"1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამხედროებმა შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებზე დაიწყეს ლაპარაკი. ზოგი საჯაროდ, ზოგი კი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ანონიმურად ჰყვებიან, რადგან უმეტესობა შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას აპირებს. ჟურნალ "არსენალს", ძირითადად, სამხედროები კითხულობენ და შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით ცხოვრება და სამხედრო სამსახური ძნელია. ჩვენ ვასრულებთ მათთვის მიცემულ პირობას და მთხრობელთა ვინაობას არ გავახმაურებთ. ჩვენი მკითხველისთვის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია არაერთგზის მიგვიწოდებია, მაგრამ ის, რასაც ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან, ცალსახად მიანიშნებს, რომ მათი ქმედებები არმიის დემორალიზაციას ემსახურებოდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (23 ნოემბერი - 6 დეკემბერი, 2012) სტატიაში სათაურით 500-მდე სამხედრო თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს უჩივის... / "ჯარისკაცები ისედაც დამონებული ჰყავდათ, ბოლო დროს ოფიცრებსაც დაგვერივნენ".
"13 წელიწადია, სამხედროების სამსახურებრივი უფლებების დაცვის საკითხებზე ვმუშაობთ, ამ ხნის განმავლობაში არაერთი კანონდარღვევა მოხდა. ხელისუფლების შეცვლამდე ხშირად მოგვმართავდნენ სამხედროები და სხვადასხვა რანგის სამხედროების თვითნებობას უჩიოდნენ. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენს ორგანიზაციას ასობით სამხედრო მოაწყდა. უმეტესობა ამბობდა, რომ უკანონოდ დაითხოვეს და პატაკი ნების საწინააღმდეგოდ დააწერინეს. როცა ვეკითხებოდით, რატომ დაწერეთო, ბევრს ამის განმარტებაც არ უნდოდა, შემდეგ გავარკვიეთ, რომ ძალდატანებით აწერინებდნენ. ეუბნებოდნენ, ვიცით, სადაც მუშაობს შენი მეუღლე, რომელ ბაღში დადის შენი შვილი და თუ არ დაწერ, უარესი დაგემართებაო. ზოგჯერ სცემდნენ კიდეც, რომ პატაკი დაეწერათ. სამხედროების თქმით, ცემას სადამსჯელო ღონისძიებას ეძახდნენ და ხშირად მათ რამდენიმე ათეული სამხედროს წინაშე ურტყამდნენ, რათა სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყო. თუ გაბედავდნენ და ბრძანებას არ შეასრულებდნენ, ანუ პატაკს არ დაწერდნენ, ასევე გაუსწორდებოდნენ. დარღვევები თითქმის ყველა სამხედრო ნაწილში იყო, მაგრამ განსაკუთრებით ხშირი IV ბრიგადაში. ალბათ, ამიტომაც იყო შამათავა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა შეიცვალა, გვარების დასახელებას მაინც ერიდებიან და სწორადაც იქცევიან. პირად საუბრებში გავაფრთხილე კიდეც, ჯერჯერობით ვინაობის გამჟღავნებას მოერიდონ. ცემის მიზეზი სხვადასხვა იყო, უმეტესად პატაკის დაწერის გამო სცემდნენ. სავარაუდოდ, მათ ფინანსების დაზოგვის მიზნით ითხოვდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორი ნინო თურმანიძე.
"არსებობს სამხედრო წესდება, რა პუნქტების დარღვევა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის დათხოვნას. ეტყობა, იმ ჩამონათვალიდან ვერაფერი მიუსადაგეს და ამიტომ აიძულებდნენ ძალით დაწერას. ასეთ დროს სამხედროები საქმეს ვერ გაასაჩივრებდნენ და ბიუჯეტიდან კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ. კიდევ ერთი მიზეზით, სამხედრო პენსიისთვის 20-წლიანი სამხედრო ნამსახურობაა საჭირო და იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე სამხედრო 20 წლის შესრულებამდე რამდენიმე დღით ადრე დაითხოვეს. სამხედროების დათხოვნის მიზეზი პირადი დამოკიდებულებაც იყო. საკმარისი იყო, სამხედროს პრეტენზია გამოეთქვა, რომ მაშინვე "ცემას ექვემდებარებოდა", - განმარტავს ნინო თურმანიძე.
