მთავარი პროკურატურა გიგი უგულავას საქმეზე მუშაობას იწყებს. ახლა მთავარია, რა იქნება ის ანკესი, რაზეც ქალაქის მერს "წამოაგებენ". უკვე გადაწყვეტილია და, პრაქტიკულად, თეა წულუკიანმაც დაადასტურა, უგულავასთან ბევრი შეკითხვა არსებობს", მაგრამ მტკიცებულებებს ვეძებთო. ქალაქის მერზე "ნადირობა დაიწყო", მაგრამ სამხილების მოძიებაში კბილაშვილის უწყება გაიჭედა. პრემიერ-მინისტრის გარემოცვიდან ხმები გამოდის, ივანიშვილს ქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე მისვლა ვერ მოუნელებიაო.
ზოგადად, ახალი პროკურატურის პირობებში, ძნელია განსაზღვრო, რას გამოიყენებს ბრალმდებელი სტრუქტურა სისხლისსამართლებრივი ბრალის მთავარ მიზეზად. მაგალითად, ბაჩო ახალაიას შემთხვევაში, "პირველადი" ბრალის წაყენების დროს პროკურატურის სამხილები, ცოტა არ იყოს, უსუსურად გამოიყურებოდა, ამიტომაც პროკურატურამ დამამძიმებელი გარემოებების მოძებნა მოგვიანებით დაიწყო. როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, უგულავას შემთხვევისთვის პროკურატურა ეცდება, უფრო დამაჯერებელი იყოს. ის, რომ საახალწლო ღონისძიებები 567 000 ლარი დაჯდა და მერიამ საახალწლოდ "ბარამბოს" ლამის ნახევარმილიონიანი შოკოლადით ჩაიტკბარუნა პირი, ეს მოქმედი მერისთვის ვერაფერი სამხილია, რადგან ტენდერს თავისი პირობები აქვს და "ბარამბოს" ტკბილეული თუ კომისიის წევრებისთვის რუსულ "დათუნიას" სჯობს, სამართლებრივი მოდავების საკითხი ვერ გახდება და შიდამოხმარების საგანია.
უგულავასთვის ვერც აშშ-ში მივლინების საკითხი გამოდგება სისხლისსამართლებრივი შედავების საგნად. ლას-ვეგასში მერის ვიზიტი ოფიციალური იყო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც შეხვდა, ნარჩენების გადამტანი და გადამამუშავებელი ტექნიკის გამოფენასაც დაესწრო. თუმცა, ქალაქის მერს საგანგებოდ მაინც "ჩაუსხდებიან": ერთი მხრივ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც არა მხოლოდ თბილისის ბიუჯეტის ხარჯვით პარამეტრებსა და სოციალურად დაუცველების თემებს ჩაუკირკიტებს. "ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, პროკურატურაში უკვე გადაიბარეს მასალა, რომელიც ხადურის უწყებამ მოიპოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან მეტრეველი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულებრივად გაურიგდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის დირექტორს და მას ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარის ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ შესაბამის დოკუმენტებში გაზრდიდა შესრულებული სამუშაოების მოცულობას. ასევე, მწვანე თარგებიდან სტრუქტურა დარღვეული ნიადაგის ფენების მოშორებისა და ნოყიერი ფენებით ნიადაგის შევსების სამუშაოებს შესრულებულად ჩაიბარებდა. ეს პირველი მცდელობა არ გახლავთ, რომ გიგი უგულავას პროკურატურამ "კბილი" მოუსინჯოს. ასეთი "ლიფსიტებით" მერიის "ბობოლა" ჩინოვნიკებზე გასვლას დააპირებენ, ამ ჩინოვნიკებს მერე თუ ათქმევინებენ, გიგისთან მიმქონდაო, საქმის შეკერვისათვის ალბათ გამოდგება. არც ის განსაჯაროებულა, რომ ქალაქის პროკურატურამ, გამორიცხული არაა, თბილისის სარეზერვო და განვითარების ფონდების ხარჯვითი ნაწილის გადამოწმება მოითხოვოს. ამის შესახებ გამოძიების დაწყებას ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი ითხოვდა, რომელიც ახლა პარლამენტშია, მასალები კი - მის მაგიდაზე.
პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა და "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითმა ინსტიტუტმა" თბილისის 2011-2012 წლის ბიუჯეტის რამდენიმე პროგრამის მონიტორინგის შედეგები სულ ახლახან დადეს. კვლევები ეხებოდა თბილისის სარეზერვო ფონდის, სკოლამდელი განათლების პროგრამისა და "ქალაქის დასუფთავების პროგრამას". თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის მონიტორინგისას (სარეზერვო ფონდის 2012 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარი) მთავარ პრობლემად მერიიდან ინფორმაციის მიღების სირთულე და ფონდის არაგამჭირვალობა გამოიკვეთა. ისინი აცხადებდნენ, რომ თბილისის სარეზერვო ფონდიდან ხდებოდა ერთჯერადი დახმარებების გაცემა, რაც ეწინააღმდეგებოდა სარეზერვო ფონდის გამოყენების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, თანხების გამოყოფა ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის უნდა მოხდეს. თბილისის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის პროგრამის მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ თბილისის დასუფთავების საფასურის ოდენობა, ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და დასაბუთების გარეშე, განსაზღვრა ქალაქის მერიამ - 0,05 თეთრი 1 კვტ ელექროენერგიაზე გაანგარიშებით. თბილისში დასუფთავების დარგის მართვა 2011 წლიდან ხორციელდება მუნიციპალური საწარმოს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ - მოქალაქეების მიერ გადახდილი დასუფთავების გადასახადი არა ბიუჯეტში, არამედ სწორედ ამ საწარმოს ანგარიშზე მიემართება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვისა და ანგარიშგების ხარისხსო - ასეთი იყო კვლევის საპრეზენტაციო შედეგები.
