„დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში“         

„დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში“         

საქართველოში პოლიტიკური დატვირთვის მქონე ჭაჭის ჩამოსხმა გადაწყვიტეს. „დამზადებულია ოკუპირებულ საქართველოში“- ასეთი წარწერა ექნება ჭაჭას, რომლის სამიზნედაც რუსული ბაზარი მოიაზრება. იმ შემთხვევაში, თუ რუსები ჭაჭის შესყიდვას დაბლოკავენ პოლიტიკური მოტივის გამო, მისი გაყიდვა უკრაინაში იქნება შესაძლებელი, რომლის ტერიტორიების ნაწილიც, ასევე, ოკუპირებულია ჩვენი საერთო მეზობლის მიერ.

„ჭაჭაურა“ („CHACHAURA VODKA“) - ასე ერქმევა თაფლის არაყს, რომლის ეტიკეტზეც დიდი ასოებით წერია: „MADE IN OCCUPIED GEORGIA“. კონტრეტიკეტზე შეგნებულად დატანილია საქართველოს რუკა, რომელზეც ნაჩვენებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და არის მკვეთრი მინიშნება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

თუ რატომ გადაწყვიტა ოკუპაციასთან ბრძოლა ერთი შეხედვით უწყინარი მეთოდით - რუსებისთვის საყვარელი არყის გამოშვებით, ამის შესახებ For.ge-ს „ჭაჭაურას“ მწარმოებელი, ინტეგრალური მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი ესაუბრა.

როგორ გაგიჩნდათ პოლიტიკური დატვრთვის მქონე ჭაჭის ჩამოსხმის იდეა?

- საერთოდ, ექიმი ვარ, რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ, ასევე, რამოდენიმე ჰობი მაქვს, ერთ-ერთია კოლექციის- ძველი ფოტო-კინო ტექნიკის აპარატურის შეგროვება, რომლის მუზეუმიც მაქვს გაკეთებული. ბოლო დროს ხელში ჩამივარდა ფოტოაპარატი, 1947 წელს გამოშვებული იაპონური „მინოლტა“, რომელსაც ქვემოთა მხრიდან აწერია MADE IN OCCUPIED JAPAN, რადგან 1945-დან 1952 წლამდე იაპონია ოკუპირებული იყო და იმ პერიოდში იყო გამოშვებული ეს ფოტოაპარატი. აქედან გამიჩნდა იდეა, რაღაც პროდუქტი შემექმნა, რომელსაც იგივე წარწერა ექნებოდა, რადგან საქართველოც პრაქტიკულად დაახლოებით იმავე სიტუაციაშია. ჩემი აზრით, ბრძოლა ასეთ მდგომარეობაში სჯობს, ასეთი მეთოდით, რომ გაიყიდოს ასეთი წარწერის მქონე პროდუქცია არა მარტო რუსეთის ბაზარზე, არამედ საქართველოშიც. ასეთი უწყინარი მეთოდებით ბრძოლა სჯობს იარაღით ბრძოლას.

ფიქრობთ, რომ ამ პროდუქციის შეტანით რუსებს სინდისის ქენჯნას გაუღვიძებთ და რუს მომხმარებელს შეახსენებთ, რომ საქართველოს ნაწილი მათი სახელმწიფოს მხრიდან არის ოკუპირებული?

- რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ამაზეა გათვლილი. მე ტურისტული მიმართულებაც მაქვს და ბევრ ტურისტს ვაჩვენე ჩემს მიერ ჩამოსხმული არაყი. ქართველები რომ ნახულობენ ამას, მოწონებით ხვდებიან, რუსებსაც მიაქვთ რუსეთში, თავის მეგობრებს, ნათესავებს აჩვენებენ. ეს ხომ ერთ ადამიანზე არ არის გათვლილი, თითოეული ბოთლი დაახლოებით 15-20 ადამიანემდე მიდის და რეზონანსულია.

მომავალში ღვინის ექსპორტსაც ხომ არ გეგმავთ, სადაც ასეთივე პოლიტიკური შინაარსის წარწერა იქნება ეტიკეტად?

