"მოულოდნელი იყო სამართალდამცველების მერაბიშვილით დაინტერესება - ველოდი, რომ ჯერ გამოიძიებდნენ იმ გახმაურებულ საქმეებს და შემდეგ დადგებოდა ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სამართლებრივი სელექცია არ იყოს - არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი პრეზიდენტი იქნება. თუ სხვა ქვეყნებში შეიძლება, კითხვები გაუჩნდეთ პრეზიდენტებთან, საქართველოში რატომ არ შეიძლება ეს? უკრაინაში კუჩმა დაჰკითხეს, მაგრამ არ დაქცეულა ქვეყანა", - აცხადებს ექსპერტი გოგი ხუციშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არ გამოვრიცხავ პროკურატურაში პრეზიდენტიც დაიბარონ" / "ნაციონალები" ცდილობენ "ქართულმა ოცნებამ" მათ ზავი შესთავაზოს".
"საქართველოში არჩევნებში დამარცხებული ძალის მიერ გამარჯვებულისთვის ხელისუფლების ასე თუ ისე რბილად გადაცემა დასავლეთში ძალიან დადებითად აღიქვეს და სურთ, შემდგომი მოვლენებიც ასევე ხავერდოვნად განვითარდეს. თუმცა, ასე არ გამოდის. მაგალითად, არ შეიძლებოდა, ახალ ხელისუფლებას ბაჩო ახალაია არ დაეკავებინა და დასავლეთში არ ესმით, რატომ იყო ეს აუცილებელი. "ვარდების რევოლუციის~ შემდეგ, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ შევარდნაძის მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, მაშინ ნამდვილად არ იყო ასეთი განცხადებები და დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს სრული კარტ-ბლანში მისცა. იმიტომ, რომ ცხრა წლის წინანდელი მოვლენები დასავლეთმა დიდ სახალხო რევოლუციად აღიქვა. არანაკლები მოვლენა მოხდა საქართველოში 1-ელ ოქტომბერს, როდესაც ხალხმა ხელისუფლებას უნდობლობა, ოპოზიციას კი ნდობა გამოუცხადა. კარგი იქნება, თუ დასავლეთში ამ მოვლენას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.
"საქმე ის არის, რომ დასავლეთში სააკაშვილის ხელისუფლებას მაინც აფასებდნენ, როგორც ასე თუ ისე დემოკრატიის გზით მიმავალ ძალას, რომელსაც ჰქონდა შეცდომები, გადახვევები, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. როდესაც ციხის საშინელი კადრები გამოქვეყნდა, მაშინ ამერიკაში ვიყავი და საკმაოდ მაღალ დონეზე ვმართავდი შეხვედრებს როგორც სახელმწიფო მოხელეებთან, ისე სხვადასხვა პოლიტიკური წრის წარმომადგენლებთან. სულ მეკითხებოდნენ, ეს ციხის ამბები ეპიზოდური თუ სისტემური მოვლენააო. ვუხსნიდი, რომ ეს სისტემური მოვლენაა, მაგრამ მთლად არ სჯეროდათ. თუმცა, 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნა გააკეთა და შემდეგ ამას უკვე სერიოზულად შეხედეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა "განსაცდელშია" და ის ხალხის გვერდით დარჩება. "ნაციონალები~ ნამდვილად ემზადებიან შეტევისთვის. მათ რევანშისთვის მზადება 1-ლი ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყეს. რევანში მდგომარეობს იმაში, რომ შავი პიარი აუგორონ ახალ ხელისუფლებას, გამოიყენონ მათი შეცდომები თუ სასამართლო პროცესები და აჩვენონ, - ეს, ერთი მხრივ, არადემოკრატიული და უუნარო ხელისუფლებაა, მეორე მხრივ კი მატყუარა და ხალხს დანაპირებს არ უსრულებსო. "ნაციონალებს" სურთ, ამაში დაარწმუნონ გარე სამყარო და მისი მეშვეობით მოახდინონ ხელისუფლებაზე ზეწოლა. "ნაციონალური მოძრაობა~ ამ გზით ცდილობს, `ქართულმა ოცნებამ~ უკან დაიხიოს და მათ ზავი შესთავაზოს, _ თავს დაგანებებთ, მაგრამ თქვენც შეგვეშვითო. ამ მიზნის მისაღწევად `ნაციონალები~ ყველაფერს გააკეთებენ, თვით საბოტაჟის ჩათვლით და შეეცდებიან დასავლეთს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში მწვავე დაპირისპირებაა", - განმარტავს გოგი ხუციშვილი.
"ნამდვილად არ ვიცი ამერიკაში ივანიშვილის ვიზიტის გადადების მიზეზი. ჩემი აზრით, ამერიკაში წასვლა აუცილებელი იყო ახალ წლამდე, რადგან ვაშინგტონშიც აქვთ კითხვები, ივანიშვილის იქ ჩასვლით კი ბევრ მათგანს გაეცემოდა პასუხი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდებოდა. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ მისი ქვეყანაში ოთხი დღით არყოფნა საქართველოს ძვირი დაუჯდა, ადასტურებს, რომ უწყებებში ბევრი რამ ჯერ დალაგებული არ არის, ჯერ ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია და მთავრობაში არის შიდა პრობლემები, რაც პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩარევას მოითხოვს. ეს მეტყველებს სისტემის ჩამოუყალიბებლობაზე", - მიიჩნევს ექსპერტი.
"როდესაც ახალ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სახალხო დამცველთან დაკავშირებული მოვლენები საზოგადოებაში არაერთ კითხვას ბადებს. სახალხო დამცველი უნდა იყოს საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი. როდესაც სამოქალაქო სექტორმა წარადგინა ომბუდსმენობის რამდენიმე მართლაც ძლიერი კანდიდატი, პარლამენტის პასუხი ის კი არ იყო, რომ ყველა კანდიდატი ერთად განეხილა, არამედ ის, რომ ამ ყველაფრის საპირწონედ დაასახელეს ნინა ხატისკაცი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. სხვათა შორის, ივანიშვილმა განაცხადა, რომ "უმრავლესობამ ფორმა დაარღვია", როდესაც სახალხო დამცველობის კანდიდატად ხატისკაცი დაასახელა. დიახ, ივანიშვილმა უმრავლესობა გააკრიტიკა. თუმცა, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ პრემიერ-მინისტრს ცოტა ადრე მოეხდინა ამაზე რეაგირება, რადგან ასეთი ფაქტები ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ არ იმუშავებს", - დასძენს გოგი ხუციშვილი.