საზოგადოება არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას დიდი იმედით შეხვდა და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინშია. ყოფილ დიპლომატს ირაკლი ალასანიას ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სახელმწიფო უწყება - თავდაცვის სამინისტრო ჩააბარეს, რომელსაც ბოლო დროს ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. რა სიახლეებია მოსალოდნელი როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით და რა სისტემური ცვლილებების განხორციელებას უნდა ველოდოთ?..
ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი:
- სამინისტროში მაღალჩინოსნების მხრიდან სამხედრო პირებზე ზეწოლის არაერთი ფაქტის შესახებ ვფლობ ინფორმაციას. ვიცი, რომ ბევრი ღირსეული სამხედრო მოსამსახურე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. საზოგადოებას ვპირდები, რომ ყველა საქმეს შევისწავლით და განვიხილავთ. სასამართლოს ფუნქციებში ვერ ჩავერევით, მაგრამ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, რომელიც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზით სამსახურიდან დათხოვნილი სამხედრო მოხელეების საქმეს შეისწავლის. ის შეიმუშავებს რეკომენდაციებს თავდაცვის მინისტრისთვის, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, როგორ უნდა მივიყვანოთ კონკრეტული საქმე ბოლომდე. ამ საკითხის მიმართ გულგრილი რომ ვერ ვიქნებით, ამას მოწმობს თავის დროზე ჩვენ მიერ წამოწეული, სერგო თეთრაძის საქმე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მერე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ცემაში შემოაკვდათ... ფაქტების შესწავლის შემდეგ, ასეთ საქმეებს გენერალურ პროკურატურას გადავცემთ.
- ახალი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ თანდათან, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მოახერხებს. როგორ აპირებთ ამის მიღწევას?
- დავიწყოთ იმით, რომ ქართული სახელმწიფოს დიდი შეცდომა იყო ის, რომ წლების განმავლობაში ვერ შევძელით ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზის გაკეთება, თუ რამ განაპირობა ჩვენი წარუმატებლობა ამა თუ იმ საკითხში; 90-იანი წლების მოვლენებსაც ვგულისხმობ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთთან სამჯერ იომა. ფართომასშტაბიან ომებს ვგულისხმობ, თორემ, რა თქმა უნდა, მახსოვს, 2004 წლის ცხინვალისა და უფრო ადრე, 1998 წლის გალის მოვლენებიც. ამიტომ ახლა სამხედრო, პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე გაკეთებული ანალიზის ჩატარება გვმართებს. უნდა გავაანალიზოთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო პრობლემა, რომელიც გასულ წლებში რუსეთთან ურთიერთობისას გვქონია. მადლობა ღმერთს, ის ადამიანები, ვინც ამ მოვლენებში უშუალოდ მონაწილეობდნენ, ცოცხლები არიან; ამ პროცესში მათი მონაწილეობა აუცილებელია.
- მიგაჩნიათ, რომ რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილება შეგვეძლო?
