რისთვის ჩამოდის რუსეთის დელეგაცია საქართველოში

რისთვის ჩამოდის რუსეთის დელეგაცია საქართველოში

“ლავროვიც კი ჩამოვა, რათა ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად ასწიოს და ოპოზიცია დაპირისპირებაზე წავიდეს”

რუსულმა დელეგაციამ ბევრი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტისა, მაინც ჩამოვიდეს, თუმცა, ჩვეულებისამებრ, კრემლმა მთავარი საკითხი თავისთვის დაიტოვა და ვიზიტორთა ვინაობა მაინც არ გაამხილა.

თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსული დელეგაციიის ჩამოსვლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოში დაძაბულობის შექმნით „ხელს ითბობს" და ევროსაბჭოს მინისტერიალის სხდომასაც მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენებს.

„რუსეთს არ მგონია, რომ რამის ეშინოდეს, როგორ მოქმედებს, იგივე ვენესუელა იქნება, თუ სირია, ვხედავთ, რომ დღეს იგი აშკარად მსოფლიოს თავის პირობებს ჰკარნახობს, მგონია, რომ პირიქით, მას აწყობს, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის გამო არეულობა მოხდეს, ისევე როგორც „გავრილოვის ღამეს" იყო.

„გავრილოვის ღამით" რუსეთი ბედნიერია, რომ აქ ვითარება დაიძაბა და ქართული საოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდა, ასევე იმით, რომ ოპოზიცია მთავრობას დაუპირისპირდა და ა.შ. ანუ საქართველოში რუსეთი ამით ხელს ითბობს და ყველგან ამბობს, რომ რომელ დემოკრატიაზე, რომელ ნატოზე და რომელ ევროკავშირზეა საუბარიო, განა ასეთი ხალხი გინდათ თქვენ, რომ თქვენს შემადგენლობაში იყოსო? ასე, რომ ამ მომენტს კარგად იყენებენ.

„რუსეთი მავთულხლართების გავლებასაც ახორციელებს, მაშინ, როცა საქართველოში რაღაც ხდება, არჩევნებია და ა.შ. და ამით ჩვენთან უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს, ბუნებრივია რუსეთი თბილისში ევროპის საბჭოს სხდომაც მაქსიმალურად შეეცდება, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

„ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მგონია, რომ ლავროვიც კი ჩამოვა, რათა ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად ასწიოს, რომ ოპოზიციამ შესაძლოა დაპირისპირება მოიახდინოს, სიმართლე გითხრათ, ეს მომენტი დღეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი აწყობს, უგულავას დაპატიმრებიდან და სხვა მომენტებიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციამ დიალოგზე უარი თქვა „ოცნება" ამას იმისთვის იყენებს, რომ საზოგადოებაში თქვას, რა ცუდი ოპოზიცია გვყავსო.

"ასე რომ, თუ ლავროვი ჩამოვიდა, შესაძლოა მმართველი გუნდი დაინტერესებულიც კი იყოს იმითი, რომ ოპოზიცია აგრესიული და რადიკალური იყოს და რაღაცეები გააფუჭოს კიდევაც.

„ამის გაკეთება ხელისუფლებას კიდევაც გაუხარდებოდა, რათა არჩევნების წინ საზოგადოებას აჩვენოს რომ „აი ხომ ხედავთ რა ოპოზიცია გვყავს", ამ შემთხვევაში შესაძლოა რუსეთის ინტერესები, მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველოში რამდენად არეულობაა, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კაპანიის ინტერესებს დაემთხვეს, შესაძლოა ეს ორი კეისი გაერთიანდეს და ლავროვი აუცილებლად ჩამოვიდეს, რომ მაგალითად ამ კონცეფციის რეალიზაცია მოხდეს" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში „ოკუპაციის კანონი" პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მოქნილი სახისაა და რუსული დელეგაცია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პროცედურების შესაბამისად ჩამოვა.

„რაც შეეხება „ოკუპაციის კანონს", ის საკმარისად მოქნილია და შეუძლია, რომ ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის ლავროვსაც ჩამოსვლის უფლება მისცეს, ეს არაა ყველაზე უფრო რთული ვითარება, ამით სპეკულირება არასწორია, თუ ლავროვმა ჩამოსვლა გადაწყვიტა, ის არა საქართველოში, არამედ ევროპის საბჭოს სხდომაზე ჩამოდის, ეს ორი სხვადასხვა რამეა.

"ამიტომ, ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, გარდა საბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნისა, კეთილი უნდა ვინებოთ და პასუხისგმებლობა ავიღოთ ამაზე, რომ სხდომაზე ყველა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვლენ, მათ შორის რუსეთისაც.

„მგონია, რომ ლავროვი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პროცედურების შესაბამისად ჩამოვა, ბუნებრივია, ოპოზიციას და საზოგადოებას შეუძლია, რომ ეს გააპროტესტოს, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი ფრომით ჩაივლის, რაც მეტი ადამიანი გამოვა მიტინგზე, მით კარგია, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმით, ლავროვის ჩამოსვლის წინააღმდეგ თუ ბევრი ხალხი გამოვა, მაშინ ეს მხოლოდ ოპოზიციის აქტიურობა არ იქნება.

„თუ ცოტა ხალხი გამოვა, ხელისუფლება იტყვის, რომ, ხომ ხედავთ რა ოპოიზიცია გვყავსო, ამიტომ პროტესტი უნდა იყის მშვიდობიანი, წყნარი პრინციპული, მაგრამ არა რადიკალური.

„თუ ოპოზიცია რადიკალური იქნება, მაშინ ეს თვით ოპოზიციას არ წაადგება იმიტომ ,რომ სულ მალე არჩევნები მოდის და ამ ფონზე ეს ოპოზიციისთვის სასარგებლო არ იქნება, ერთადერთი ხელისუფლებას რაც დარჩენია, ეს ოპოზიციის დისკრედიტაციაა.

„ესენი გინდათ ხელისუფლებაში იყვნენ? შეხედეთ რაებს აკეთებენ", რომ „არაკონსტრუქციულები არიან ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ხელს უშლიან", დაახლოებით ამ ტიპის განცხადებები ქნება ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა მოახერხოს ის, რომ იყოს რაც შეიძლემა მასობრივი და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა,ოღონდ არავითარ შემთხვევაში რადიკალური არ უნდა იყოს, ეს ჩემი ხედვა და რჩევაა" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წიმ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა რუსეთის დელეგაციას თბილისში გამართულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უმასპინძლოს, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.

მისივე თქმით, მოუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ის პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, რომელიც თბილისში 14-15 მაისს ჩატარდება, ოპოზიცია რუსული დელეგაციის ჩამოსვლას ეწინააღმდეგება და საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება.

მას შემდეგ, რაც რუსულმა დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლა უკვე გადაწყვიტა, ოფიციალური მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს, შეასრულოს ვალდებულება, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ და დაიცვას იმ დელეგაციების უსაფრთხოება, რომლებიც 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უნდა ჩამოვიდნენ- მათ შორისაა რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც როგორც წესი, სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში საქართველოს რუსი დეპუტატი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ესტუმრა, ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.