"გიორგი კალანდაძეს პირადი ინტერესი ჰქონდა, რაც ბიძაჩემთან იყო დაკავშირებული. ის სამხედრო პოლიციაში მუშაობდა, როცა მასა და კალანდაძეს შორის უსიამოვნება მოხდა. მაშინ უთქვამს, შენს შვილსა და დისშვილს არ გავახარებო. ჩემი ბიძაშვილიც სამხედრო იყო და კალანდაძემ ის სამხედრო აკადემიიდან კურსანტობის პერიოდში გარიცხა. 2007 წელს ერაყში ვაპირებდი წასვლას. გამგზავრებამდე რამდენიმე დღე მქონდა დარჩენილი, რომ გიორგი კალანდაძემ ბრალი დამდო, ვითომ კრაზები პლაცზე გადავატარე, როდესაც პირადი შემადგენლობა საბანაოდ IV ბრიგადაში ამყავდა. სინამდვილეში მანქანებმა პლაცის გვერდით გაიარეს. ბრიგადის ჭიშკრიდან გამოსვლისას, გამაჩერეს და კალანდაძესთან ამიყვანეს, მან კი თვალები დამიქაჩა, ვინ ხარ, ბიჭო, შენ ასეთიო. მაშინ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. კალანდაძის კაბინეტიდან გამოსულს, გარეთ სამხედრო პოლიცია დამხვდა და ახსნა-განმარტება ჩამომართვეს. მთელი თვე ვიარე სახმელეთო ძალებში, რათა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. მაშინ შეიარაღებული ძალებიდან გაგდებას შტაბის უფროსის, მამუკა ბალახაძის რეკომენდაციით გადავურჩი. შემდეგ გავიგე, რომ გიორგი კალანდაძე მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან მისულა და ჩემზე უთქვამს, ის ოფიცერი გასაგდებიაო. ამის შემდეგ კეზერაშვილს სხვა ოფიცერმა აუხსნა, რომ გასაგდები არ ვიყავი", - ამბობს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში დაზარალებული თორნიკე - პირველი ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონიდან და განაგრძობს:
"2011 წელს ხმა გამივრცელეს, თითქოს I ბრიგადაში მთვრალი მივედი და ოფიცრებს ვცემე. სინამდვილეში, ჩემს ახალდაქორწინებულ ჯარისკაცს მივყევი, შვებულებაში იყო და ნაწილში მიყოლა მთხოვა, რათა ფორმა და პირადობის დამადასტურებელი საბუთი წამოეღო. მთელი პირადი შემადგენლობა, ვინც მაშინ იქ მსახურობდა, დაადასტურებს, რომ ასე იყო, მაგრამ "ზემოდან" მითითებით ცილი დამწამეს, თითქოს მთვრალი მივედი ნაწილში და ოფიცრებს შეურაცხყოფა მივაყენე. 2011 წლის 29 ივნისს შტაბის უფროსმა გოფოძემ ნაწილში დამიბარა. კოჯორში ასულს იქ არ დამხვდა და ზუსტად ეს სიტყვები დამიბარა, სარდლის კაბინეტში ამოეთრიოსო. სარდლის კაბინეტში კალანდაძემ, სუბელიანმა და გოფოძემ ისე მცემეს, ექვს-შვიდ დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ტვინის შერყევით ვიწექი, ოღონდ გაუფორმებლად, ექიმები მეუბნებოდნენ, არავინ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი პაციენტი ხართო... ვისთან უნდა გამეპროტესტებინა, სამხედრო პოლიცია მათი იყო. პირველი კი არ ვიყავი, ვისაც ასე მოექცნენ. ასეთი რამ ხშირი იყო. ჯარისკაცები ისედაც დამონებული ჰყავდათ, მაგრამ ბოლო დროს ოფიცრებსაც აღარ ინდობდნენ".
"ადამიანური რესურსი, რომელიც დამხვდა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილში, გაერთიანებულ შტაბებსა და სამხედრო ძალებში, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს უწყება მართლაც შეიძლება ერთ სამაგალითო სამსახურად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, გადავწყვიტე, ყველა ადამიანს მივცე საშუალება, საკუთარი პოტენციალის ბოლომდე რეალიზება შეძლოს. უკვე გავეცანი თანამშრომლების სამუშაო პირობებს, ამოცანებსა და ფუნქციებს. რამდენიმე მოხსენება უკვე ჩამიტარეს გაერთიანებულმა შტაბებმა საბრძოლო მზადყოფნაზე, იმ გეგმებზე, რომელიც აქვთ... პირველი და მთავარი ამოცანა, რაც განსახორციელებელი მაქვს, ეს არის ფინანსური დისციპლინის დამყარება, სამოქალაქო კონტროლის აღდგენა, რომელიც სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე არ არსებობდა და ახლა თითქმის აღდგენილია", - აცხადებს თავდაცვის ახალ მინისტრი ირაკლი ალასანია "არსენალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თავდაცვის ახალი მინისტრის გეგმები.
