„ზარალა“ და სხვები - კომპანიები, რომლებმაც პირობა ვერ შეასრულეს

„ზარალა“ და სხვები - კომპანიები, რომლებმაც პირობა ვერ შეასრულეს

სასტუმროები, რომლებიც 2006 წელს აჭარის მთავრობამ გაყიდა, ხოლო მყიდველი პრეზიდენტმა ყაზახურ ინვესტორად მონათლა, შეიძლება სახელმწიფომ უკან დაიბრუნოს. ხელშეკრულების მიხედვით, 21 სასტუმრო აჭარის ზღვისპირა ზოლში კომპანიას 17,5 მილიონ ლარად, ახალი სასტუმროების აშენების მიზნით გადასცეს. კომპანიამ ერთადერთი სასტუმრო - „რედისონი“ ააშენა. ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ქონება შეიძლება კიდევ რამდენიმე კომპანიამ დააბრუნოს. netgazeti.ge


„სილქ როუდ ჯგუფი“, იგივე Adjara Hirizonts Holding B.V.

სპეციალური კომისია, რომელიც აჭარის ახალმა მთავრობამ შექმნა, ლევან ვარშალომიძის მიერ აჭარის ზღვისპირა ზოლში 21 სასტუმროს გასხვისების ხელშეკრულებების გადამოწმებასაც იწყებს. 

აჭარის ფინანსთა სამინისტროს ბოლო ცნობით, ამ დროისთვის 20-ვე სასტუმრო მფლობელს სხვადასხვა უცხოურ ბანკში იპოთეკით აქვს დატვირთული. აჭარის ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გელა ცინცაძე ამბობს, რომ მფლობელს - Adjara Hirizonts Holding B.V., ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული: „მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლის საკითხი, ალბათ, დადგება დღის წესრიგში და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, მანდ არის ერთი პრობლემა - ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება“.

გელა ცინცაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს იპოთეკის შესახებ სამინისტრო ადრეც ესაუბრა: „სამინისტროსთვის უცნობია, რა ოდენობის თანხით არის დატვირთული ქონება. გვითხრეს, რომ იპოთეკას მოხსნიდნენ, მაგრამ იპოთეკა მოხსნილი არ არის“.

საზოგადოებისთვის უცნობია სარგებლის შესახებ, რაც სახელმწიფომ 2006 წელს ამ სასტუმროების გაყიდვით მიიღო. ასევე უცნობია, რა იხეირა „სილქ როუდ ჯგუფმა“ გასაიდუმლოებული გარიგებიდან (კომპანიასთან ქართველი ჩინოვნიკების კავშირების შესახებ რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა. ავტ). ამ ეტაპზე მხოლოდ იმის ვარაუდი შეიძლება, რომ თუ სახელმწიფო უკან დაიბრუნებს სასტუმროებს, მას კომპანიის საბანკო ვალების გადახდა მოუწევს.

იმის შესახებ, რომ Adjara Hirizonts Holding B.V.-ი, ანუ სასტუმროების მფლობელი, ხელშეკრულების პირობებს არღვევს, „ბათუმელები“ ადრეც წერდა. 2011 წელს ამ კომპანიაში ერთ-ერთი დირექტორი, გიორგი ნიკოლაიშვილი ამბობდა, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებისთვის მათ დრო ხელისუფლებამ 2019 წლამდე გადაუვადა.

გელა ცინცაძე არ ადასტურებს კომპანიის დირექტორის ცნობას - ხელშეკრულების პირობების შესრულების გადავადების შესახებ.

„ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, კერძო მფლობელს ახალი ობიექტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ხელშეკრულება შეიცვალა და გადაწყდა, რომ 2008 წლისთვის მხოლოდ სასტუმროები - „მედეა“ და „მესხეთი“ დასრულდებოდა. 2010 წელს კი დაიწყებოდა სასტუმრო „ჰორიზონტის„ მშენებლობა.

ამ დროისთვის არც ერთი მშენებლობა არ დაწყებულა (დასრულდა „რედისონი“).

Adjara Hirizonts Holding B.V., აჭარაში 21 სასტუმროს ყიდვამდე ხუთი დღით ადრე, ჰოლანდიაში დარეგისტრირდა. Adjara Hirizonts Holding B.V.-ი „სილქ როუდ გრუპის“ აფილირებული პირია (ეს იმას ნიშნავს, რომ ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას სილქ როუდ გრუპი აკონტროლებს). ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ამტკიცებდა, რომ „აჭარა კურორტების“ ქონების 100-ვე პროცენტი და სასტუმრო „მესხეთის“ 52,83 წილი, ყაზახურ „სილქ როუდ გრუპს“ გადაეცა.

