თამბაქოს ბიზნესი გამუდმებულმა შეზღუდვებმა ძალიან შეაწუხა

თამბაქოს ბიზნესი გამუდმებულმა შეზღუდვებმა ძალიან შეაწუხა

თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ შეზღუდვები კიდევ გაგრძელდება. პარალელურად მოიმატებს გადასახადები და რასაკვირველია, პროდუქციის ღირებულებაც. ამ ფონზე ხელისუფლებას რეგულაციების გადადებისკენ მოუწოდებს როგორც ბიზნესი, ასევე სპეციალისტების ნაწილიც.

„ბრიტიშ ამერიქენ თობაქოს“ კორპორაციული დირექტორის, ზვიად სხვიტარიძის განცხადებით, თამბაქოს პროდუქციის შიდა ხილვადობის აკრძალვის შესახებ 2021 წლის 1 იანვრის რეგულაცია უნდა გადაიდოს. ყველა შეზღუდვის ერთდროულად მიღება არ შეიძლება, რადგან ეს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

საქართველო თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, უნდა გაეცნოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს. სხვიტარიძე ამ კონტექსტში ახსენებს ბრიტანეთს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ხილვადობა ისეა შეზღუდული, რომ ხელს უწყობს მომხმარებლების გადასვლას უფრო ნაკლებად მავნებელ პროდუქტზე და საერთოდ თავის დანებებისკენ მოუწოდებს.

„ის რეგულაციები, რომელიც არსებობს, ნაადრევია. მაღაზიებსაც აქვთ პრობლემები. არ არიან მზად. ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, კონტრაქტები გვაქვს მათთან და მოგვიწევს მათი გადახედვა. ყველა რეგულაციის მიღება ერთბაშად არ შეიძლება. ეს გამოიწვევს ეკონომიკის ჩამოშლას, რადგან ეკონომიკის 10% სწორედ თამბაქოზე მოდის“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

თამბაქოს ინდუსტრიის ბრუნვის მასშტაბები რომ თანდათან მცირდება, ეს სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. 2019 წელს ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა. ეს თამბაქოზე დაწესებული რადიკალური რეგულაციების შედეგია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ადგილობრივ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯამში, 108,971 მლნ აქციზი გაიცა, აქედან 108,4 მლნ ლარის აქციზი უფილტროზე, ხოლო ფილტრიანზე - 540 ათასი.

ამავე წელს იმპორტირებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯამში 275 173 მლნ აქციზი გაიცა, საიდანაც - 7 366 უფილტრო, 267 807 კი, ფილტრიანი იყო.

რაც შეეხება 2019 წელს, ადგილობრივ სიგარეტზე ჯამში 4,282 მლნ აქციზი გაიცა, საიდანაც 4,262 მლნ აქციზი უფილტრო იყო, ხოლო 20 ათასი ფილტრიანი. ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წელს იმპორტირებულ თამბაქოზე ჯამში 211, 808 მლნ აქციზი გაიცა, აქედან 334 ათასი უფილტროზე, ფილტრიანზე კი - 211,474 მლნ აქციზი.

ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარი რეგულაციებს სრულიად გაუმართლებელად მიიჩნევს, რამაც მხოლოდ ადგილობრივი წარმოება დააზარალა და არავითარი პოზიტიური ეფექტი არ ჰქონია.

„რეალურად რა მივიღეთ მთავრობის მიერ გატარებული რეგულაციებით? მწეველთა ოდენობა, ფაქტობრივად, არ შემცირებულა, სამაგიეროდ, იკლო ბიუჯეტში შენატანმა და გაიზარდა კონტრაბანდა. როდესაც ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზს ათანაბრებ და მერე ამას ამატებ ადგილობრივ გადასახადს, რა თქმა უნდა, ეს „დარტყამს“ ადგილობრივ წარმოებას.

დაბალხარისხიან და მაღალხარისხიან სიგარეტის ფასს რომ ვათანაბრებთ, ეს რა ლოგიკაა, არ ვიცი. აქ მნიშვნელოვანია, რომ ამით 90%-ით ავიწროვებ ადგილობრივ წარმოებას. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა იყო ამის საჭიროება, რა გავაკეთეთ. მწეველთა რაოდენობა, ფაქტობრივად, არ შემცირებულა, ინფლაცია გაგვეზარდა, მოსახლეობას ხარჯი მოემატა და პოზიტიური ეფექტი ვერც ერთი მხრიდან ვერ მივიღეთ. ეკონომიკურად სრულიად გაუაზრებელი რეგულაციებია, რითიც საკმაოდ დავამძიმეთ სოციალური ფონი და შევუქმენით პრობლემა კერძო სექტორს“, - განაცხადა ბაირახტარმა.