კორონავირუსის გავრცელების გამო უეფამ შესაძლოა ევროტურნირები შეაჩეროს

კორონავირუსის გავრცელების გამო უეფამ შესაძლოა ევროტურნირები შეაჩეროს

უეფას ეგიდით მიმდინარე ტურნირები შესაძლოა შეჩერდეს, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია გაუარესდება. იტალიური გამოცემა Rai Sport-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ განაცხადა.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვაკვირდებით სიტუაციას. ფეხბურთი ქვეყნის კანონმდებლობას უნდა ეწყობოდეს. ვცდილობთ არ შევაჩეროთ ტურნირები, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდება, მოგვიწევს ტურნირების შეჩერება“, - აცხადებს მიშელ უვა.

იტალიის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1-ელ მარტს დაგეგმილი „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 27 626 ადამიანი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.