- ჯერჯერობით პატარა მეურნეობა, პატარა ვენახი მაქვს კახეთში და ღვინოს ისედაც ვამზადებ, შეიძლება, მომავალში უკვე ღვინოც გავუშვა ამ სახით რუსეთში. რაც შეეხება ამ ჭაჭას, ეს სრულიად სხვა ტექნოლოგიითაა დამზადებული, მაღალი ხარისხისაა და პლუს თაფლი ემატება.

თქვენი სურვილია, რომ ნებისმიერ ექსპორტულ პროდუქტზე იყოს მსგავსი წარწერა, მაგრამ ქართველი მეწარმეები ამას გარისკავენ? მეღვინეები მოგბაძავენ?

- მე ყველას მოვუწოდებ, რომ ნებისმიერ ექსპორტულ პროდუქციაზე იყოს მსგავსი წარწერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი მეწარმეები ამას არ გარისკავენ, რადგან შეეშინდებათ, რომ მათი პროდუქციის გაყიდვა შეიზღუდება. თუმცა არიან მეწარმეები, რომლებიც მცირე რაოდენობით ყიდიან სხვადასხვა პროდუქციას, ეს არ არის მარტო ალკოჰოლური სასმელები. რუსეთშიც გადის მათი პროდუქცია. შეიძლება, მათაც გადაიღონ ჩემი გამოცდილება. არა მარტო ქართველები, არამედ რუსებიც მოწონებით ხვდებიან ჩემს იდეას და იძახიან, შევიტანოთ, რუსეთში გავყიდოთ, არ არის პრობლემა, რადგან რუსეთს დიდი ბაზარი აქვს. მცირე რაოდენობაც რომ გაიყიდოს, თუნდაც მარტო მოსკოვში, ესეც მნიშვნელოვანია. რუსულ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში წარმოდგენილია მთელი არყის სპექტრი, მათ შორის, ჩემს მიერ წარმოებული არყის ბოთლიც თუ დაიდება, ყურადღებას მიიპყრობს. მასზე გამორჩეულად სხვანაირი ეტიკეტია, რადგან ეტიკეტით დავამსგავსე რუსულ „სტალიჩნაია ვოდკის“ ფორმას. აქედან გამომდინარე, იქცევს ყურადღებას, ხედავს რუსი მომხმარებელი, თვალი მისკენ გაექცევა და არ შეიძლება არ იყიდოს, რადგან იზიდავს 50-გრადუსიანი არაყი.

როგორ გგონიათ, „როსპოტრებნადზორიარ ფხიზლობს, რომელიც პოლიტიკურ იარაღადაა ქცეული პუტინის ხელში? რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როცა მათ ღვინის პროდუქცია დაბლოკეს.

- ეს პრობლემა ყოველთვის არის. ჩვენ ადრეც გვქონდა არყის და ღვინის წარმოება, შეგვქონდა რუსეთში კონტეინერებით, გაგვაჩერეს, დაგვიმტვრიეს კონიაკები სრულიად უმიზეზოდ. ჩვენ მაღალი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებდით და ასეთი საქციელი მათი მხრიდან პოლიტიკური თემა უფრო იყო.

თუკი რუსეთში ჭაჭის შეტანის პრობლემა შეგექმნათ, ალტერნატიული ბაზარი გაქვთ?

- დიახ, ამის გაყიდვის პრობლემა არ არის. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად უკრაინაში გაიყიდება, რადგან ისინიც ჩვენს დღეში არიან. საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს რომ ვუყურებ, მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი ჩანაფიქრი.

       

 

 

romani თუ კარგი ხარისხის არის, ისედაც გააჩენს მოთხოვნას. არ საჭიროებს გონივრულად აწყობილი ბიზნესი თუ ხარისხიანი პროდუქტი ასეთი უგუნური მეთოდების გამოყენებას. რა შუაშია აქ 75 წლის წინ უამრავი დანაშაულის ჩამდენი იაპონიის მაგალითი ( სხვათა შორის, იგი, ცოტა სხვა ფორმით, მაგრამ, რეალურად, დღესაც ოკუპირებულია). თუ კარგი პროდუქტია ( რაშიც უნებლიედ ეჭვი შეგეპარება წაკითხულის შემდეგ), მოუარე, თუ დაიჯერებთ, ბიზნესი ასეთ კონიუნქტურულ მიდგომას ვერ იტანს და , გარკვეული, შეიძლება იმედისმომცემი პერიოდის შემდეგ , უბრალოდ კვდება.
1 თვის უკან