ვის აწყობს და ვის დაბრალდება მოლაპარაკების ჩაშლა

ვის აწყობს და ვის დაბრალდება მოლაპარაკების ჩაშლა

„ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ან სხვა ხერხის მოფიქრება. თუ დასავლელი პარტნიორები კატეგორიულები იქნებიან, შესაძლოა, ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დატოვებს საარჩევნო სისტემას ისე, როგორც არის, რადგან საარჩევნო კამპანიის დაწყებისას დათმობაზე წასვლა ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება არა კომპრომისად, არამედ მარცხად", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრაქტიკულად ჩაშლილ მოლაპარაკებას საარჩევნო რეფორმაზე.

დასავლელი შუამავლების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარეკების ფარგლებში დღემდე ოთხი შეხვედრა გაიმართა. თუმცა, „ევროპული საქართელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად მოლაპარაკებების პროცესი შეწყვიტა.

მას შემდეგ როგორც ოპოზიცია და მმართველი პარტია მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამის პარალელურად ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთანხმების მისაღწევად ვადა თებერვლის ბოლომდეა, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად დრო აღარ დარჩება. 18 თებერვალს კი „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს.

პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დიდწილად საქართელოს დასავლელ პარტნიორებზე და მათს კატეგორიულობაზეა დამოკიდებული, თუმცა ხელისუფლებას სხვა გზებიც აქვს:

„ჯერჯერობით ორივე საწყის პოზიციებზეა, შეთანხმება ვერ ხერხდება, მაგრამ, ოპოზიცია საკმაოდ მყარად და კატეგორიულად აცხადებს, რომ მისთვის სულერთია 100/50-ზე იქნება თუ 73/77-ზე. ამიტომ, როგორც ჩანს ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ან სხვა ხერხის მოფიქრება.

„რამდენადაც ვიცი, ხელისუფლებას შეუძლია ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო უმრავლესობის მობილიზება - ახლა გადასაწყვეტი აქვს, დაიწყებს თუ არა ამ პროცესს მიუხედავად იმისა, დათანხმდება თუ არა ოპოციცია თებერვლის ბოლომდე რომლიმე წინადადებას, ან შეწყვეტს ამ ყველაფერს.

„დიდი მნიშვნელობა ექნება, რეალურად რამდენად კატეგორიული იქნება დასავლეთი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ისინი კატეგორიულები იქნებიან, შესაძლოა, ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთვევაში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დატოვებს საარჩევნო სისტემას ისე, როგორც არის.

„ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის დაწყებისას დათმობაზე წასვლა ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება არა კომპრომისად, არამედ მარცხად. ხელისუფლებამ ან ნაბიჯი უნდა გადადგას საიმისოდ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწიოს, ან დასავლელი პარტნიორები დაარწმუნოს იმაში, რომ ოპოზიციას მართლაც რევოლუციური სცენარის განხორციერლება სურდა და არა კომპრომისები", - განმარტა ვახტანგ ძაბირაძემ.

„რეზონანსის" კითხვას, თუ ვის დაბრალდება პროცესის ჩაშლა იმ შემთვევაში, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდებიან, ძაბირაძე ცალსახა პასუხს არ სცემს, თუმცა ამბობს, რომ ბრალეულობის განსაზღვრა რთული იქნება, რადგან საქმეში რამდენიმე მხარეა ჩართული:

„ხელისუფლებას დაბრალდება მოლაპარაკებების ჩაშლა თუ ოპოზიციას - საკითხავია ვის აშინებს და ვის აწყობს ეს; რას მიიჩნევენ საფრთხედ - დასავლელი პარტნიორების შეფასებას, თუ ქართული საზოგადოების რეაქციას? სამწუხაროდ, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ აინტერესებს ამ შემთხვევაში საზოგადოება - არც სხვა შემთვევაში იკლავენ თავს, მაგრამ ახლა ნამდვილად არ აინტერებთ. ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი დასავლელი პარტნიორი და რა გაგრძელება მოჰყვება მათ რეაქციას. როგორც ოპოზიცია, ისევე ხელისუფლება ანგარიშს გაუწევს დასავლელი პარტნიორების რეაქციას.

„ოპოზიციაში ბევრს საუბრობენ სანქციებზე, მაგრამ არ მგონია, რომ დასავლეთში დაირაზმებიან და ეგრევე სანქციებზე დაიწყებენ საუბარს. ხელისუფლებას მეორე ვარიანტიც აქვს - შესაძლოა, მან ჩვენი დასავლელი პარტნიორები არჩევანის წინაშე დააყენოს - ან ამ სისტემით ჩატარებული არჩევნები, მაგრამ გაუყალბებელი და დასავლეთის მიერ აღიარებული ან საკმაოდ ხისტი დაპირისპირება და არასტაბილური გარემოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციამ ყველა ფაქტორი უნდა გათვალოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დასავლეთი გადაწყვეტილებას მიიღებს არა იმის მიხედვით, თუ ვინაა დამნაშავე და ვინ ჩაშალა არჩევნები, არამედ ქვეყანაში არსებულ სტაბილურობაზე დაყრდნობით, რამდენად მისაღები იქნება არჩევნების შედეგები საქართელოს მოსახლეობისათვის", - დასძინა ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა მხოლდ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებზე არაა დამოკიდებული და მთავარია, რომ თებერვლის შემდეგაც შესაძლებელი იყოს გარკვეული შეთანხმების მიღწევა:

„მხოლოდ ამ შეხვედრებზე არ იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ხელისუფლებამ ფანჯარა არ უნდა გაიხუროს თებერვლის ბოლოდ. მათ ადგილას რომ ვიყო, 76 პარლამენტარს შევატანინებდი რაიმე წინადადებას, რათა დაწყებულიყო საკონსტიტუციო განხილვის პროცესი.

„შემდეგ კიდევ ერთი თვე კიდევ არის, რა დროშიც შესაძლოა, რომ ამ წინადადების ფორმულირება სხვაგვარი გახდეს - პროცესს არ დავხურავდი, მაგრამ არ ვიცი, ხელისუფლება რას იზამს. ძირითადად, ხელისუფლებამ პარნიორები უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ დათმობაზე წასვლა არ ღირს და მისი პოზიცვია გაცილებით უკეთესია ოპოზიციის წინადადებაზე", - განაცზდა „რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

Gami მოკლედ, ძაბირაძის იქით გზა ერ გვაქვს! ეს რა უბედურებაა! ავოეე...
4 წლის უკან