს მას დისკომფორტს სულაც არ უქმნიდა. თუმცა, ბოლო დროს, ალბათ, ყველა შეამჩნევთ, რომ ვარცხნილობა შეიცვალა და მისი სახელდახელოდ შეკრული თმა ახლა უკვე მოდურმა ვარცხნილობამ შეცვალა.

როგორც ამბობენ, ეკა ტყეშელაშვილი ალკოჰოლური სასმელების მოყვარულია და სამსახურშიც ნასვამი ხშირად მისულა. ერთ დროს ასეთი ჭორიც კი გავრცელდა, რომ კონდოლიზა რაისთან ტყეშელაშვილი მნიშვნელოვან შეხვედრაზე მთვრალი მივიდა.

პარლამენტარ რუსუდან კერვალიშვილზე კი შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ბიზნესლედია. წარმატებული ბიზნესი მისი სავიზიტო ბარათია. ხშირად საკუთარი მეუღლით ამაყობს. მიაჩნია, რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა - გაუმართლა კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.

მსოფლიო მოდის ტენდენციები მასზე აქტიურად აისახება. ყოველთვის ცნობილი ბრენდების სამოსი და აქსესუარი ამშვენებს.

ჩაცმის თავისუფალი სტილი, სპეციფიკური მეტყველება, გულუბრყვილო იერი - ეს პარლამენტარი ქალბატონის, ხათუნა გოგორიშვილისთვის დამახასიათებელი შტრიხებია. მან კიკეთის საშუალო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლობიდან პარლამენტარობამდე რთული გზა განვლო. ამასობაში პირად ცხოვრებას ვერ მიხედა და დღეს დაუოჯახებელ ქალბატონად ითვლება. 

პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის შესახებ კი საზოგადოებაში ნაირგვარი დამოკიდებულებაა. მასზე ამბობენ, რომ წარმატებას პრეზიდენტის წყალობით მიაღწია, რადგან იგი მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი ქალბატონი ყოფილა. თავად კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ბევრი შრომის შედეგია და სხვებსაც ამას ურჩევს. მისი უახლოესი მეგობარი ცნობილი ოპოზიციონერი ეკა ბესელიაა. მეგობრები პოლიტიკაზეც ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს მათთვის კამათის საგანი თურმე არასოდეს გამხდარა.

კიდევ ერთი პარლამენტარი, ხათუნა ოჩიაური გარეგნულად საქმიანი ქალბატონის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. არა აქვს გამორჩეული ჩაცმის სტილი. აცვია ის, რაც ყველას. ამბობენ, რომ ხათუნა ოჩიაურს მძიმე ხასიათი აქვს და ამიტომ ხშირად მასთან ურთიერთობას გაურბიან.

მაგდა ანიკაშვილი პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა ოპოზიციონერი ქალბატონია. იგი საზოგადოებამ ტელევიზიით გაიცნო. მაგდა ცდილობს, ყოველთვის ფორმაში იყოს და საქმიანი ქალის იმიჯი შეიქმნას. თურმე მაგდას საკუთარი მეუღლე ხშირად საყვედურობს, რადგან პარლამენტარი ქალბატონი კარიერას უფრო დიდ დროს უთმობს, ვიდრე ოჯახს.

პრეზიდენტის ფავორიტი პოლიტიკოსი, ასევე ახალგაზრდა ნინო კალანდაძე კი ამჟამად საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე ზრუნავს. როგორც ამბობენ, მან თავისი კარიერა `შემთხვევით დაიწყო. პრეზიდენტმა იგი თვითმფრინავში გაიცნო, მოეწონა და პარლამენტში დაპატიჟა.

პარლამენტარობის დროს ნინო კალანდაძე იძულებული გახდა, საყვარელ მოკლე კაბებზე უარი ეთქვა და საქმიანი ქალის იმიჯი მოერგო.

პოლიტიკოსი ფიქრია ჩიხრაძე ყველაზე მოკრძალებული ოპოზიციონერია. საქმიანი იერი ნაკლებად აქვს, აცვია სადად და უბრალოდ. არც სამკაულებისა და სხვა აქსესუარების მოყვარულია. მის შესახებ არავინ ჭორაობს. ერთხელ მან ამაზეც კი იხუმრა, ალბათ, უინტერესო ცხოვრება მაქვს და იმიტომო.