შს სამინისტროს მიერ განხორციელებული ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად კოკაინის გადამტანი 5-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ორგანიზებას ე.წ კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი უწევდა. ამის მტკიცებულებად შს სამინისტრომ ფარული სატელეფონო ჩანაწერიც გაავრცელა.
სააგენტო "პირველის" ცნობით კი, დაჯგუფებაში მყოფი "კრიმინალური ავტორიტეტი" თენგიზ გურჩიანი ძალოვან მაღალჩინოსანთან, ერეკლე კოდუასთან დაახლოებული პირია.
ამ ინფორმაციას სააგენტო ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებიც დააკავონ.
ოფიციალური ცნობით, დაკავებულია საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფი შს სამინისტროს ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მათი აყვანის დროს განხორციელებული ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან მიწაში დამარხული 1,7 მილიონი ევრო იქნა ამოღებული, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 ათასი ევრო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოგადაზიდვის სქემა ასეთი იყო: საბერძნეთის მოქალაქე, ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი დაკავებულთა ჯგუფს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან ჯართს რეგულარულად უგზავნიდა. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით. ტვირთი ჩამოდიოდა ფოთში ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილის, რომან მუსემიანის სახელზე.
2009 წლის ივლისში მუსემიანს ჯართში გადამალული 90 კგ კოკაინი ფოთში ჩამოუვიდა. მუსემიანმა, გიორგი ჩეჩელაშვილმა და მათმა კიდევ ერთმა მეგობარმა აღნიშნული ტვირთი ქუთაისში ბოჭორიშვილის დის ქმართან, მევლუდ სვანიძესთან გადაიტანეს და მისსავე სახლში გადამალეს.
ნარკოტიკების შემდგომი ტრანსპორტირებისათვის ჯგუფი ესპანეთიდან ნუგზარ ბოჭორიშვილის ზარს ელოდებოდა. ბოჭორიშვილის დარეკვის შემდეგ ჩეჩელაშვილმა და მისმა მეგობარმა, რომელსაც დახმარებისთვის 10 ათასი ევრო აღუთქვეს, მანქანის "ბამპერში" დამალეს კოკაინი და თურქეთში წაიღეს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში ტვირთის მისაღებად მათ ყოველ ჯერზე სხვადასხვა პიროვნება ხვდებოდა. ამჯერად მათ საბერძნეთის მოქალაქე დახვდა. ჯგუფის წევრები პაროლად 5-დოლარიანი კუპიურის ნომერს იყენებდნენ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები დამხვედრს ზეპირად ეუბნებოდნენ, ხოლო ეს უკანასკნელი 5 დოლარიანის სწორედ აღნიშნულ კუპიურას უჩვენებდა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ტვირთის გადაცემა.
გამოძიებისათვის ცნობილია, რომ ამგვარი რეისი რამდენჯერმე განხორციელდა.
ჩეჩელაშვილის მეგობარს თანხლებისთვის ორჯერ 10-10 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს, ნაცვლად დაპირებული 10-10 ათასი ევროსი. ამას გარდა, ჯგუფმა გადაწყვიტა ამ უკანასკნელის საქმიდან ჩამოშორება. შეშფოთებულმა კურიერმა ადგილობრივ კრიმინალებს დახმარება სთხოვა. კრიმინალებმა იმ დროს საქართველოში მყოფი ბოჭორიშვილი დაიბარეს და 250 ათასი დოლარის მოტანა მოსთხოვეს. საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, თენგიზ გურჩიანს "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი დაუკავშირდა და ბოჭორიშვილის დახმარება სთხოვა. გურჩიანი ბოჭორიშვილის დაშინების მოსურნე კრიმინალებს შეხვდა და ბოჭორიშვილზე ზეწოლის დაუყონებლივ შეწყვეტა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. მოგვიანებით ბოჭორიშვილმა პირადად დაურეკა გურჩიანს და მადლობა გადაუხადა.
ჯგუფმა კურიერის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ცოტა ხანში ბოჭორიშვილი ანასტასია ზაუტაშვილს დაუკავშირდა და ქილერის საკონტაქტო ინფორმაცია მისცა, რომლისთვისაც ზაუტაშვილს კურიერის მკვლელობა უნდა შეეკვეთა.
შს სამინისტრო დანარჩენი ინფორმაციის გავრცელებისაგან გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს იკავებს და აღნიშნულ საქმეზე მუშაობას განაგრძობს.
ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განმარტებით, ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია მათთვის წინასწარ იყო ცნობილი და თვალთვალი დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა. გარდა ამისა, ქართველი სამართალდამცველები ევროპელ კოლეგებთანაც აპირებენ კალაშოვის დასაკავებლად ერთობლივი მუშაობის დაწყებას.
შოთა უტიაშვილი: "ჩვენი უწყება ახორციელებდა თვალთვალს. სხვა სქემა ჯერ არ ვიცით. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ესპანურ და ბერძნულ სამართალდამცველ ორგანოებთანაც. ვნახოთ, რა გამოვა".
ცნობისათვის, კალაშოვი ახლახან გამოუშვეს ესპანეთის ციხიდან.
კრიმინალურ წრეებში "შაქრო მალადოის" სახელით ცნობილი საქართველოს მოქალაქე შაქრო კალაშოვი ესპანეთში რუსული მაფიის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ის 2006 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დააკავეს და ესპანეთის ხელისუფლებას გადასცეს. მას 7 წლითა და 5 თვით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ესპანურმა სასამართლომ 2010 წლის მარტში 300 ათასი ევროს გადახდის შემდეგ კალაშოვი მეთვალყურეობის ქვეშ გაათავისუფლა.
ესპანელი სამართალდამცველები მას ფულის გათეთრებას, დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღანელობასა და დოკუმენტების გაყალბება ედავებოდა. თუმცა გარდა ამ ბრალდებებისა, ქართული მხარე ამ "კრიმინალურ ავტორიტეტს" ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდას და ადამიანის გატაცებას დებს ბრალად.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი "პირველის" მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება და ერეკლე კოდუას საჯარო შეკითხვით მიმართავს: ფლობდა თუ არა ის სოდ-ის ხელმძღვანელობის პერიოდში ოპერატიულ ინფორმაციას ნარკოდილერთა იმ ჯგუფის არსებობის შესახებ, რომლის დაკავების თაობაზეც დღეს გახდა ცნობილი?
„სრულიად შეუძლებელია, ნარკომაფიის ასე კარგად ორგანიზებულ ჯგუფს ხელისუფლებიდან "დაკრიშვის" გარეშე ემოქმედა. ამასთან დაკავშირებით განმარტებები, პირველ რიგში, სოდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ უნდა გააკეთოს. მე მას საჯარო შეკითხვით მივმართავ, ფლობდა თუ არა ოპერატიულ ინფორმაციას ქვეყანაში ნარკოდილერთა ამ ჯგუფის არსებობის შესახებ სოდ-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში?" - აცხადებს ლორთქიფანიძე და იქვე ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ "ნარკოლიდერთა ჯგუფის დაკავება კოდუას გადაყენების შემდეგ განხორციელდა და ეს კითხვის ნიშნებს აჩენს".