კვირის ბოლოს, გიორგობის დღესასწაულზე, ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს თავდაცვის ახალი მინისტრი ესტუმრა. ირაკლი ალასანიამ ქართველ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა და შეაქო თავდადებული სამსახურისათვის. ნიშანდობლივია, რომ სამხედრო უწყების პირველი პირის სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე ჰელმანდის პროვინციაში მყოფი 32-ე ბატალიონის მებრძოლებმა ერთ-ერთი სახიფათო ოპერაცია ჩაატარეს თალიბთა რაზმის წინააღმდეგ.
ჰელმანდის პროვინციაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა 20 ნოემბერს თალიბთა რაზმის ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს. ეს მოკლე შეტყობინება ტელეკომპანია „მე-9“ არხის სამხედრო ჟურნალისტმა გიორგი ცხვიტავამ ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისაგან სოციალური ქსელის საშუალებით მიიღო, დეტალები კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან დააზუსტა.
„ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ქართველმა მებრძოლებმა, 32-ე ბატალიონის მებრძოლებმა წარმატებით მოიგერიეს შეტევა, გაანადგურეს მოწინააღმდეგე, ნაწილი ტყვედ აიყვანეს, ხოლო რაც შეეხება ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ყველა ჯანმრთელად, მშვიდობით აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ ტელეკომპანია “მე-9“ არხთან საუბარში.
ამ ოპერაციიდან მესამე დღეს ავღანეთში ჩაფრინდა და ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები პირადად მოინახულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მანამდე კი ახალმა თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებიც ინახულა. გერმანიაში განლაგებულ ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს ამჟამად, როგორც გაირკვა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადის. თუ რა ვითარებაში დაიჭრნენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, უცნობია. ასეთი საინფორმაციო ვაკუუმი არა მხოლოდ ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერი, არამედ ყველა მსგავსი მრავალეროვნული ოპერაციის დაუწერელი კანონიაო, - ამბობს სამხედრო კორესპონდენტი გიორგი ცხვიტავა.
„სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ასრულებენ მისიას, ზოგადად მედიას და საზოგადოებას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია ჩვენი ჯარისკაცების ყოფის, ყოველდღიურობის, მათი წარმატებისა და წარუმატებლობის შესახებ. ერთადერთი, რა ინფორმაციასაც ვიღებდით, ეს იყო თითოეული ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ცნობა, რასაც რადიო თავისუფლებაც გამოეხმაურა და მიუძღვნა „ხსოვნის გვერდი“. დანარჩენი რეალური ინფორმაცია და ამ კუთხით საზოგადოებასთან მუშაობა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არ მიმდინარეობდა“.
ქართული სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში უკვე სამ წელს ითვლის. თავდაპირველად 150 კაციანი ქართული ქვედანაყოფის გაგზავნა მოვლენად იქცა და ფართოდ გაშუქდა ეროვნულ მედიაში. მაგრამ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობის ზრდის კვალობაზე, საქართველოს სამხედრო უწყებამ ჯერ მკაცრად შეზღუდა, შემდეგ კი საერთოდ საინფორმაციო ვაკუუმში მოაქცია ქართული მისია ავღანეთში. სამი წლის განმავლობაში ქართულმა კონტინგენტმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში 18 ჯარისკაცი დაკარგა. რადიო თავისუფლების მიერ საიტზე გახსნილ „ხსოვნის გვერდზე“ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაღუპვის მიზეზად უმრავლეს შემთხვევაში „ნაღმზე აფეთქებაა მითითებული“.
სრული ვაკუუმისა და ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში 10-ჯერ გაზარდა ქართული ქვედანაყოფის რაოდენობა ავღანეთში. ამ დროისათვის საქართველოს ავღანეთში ISAF-ში უკვე 1550-მდე ჯარისკაცი ჰყავს და, ამ რაოდენობის ჯარით, საქართველო უკვე პირველ ადგილზეა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ქართული კონტინგენტი ოქტომბრის არჩევნებამდე გაორმაგდა. გაზრდილ ქართულ ქვედანაყოფს 6 სექტემბერს საქართველოში ჩამოსულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაულოცა გზა.
„ამ შემოდგომაზე საქართველო გახდება ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალის მქონე ქვეყანა ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში. ეს საქართველოს ზომის ქვეყნისათვის ძალიან დიდი მიღწევაა. ეს მეტყველებს თქვენს მზადყოფნაზე დაამყაროთ მშვიდობა თქვენს საზღვრებში და საზღვრებს გარეთ. თქვენ სხვა 49 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მოგიწევთ მხარდამხარ ბრძოლა იმისათვის, რომ ავღანეთი იყოს მშვიდობიანი ქვეყანა, მეამბოხეებმა და ტერორისტებმა ვეღარ პოვონ იქ თავშესაფარი. თქვენ გადამწყვეტ როლს შეასრულებთ ჰელმანდის პროვინციაში“, - განაცხადა 6 სექტემბერს ანდერს ფოგ რასმუსენმა ვაზიანის შერეულ საავიაციო ბაზაზე.
ავღანეთიდან მიღებული ცნობებით, „მეამბოხეები“ და „ტერორისტები“ კვლავ ცდილობენ კიდევ უფრო გააფართოონ კონტროლი ჰელმანდის პროვინციაში, სადაც თალიბანის გავლენა საკმაოდ ძლიერია. 20 ნოემბრის საბრძოლო ეპიზოდი, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა შეძლეს მოეგერიებინათ თალიბანის ჯგუფის ჩასაფრება, შესაძლოა ადასტურებდეს ანდერს ფოგ რასმუსენის იმ სიტყვებს, რასაც ორი თვის წინ, გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოში ყურადღება ბევრმა არ მიაქცია. 1500 კაცამდე გაზრდილმა ქართულმა ქვედანაყოფმა, ჩანს, უკვე დაიწყო „გადამწყვეტი როლის შესრულება მღელვარე ჰელმანდის პროვინციაში“ და, რამდენად ძნელიც უნდა იყოს ამის თქმა, შესაბამისად, ავღანეთიდან ჩვენ კიდევ არაერთ „ცხელ ამბავს“ უნდა ველოდეთ.