როგორ უნდა დაარწმუნოს საქართველომ დასავლეთი?

როგორ უნდა დაარწმუნოს საქართველომ დასავლეთი?

ერთმანეთთან თანამშრომლობა, საგარეო პოლიტიკაზე ფიქრი და მართლმსაჯულების ღია და გამჭვირვალე პროცესები - ამ თემებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი აძლევს. რატომ აღუძრავს ეჭვებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მიმდინარე პროცესები და ვინ და როგორ უნდა გააქროს ეს ეჭვები?

”სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში”, - განაცხადა 23 ნოემბერს პრეზიდენტმა, რომელიც გიორგობის დღესასწაულს ბაგრატის ტაძარში აღნიშნავდა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში გაძლიერდა ნგრევისა და განადგურების ინსტინქტები და რომ ხალხს ისევ მან უნდა უშველოს:

”ჩემს ხალხთან ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე”.

პრეზიდენტის ეს სიტყვები ბევრმა პრემიერ-მინისტრის საპასუხო განცხადებად მიიჩნია. გავიხსენოთ, რომ 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებათა შემცირების პერსპექტივებსა და ხალხისთვის მოსახდელ ბოდიშზე ილაპარაკა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ, სულ მცირე, ხალხის წინაშე მოსახდელი ბოდიშის გარეშე, ვერ შემცირდება მომჩივანი ხალხის რიგები პროკურატურასთან და რომ თავად ის ამ პროცესებში ვერაფრით ვერ ჩაერევა:

”მე ხელოვნურად ამას ვერ გავაკეთებ, არაფრით არ ვიკადრებ. მე მოვედი, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო და ვალდებულება მქონდა ამის. მთელი ცხოვრება, ყველაზე მძიმე წლებში, რუსეთში, პრეტენზია მაქვს, რომ სინდისისთვის არ მიღალატია... დღეს მოვიდე, საზოგადოება მოვატყუო, ზურგს უკან შეთანხმებები გავაკეთო, რასაც ესენი ცდილობენ, რომ ის კია დასაჭერი, მაგრამ ჩვენ არ დავიჭერთ, - მე ამას არც ერთ შემთხვევაში არ ვიკადრებ”.

პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს სჯერა, რომ შეკითხვები, რაც ბოლოდროინდელ დაკავებებთან დაკავშირებით აწუხებთ შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში, დღის წესრიგიდან ახლო მომავალში მოიხსნება, რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობა ბოლომდე გააცნობიერებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს საერთო არაფერი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან. თუმცა ჯერჯერობით ბოლოდროინდელი მოვლენები კვლავაც რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში. მართლმსაჯულების აღსრულების ღიაობა და გამჭვირვალობა საუბრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება მომავალი კვირის დასაწყისშიც, როცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თბილისში შეხვდება. სათქმელის ძირითადი აქცენტები ეშტონმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში 22 ნოემბერს ჩამოთვალა:

”მე ვეტყვი პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს: ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, სურს საკუთარი ენერგია თავისი ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებს მიუძღვნას; რომ საჭიროა მან იფიქროს თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ გამოწვევაზე და საჭიროა იფიქროს, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, - კერძოდ კი, მართლმსაჯულების სფეროში, - კეთდება ღიად და გამჭვირვალედ”.

კეტრინ ეშტონს სათქმელი საქართველოს პრეზიდენტისთვისაც აქვს და, როგორც იმავე ინტერვიუდან ვიგებთ, მიხეილ სააკაშვილს ის მოუწოდებს განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან და კვლავაც ხელი შეუწყოს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

დასავლეთის ტონი მიხეილ სააკაშვილის მისამართით ერბილება ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეს. ამასთან, ის ფიქრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანით, პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები პრობლემებს უქმნიან ევროკავშირთან თუ ნატოსთან ინტეგრაციის მსურველ საქართველოს. საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა, ლაგაზიძის აზრით, კომუნიკაციის პრობლემებითაც არის განპირობებული და ახალმა ხელისუფლებამ მეტი უნდა იფიქროს ამ მიმართულებითაც:

”როდესაც ეშტონი ამბობს, და სხვებიც ხაზგასმით მიუთითებენ, რომ პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ეს ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, არ მიეწოდება მათ ეს პროცესი, როგორც ღია და გამჭვირვალე. აქ სწორედ კომუნიკაციის პრობლემასთან მიდის საქმე, საბოლოო ჯამში”.

კომუნიკაციის პრობლემებს ამ შემთხვევაში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, დასავლეთის ეჭვებს თავად პროცესში არსებული პრობლემები წარმოშობს:

”მართლმსაჯულების აღსრულება დაკავშირებულია არა მხოლოდ კრიმინალის მყისიერ აღკვეთასთან, არამედ, მთლიანობაში, უფრო ფართო ფაქტორებთანაც. მაგალითად, ეს არის: ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ყველა ადამიანის ინტერესის დაცვა და ასე შემდეგ. როდესაც ახდენ მყისიერ დაჭერებს და ძალიან სუსტი არგუმენტით, ხშირ შემთხვევაში, და თანაც რატომღაც ეს პროცესი კონცენტრირებულია ან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ან მათ მხარდამჭერებზე, ეს იძლევა ძალიან მაღალ რეზონანსს დასავლეთში”.

კახა გოგოლაშვილს საერთაშორისო თანამეგობრობის ეჭვები არ აკვირვებს და, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა, ერთი მხრივ, ქვეყანაში მზადდება დანაშაულის პატიებისთვის გამიზნული ფართომასშტაბიანი ამნისტია პატიმრებისთვის და, პარალელურად, ისმის ახალი ხელისუფლების განცხადებები, რომ ძველი ხელისუფლების რიგებიდან დაუსჯელად არც ერთი დამნაშავე არ დარჩება.

თუმცა დასჯა, როგორც ჩანს, მხოლოდ ყოფილი მაღალჩინოსნების ხვედრი იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”არა მინისტრების და არა დეპუტატების დონეზე”, მაგრამ შესაძლოა აღარ დაისაჯონ საჯარო მოხელეები, რომლებსაც არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული და მხოლოდ თანამდებობრივი უფლებების გადამეტებაში არიან შემჩნეული. პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამის პროექტზე უკვე მუშაობს საპარლამენტო უმრავლესობა.