"ჩემი ამოცანაა, ჰარმონიულად ითანამშრომლონ სამხედრო შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა და თავდაცვის სამინისტრომ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. რაც შეეხება წინამორბედ მინისტრებთან შეკითხვებს, ეს ის კითხვებია, რომელიც იმ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით ჩნდება, რომელიც მომავალში აღარ უნდა დავუშვათ. თუ თქვენ კანონდარღვევებს გულისხმობთ, ეს ჩემი საქმე არ არის და მათ სპეციალური სტრუქტურები, მაგალითად, პროკურატურა შეისწავლის. იყო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის არაერთი ფაქტი. ხშირად სამხედრო მოსამსახურეებისა და თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება შეურაცხმყოფელი იყო. ერთ ცნობილ საქმეს გაგახსენებთ, რომელიც ბატონ სერგო თეთრაძეს ეხება და რომელიც თავის დროზე ჩვენ წამოვწიეთ, - ეს ადამიანი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და შემდგომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ცემით მოკლეს. მაგრამ ასეთი საკითხების გარკვევა არ არის თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა. მართლმსაჯულება მიხედავს. ვიცი, რომ ბევრი ღირსეული სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს, მაგრამ ყველა საქმე ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. სასამართლოს ფუნქციებში ვერ ჩავერევით, მაგრამ სამხედრო მოხელეების რეაბილიტაციისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც დათხოვნილი და დაპატიმრებული სამხედროების საქმეებს შეისწავლის. ამის შემდეგ უკვე მე მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მივიყვანოთ ესა თუ ის საქმე ბოლომდე", - განმარტავს ირაკლის ალასანია და შეკითხვას - "აპირებთ თუ არა შექმნათ თავდაცვის სამინისტროში სპეციალური უწყებრივი ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს 2008 წელს აგვისტოს ომში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პასუხისმგებელი პირების ქმედებებს?" - პასუხობს:
"მე ამ საკითხს უფრო ფართოდ მივუდექი. მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე არ გავაკეთეთ ობიექტური ანალიზი: რა იყო ჩვენი წარმატებისა თუ მარცხის მიზეზი, მე ვგულისხმობ 90-იან წლებსაც. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამჯერ იომა რუსეთთან. ფართომასშტაბიან ომებს ვგულისხმობ, თორემ, ცხადია, იყო 2004 წლის ცხინვალის და უფრო ადრე, 1998 წლის გალის მოვლენებიც. ამიტომ გვჭირდება სამხედრო-პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე გაკეთებული ანალიზი. ასევე ტაქტიკურ დონეზე შესწავლა, რა შეცდომები დაუშვეს ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა. გასააზრებელია კონკრეტული სამხედრო წარმატებები, მაგალითად, ტამიში. მადლობა ღმერთს, ის ადამიანები, ვინც ამ ბრძოლებს გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ ცოცხალი არიან. ეს არის ჩვენი გამოცდილების ოქროს ფონდი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რათა თავდაცვის დოქტრინა შევიმუშაოთ. სამხედრო დაგეგმარებაში წარსულის შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ".
"როცა მცირერიცხოვან არმიაზე ვსაუბრობ, არ ნიშნავს, რომ იგეგმება ჩვენი შეიარაღებული ძალების შემცირება. ჩვენ არ გვეყოლება თურქეთის ან რუსეთისხელა არმია. ჩვენი ხედვა არის, რომ სამხედროებთან შეთანხმებით ჩვენი სოციალური, ოპერატიული ძალების კომპონენტი გავაძლიეროთ, აქცენტი გადავიტანოთ საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო უზრუნველყოფის მიმართულებებზე. ჩვენი თავდაცვის სისტემა ჩვენს რეგიონულ საფრთხეებზე უნდა იყოს მორგებული. მთავარ საფრთხედ რჩება ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის უკანონო სამხედრო შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის განახლების შესაძლებლობა. ამიტომ აქცენტი უნდა გადავიტანოთ მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. საბრძოლო მზადყოფნა უნდა იყოს მაღალი. თუკი ჩვენი მოწინააღმდეგე თავს დაგვესხმება, ისეთი ზიანი უნდა მივაყენოთ, რომელიც მას თავდასხმას გადააფიქრებინებს. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გარდა, ჩვენი რეგიონი ძალიან დატვირთულია სხვადასხვა კონფლიქტით, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები ჩვენთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ ანტიტერორისტული ოპერაციების სწრაფად ჩასატარებლად მზად უნდა ვიყოთ", - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.