ხელისუფლებამ გაყიდულ სასტუმროებში მცხოვრები დევნილები 2006 წელს სპეცრაზმის ძალით გამოასახლა. მაშინ კომპანიამ თითოეულ ოჯახს 7 ათასი დოლარი გადაუხადა.

ნუროლი

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები რამდენიმე სხვა კომპანიამაც დაარღვია. საქმე ეხება 2005 წლიდან დღემდე ლევან ვარშალომიძის მიერ სხვადასხვა პირობით გაცემულ სახელმწიფო ქონებას.

ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, რომელმაც დოკუმენტების მიხედვით ხელშეკრულების პირობები დაარღვია, სასტუმრო „შერატონის“ მფლობელია. Nurol insaat ve Tikaret Anonim sikret-ს სოფელ სალიბაურში ყოფილი სამთავრობო აგარაკი და მასზე დამაგრებული 151 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, აჭარის ფინანსთა სამინისტრომ 850 ათას დოლარად მისცა. ხელშეკრულებაში წერია: „მყიდველმა უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი და გასართობ-რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობა. დაასაქმოს 70 ადამიანი“. 

ტერიტორიაზე არც გასართობ-რეკრეაციული ზონა არსებობს და არც 70 ადამიანს უმუშავია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

„მაგ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული არ არის. შემდგომში რა მოხდება, ან როგორ შეასრულა ვალდებულება კომპანიამ, ვერ გიპასუხებთ. ჩემთან მოდის ის საქმეები, რომელზეც წარმოება იწყება. ხელშეკრულების პირობის შესრულებას აკონტროლებს მონიტორინგის დეპარტამენტ“, -ამბობს გელა ცინცაძე.

ფინანსთა სამინისტროს სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან მჟავანაძე კი შემდეგ განმარტებას აკეთებს: „ვიცი ნამდვილად, რომ მაგ კომპანიისთვის სამინისტროს ვალდებულება ჩათვლილი აქვს. იმ დროს მე მონიტორინგის სამსახურში არ ვმუშაობდი. ამიტომ ვერაფერს გეტყვით“.

შპს „კორაქსესი“

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება დაიწყოს შპს „კორაქსესთან“ მიმართებაშიც. ამ კომპანიას რურუას ქუჩის #4ა-ში არსებული შპს „ჰიგიენა 2007“ 124 ლარად გადაეცა. მყიდველს 2010 წელს უნდა აემოქმედებინა საერთაშორისო სტანდარტების გულსისძარღვთა კლინიკა.

დასახელებულ მისამართზე არავითარი კლინიკა არ არსებობს.

ლევან მჟავანაძე ამბობს, რომ „კორაქსეს“ თავის დროზე ვალდებულება შეუცვალეს და ეს ვალდებულება შესრულებული აქვს: „მაგ კომპანიას გულის კლინიკის ნაცვლად ძველ ბათუმში, ორჯონიკიძისა და კოსტავას ქუჩების კვეთაში, ძველი შენობის რეაბილიტაცია დაევალა“.

„ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტრომ 2009 წელს ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა #21-ის მიმდებარედ, 1001 კვ.მ მიწის ნაკვეთი 22 500 ლარად გადასცა რეზო მემარნეს. ამ ადგილზე მეფუტკრეობის გამოსაკვლევი და სასწავლო ცენტრი უნდა აეშენებინათ. რეზო მემარნეს 250 000-ლარიანი ინვესტიციის განსახორციელებლად სამინისტრომ სამი წელი მისცა. ამ ვადის ამოწურვამდე მხოლოდ 20 დღე დარჩა.

ტერიტორიაზე სამუშაოები ახალდაწყებულს ჰგავს.

უკვე ჩამორთმეული ქონება

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ პირობების დარღვევის გამო ყოფილი ხელისუფალის მიერ გაფორმებული ორი ხელშეკრულება უკვე მოშალეს. ხელშეკრულების დამრღვევი კომპანიები კი 2 მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის ერთ-ერთი კვიპროსული კომპანიაა, რომელსაც მიწის ნაკვეთი ლევან ვარშალომიძემ ახალ ბულვარში გადასცა. კვიპროსულ კომპანიას ბულვარში სასტუმრო უნდა აეშენებინა.

ფინანსთა სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს „საქართველოს“ წინააღმდეგაც, რომლის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. სამინისტროში ამბობენ, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საპასუხო წერილი უკვე მიიღეს ჭყონიასგან. მან ამ წერილით სამინისტროს შეატყობინა, რომ უახლოეს მომავალში ხელშეკრულების შესრულების შესახებ დეტალებს დამატებით აცნობებს.

netgazeti.ge