„იგი მოსკოვისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა და მომავალში აფხაზეთის სეპარატისტული ხელსუფლების ლიდერი აუცილებლად გახდება, მაგრამ ჯერ ასაკი არ უწყობს ხელს და ალბათ და ამიტომ ამზადებენ პრემიერობისთვის," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკისა და რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის თანამშრომლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნაზე გავრცელებულ ცნობებს.
რუსული „კომერსანტის" ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ ასლან ბჟანიას გამარჯვების შემთხვევაში, ინალ არძინბა მისი „მარჯვენა ხელი" გახდება, რომელიც რეფორმების გატარებაში დაეხმარება.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება, რომელშიც ბჟანიას გამარჯვების დიდი შანსი აქვს, ხოლო არძინბას შესაძლო თანამდებობად პრემიერ-მინისტრის პოზიცია განიხილება.
არეშიძე ამბობს, რომ ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ყოფილი კურატორის, ვლადისლავ სურკოვის პროტეჟეა, რომელსაც კრემლში დიდი გავლენა აქვს და მას სეპარატისტული ხელისუფლების მომავალ ლიდერად ამზადებენ.
„ჯერ არ ვიცით ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრად მოდის თუ არა, მაგრამ რასაკვირველია გამორიცხული არაა - იგი სურკოვის გაზრდილი კადრია, ასევე იმ გუდაუთელი ცნობილი არძინბების ოჯახის შთამომავალია. იგი უაღრესად განათლებულია 30 წელს გადაცილებული ახალგაზრდაა, პრაქტიკულად მთელი თავისი ახალგაზრდობა მოსკოვში გაატარა.
„არძინბას საერთოდ აფხაზეთის ლიდერად ამზადებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ასაკი არ უწყობს ხელს, რომ „პრეზიდენტი" გახდეს, იგი მოსკოვისთვის ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა და მომავალში აფხაზეთის სეპარატისტული ხელსუფლების ლიდერი აუცილებლად გახდება.
„ამჯერად ასაკი არ უწყობს ხელს და ალბათ და ამიტომ ამზადებენ პრემიერობისთვის, ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი რომ განიხილება, ვიცი. ჩათვალეთ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც სურკოვთან ერთად მთელი ამ ხნის განმავლობაში მოდის, მართალია ახლა სურკოვი გადააყენეს, რომელიც დნესტრისპირეთის საკითხებს, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლკეებს კურირებდა და სხვათა შორის საკმაოდ ეფქტური კურატორი იყო.
„ინალი არძინბების კლანის წარმომადგენელია და უკვე აქვს უპირატესობა, მოგეხსენებათ აფხაზეთში კლანური მმართველობაა და ძალიან ბევრს ნიშნავს ვინ დგას შენს უკან გვარის და კლანის თვალსაზრისით, გარდა ამისა იგი აფხაზეთის ახალგაზრდა ლიდერებში ერთ-ერთი გამორჩეულია, სხვათა შორის, აფხაზეთში გარეგნობასაც მნიშვნელობას ანიჭებენ, ასე რომ, აფხაზური საზოგადოებისთვის მისაღები ფიგურაა, თან იციან, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც კრემლის ზოგიერთ კაბინეტში, სადაც ვერ შედიოდა მაგალითად ხაჯიმბა, ამას შესვლა თავისუფლად შეუძლია."-განაცხადა არეშიძემ.
რუსული „კომერსანტი" ასევე აღნიშნავს, რომ ბჟანია-არძინბას ტანდემი აფხაზეთის რეფორმებში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩაერთვება, რომელთა მთავარი ამოცანები სამუშაო ადგილების შექმნა, კორუფციასა და დანშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რუსული ინვესტიციებისთვის გარანტიის მიცემა და მთლიანად აფხაზეთის იმიჯის შეცვლა იქნება.