ბოლო 6 დღის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90% გაუუქმდა. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სასტუმროების ტიპის ობიექტებს შეექმნა და მათ შორის განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა თბილისშია.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ტურისტულმა და კონკრეტულად კი სასტუმროების მიმართულებამ მიიღო.
„ბოლო 6 დღის განმავლობაში მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90% გაუქმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაკოტრების ზღვარზეა. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის ბრალი არაა, უბრალოდ, ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ, მინიმუმ, თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.
გარდა თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემაა ბანკებთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე - ქონების გადასახადის გადახდა.
სასტუმროებში რომ რთული ვითარებაა, თავად სექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ, ალავერდაშვილის თქმით, ყველაზე მძიმე ვითარება თბილისშია, არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია საკურორტო ზონებიც.
„მესტია პლაზას“ მენეჯერი ამბობს, რომ ჯავშნების ძირითადი ნაწილი გაუქმებულია. პროცესი თებერვლიდან დაიწყო და შეუქცევადად ნეგატიური ფონი გასდევს.
„მაგალითად, მომდევნო ორ კვირაში მხოლოდ 7 ჯავშანი დარჩა. სტუმრების 90%-ზე მეტმა უარი თქვა ჩამოსვლაზე, კორონავირუსის საფრთხის გამო. თოვლიც გვიან მოვიდა წელს, შემდეგ - ეს ვირუსი და, შეიძლება ითქვას, წელს, სეზონი არც ყოფილა.
ჩვენ ზამთრის სეზონზე სტუმრების დიდ ნაწილს რუსეთიდან ველოდებოდით, მიუხედავად ფრენის აკრძალვისა, მაინც შემოდიოდნენ სახმელეთო გზით, ახლა კი, ფაქტობრივად, აღარ გვყვანან სტუმრები. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ჩვენთან, მთელ სვანეთში ასეთი მდგომარეობაა“, - განუცხადა ანა ლიპარტელიანმა „რეზონანსს“.
სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ წარმომადგენელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, სხვადასხვა მიმართულებიდან ჯავშნები სასტუმროებში უქმდება და მდგომარეობა ამ მხრივ დღითი დღე უარესდება.
„სასტუმრობის კუთხით უფრო მეტი გაუქმებაა, ვიდრე ჩემი ტურისტული კომპანიის ჯავშნების. სასტუმროებში მიუქმდება, ძირითადად, ჯგუფური ჯავშნები ჩინეთიდან, საიდანაც ჯავშნები ჯერ კიდევ წინა წელს გაკეთდა, ახლა კი მთლიანად მოიხსნა. სამწუხაროდ, ამას მიყვა ევროპული ბაზრები, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. დათვლილი მაქვს და შემიძლია „გუდაური ლოფტის“ მაგალითზე გითხრათ, რომ მარტსა და აპრილში 700 ღამისთევა გაუქმდა. ამ პერიოდისთვის ამდენი ჯავშნის გაუქმება, ფაქტობრივად, არის სასტუმროსთვის მინუსზე გასვლა. საკმაოდ ძლიერი დარტყმა მივიღეთ“, - ამბობს მურაჩაშვილი.
„ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორ ერეკლე კოკაია ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთ კრიტიკულ პერიოდებში სწორი მიდგომა ხსნის იმ რისკს, რომელიც ერთი კონკრეტული ბაზრიდან შეიძლება მიადგეს ბიზნესს.
„დღეს კორონავირუსის გაზრდილი საფრთხეების გამო მოთხოვნა შემცირებულია ისეთი სტაბილური ბაზრებიდან, როგორიცაა არაბეთის ქვეყნები და ისრაელი. ამ შემთხვევაში პანიკა არის ჩვენი ყველაზე დიდი მტერი“, - ამბობს ერეკლე კოკოაია.
ასეთი რთული მდგომარეობის გამო საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას წერილით მიმართავენ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, კორონავირუსის გამო არსებული მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ეხება:
„...მხარდაჭერას ვითხოვთ სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების გარკვეული ვადით გადავადებისა და დავალიანების შემდგომ თვეებზე გადანაწილების შესახებ. ეს გადასახადებია: ქონების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი;
- ასევე, ვთხოვთ მხარდაჭერას და შუამდგომლობას ენერგოკომპანიებთან, რომლებსაც უნდა გადავუხადოთ კომუნალური გადასახადები, მათი გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და შემდგომ თვეებში გადანაწილების შესახებ;
- აგრეთვე, სახელმწიფოს მხარდაჭერას საბანკო სექტორთან. კერძოდ, სახელმწიფოს შუამდგომლობა საბანკო სექტორთან, აღებული ვალდებულებების გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით“, - აღნიშნულია მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.