- დიახ, გვქონდა შანსი, ეს დაპირისპირება არ დაგვეშვა, მაგრამ არ გამოვიყენეთ, რასაც აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. მაშინ ის საბედისწერო შეცდომა რომ არ დაგვეშვა, ახლა შესაძლოა, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით. მაშინ რუსეთის ფედერაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ ნაკლებად აგრესიული იყო. გარდა ამისა, ამერიკა ბევრად უფრო აქტიურად იყო ჩართული რუსეთის დემოკრატიზაციის პროცესში და დიდი შანსი გვქონდა, პოსტსაბჭოთა იმპერიული სივრციდან ნაკლები დანაკარგით გამოვსულიყავით. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რეალურად მიმაჩნია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, ამაზე ჩემი პასუხი ასეთია: რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ. ეს ვალდებულება მათ აღებული აქვთ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. არსებობს შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წელს გაფორმდა. მართალია, ევროპა და რუსეთი მას სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას ანიჭებენ, მაგრამ რუსეთის ფედერაციას თავისი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ვალდებულების შესრულება მოუწევს... ოღონდ კონკრეტულ ვადებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს: საქართველო დემოკრატიული ინსტიტუციური მშენებლობის გზაზეა და ჭეშმარიტად ევროპული ოჯახის ნაწილი რომ გავხდეთ, ამისთვის ფასადური კი არა, ნამდვილი დემოკრატია უნდა ავაშენოთ. ეს ეხება სამართლიან სასამართლო სისტემას, სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია, დავიწყოთ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ორმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს. საჭიროა, მათთან ინფრასტრუქტურული, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, რაც სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს შეამცირებს. შედეგად, საერთაშორისო დიპლომატიური სამსახურებისგან რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა გაძლიერდება, რათა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური სამსახურის დიდი იმედიც და ამის თქმის საფუძველიც მაქვს: 1999 წელს ჩვენმა დიპლომატებმა შეძლეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეთანხმების მიღწევა და, სტამბოლის ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა საოკუპაციო ჯარი საქართველოდან გაიყვანეს. იმ წლებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, მაგრამ მოხდა... მესმის, რომ ყველა პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც სახალხო დიპლომატიისა და პოლიტიკური მუშაობის შედეგად, ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერით, წარმატებით დავასრულოთ. ახალი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის ხედვა ასეთია: ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი უნდა დავიწყოთ, მაგრამ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენა სწრაფად მოხდება ან ორი ქვეყნის პოლიტიკურად შეუთავსებელი პოზიციები მალე დაუახლოვდება ერთმანეთს. შექმნილი რთული ვითარებიდან ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ - ავირჩიეთ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის გზა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობას თანდათან აღადგენს. ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორები, ნატოს გენერალური მდივანი, ამერიკის პრეზიდენტი და არაერთი მეგობარი ქვეყნის ლიდერი ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებაში. ჩვენც გვინდა, დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხი არ იყოს "გაჭედილი". ამის მოგვარების პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ამ მიზანთან მიახლოებას ემსახურება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შესახებ: ბატონ ზურაბს კარგად იცნობენ რუსეთში და ისიც კარგად იცნობს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ანატომიას. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.
- რა ნაბიჯებს ელოდებით ჩრდილოელი მეზობლისგან?
- რუსეთი უნდა "ვაიძულოთ", დაინახოს ევროპელებთან და ასევე ჩვენთან ურთიერთობისას პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის საჭიროება. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ მოვახერხებთ. ასე რომ, ჯობია, ვილაპარაკოთ რუსეთთან, ვიდრე ვილაპარაკოთ რუსებზე და არაფერი შეიცვალოს. წარსულმა დაგვანახვა, რომ ქართული მხრიდან აგრესიულმა რიტორიკამ ისევ და ისევ ჩვენ დაგვაზარალა.
- თქვენმა განცხადებამ მობილური, მცირერიცხოვანი არმიის ჩამოყალიბების შესახებ საზოგადოებაში კითხვები წარმოშვა...
- მცირერიცხოვან არმიაზე საუბრისას, შეიარაღებული ძალების შემცირებას არ ვგულისხმობ. მცირე რაოდენობაზე საუბრისას, რეგიონული მასშტაბი ვიგულისხმე: არ გვეყოლება თურქეთის ან რუსეთისხელა არმია. ქართული არმია ჩვენს რეგიონულ საფრთხეებზე იქნება მორგებული. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყვნენ... ამასთანავე, აუცილებელია, მთავარი აქცენტი მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ეფექტიან ჩარევაზე გადავიტანოთ. რა თქმა უნდა, არ ველოდები დაპირისპირებას ნატოს წევრ თურქეთთან, თუნდაც იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოსთან სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა დაპირისპირების საფრთხეს სრულიად გამორიცხავს. გვაქვს ასევე კეთილმეზობლური, სტრატეგიული მეგობრობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან, რაც სრული სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ქვეყანა მაინც ფხიზლად უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.