ცალკე შესწავლის საკითხი იყო დაბა გუდაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების, ინფორმაცია 2010-2011 წლებში ქალაქის გამწვანებაზე დახარჯული თანხების შესახებ; ინფორმაცია 2011 წლის I კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან გაწული ხარჯების შესახებ, 5-ლარიანი ვაუჩერი თბილისის მოქალაქეებისათვის და ა.შ. საკითხები. როგორც ჯერ კიდევ საკრებულოსდროინდელი ოპოზიცია აცხადებდა, თბილისის ბიუჯეტი მთლიანად უგულავას პიარზე, მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე იყო გათვლილიო. "თავისუფალი დემოკრატებიდან" საკრებულოს წევრი ზურა აბაშიძე იმ ფირმების ნუსხასაც ასახელებდა, სადაც ქალაქის ტენდერებიდან ფულები იქაჩებოდა. ზურაბ აბაშიძის მაშინდელი მონაცემებით, რამდენიმე მილიონი სულ 10-იოდე ფირმაში იყო აკუმულირებული და უმრავლესობის უკან ბობოლა ჩინოვნიკები დგანან: შპს "გამა პლიუსი" – 59 812 ლარი, შპს "ბლექ სი გრუპი" – 1451 613 ლარი და 1 067 560 (გივი თარგამაძის ნათესავის ფირმა), შპს "ჯეთფაჩერ ჯორჯია" – 792 000 ლარი, შპს "გერმანულ-ქართული სამშენებლო კომპანია" – 915 895 ლარი, შპს "კოლხი" – 876 219 ლარი (არჩილ გეგენავასთან დაახლოვებული ბიზნესმენის ფირმად სახელდებოდა), შპს "ლაბორატორია" 790 290 ლარი, შპს "თბილგანათება" – 1 მილიონ 295 509 ლარი, შპს "მამული" - 279 995 ლარი, შპს "სანიაღვრე მეურნეობა" – 866 917 ლარი, 199 915 ლარი და 1 მილიონ 099 984 ლარი. ჯამში 12 მილიონამდე.
საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია კი "ძველი თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის "საზღვარგარეთ სამკურნალოდ" წასვლას ეჭვობს. ეს ფონდები წარმატებულ და ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელ ფონდებად სახელდება, მაგრამ პროკურატურა "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს", "გუდაურის განვითარების ფონდს", და ა.შ. მერიასთან არსებული ფონდების საკითხებს აუცილებლად შეისწავლისო. ეჭვები და მოარული ხმები მას შემდეგაც გაჩნდა, რაც ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში ოპოზიციამ დაიწყო საუბარი, რომ შპს "კლუბ დივას" ანგარიშზე თანხა იყო აკუმულირებულიო. ხმები ხმებად დარჩა, ხოლო რიყეზე ძმები შარანგიების გვარი ამოვარდა.
2008 წელს კი მერიის მიერ დაფუძნებული ფონდი შედის რიყის მართვაში - ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხშირად უცნობი იყო ამა თუ იმ დაკვეთის შესრულებაზე გამოყოფილი თანხის ოდენობა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები. ასევე, ისტორიული სტატუსის მქონე შენობების გასხვისების საკითხებსაც შეისწავლიან. აღნიშნული სარეზერვო და სხვა მერიის ფონდების საკითხები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" შეისწავლა და ანგარიში მოამზადა, მათ შორის რიყის საკითხებში უგულავას ცოლისდის მეუღლეც ფიგურირებსო, ამტკიცებდნენ "ახალგაზრდა იურისტებში". მასალები კი, რომელიც თბილისში წყალდიდობისთვის 3 მილიონის გამოყოფას ეხებოდა, თბილისის საკრებულოს წევრის თინა ხიდაშელის უშუალო ინიციატივით გაჟღერდა: ხიდაშელი მიიჩნევდა, რომ ეს წყალდიდობა სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების გაუმართავობის ბრალი იყო, თუმცა ბიუჯეტიდან ფული გამოიყოფოდა ამისთვის და 2008 წელს არსებობდა 1 მილიონ 089 178-ლარიანი ხელშეკრულება შპს "ალიანსთან", ხოლო 2011 წლის 8 სექტემბერს, ამავე შპს "ალიანსთან" უკვე ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ისევ 1 მილიონ 700 000-იან ხეშლეკრულება. ახლა უკვე მაღალ თანამდებობაზე მოკალათებული ყოფილი ოპოზიცონერები განსაკუთრებით აპროტესტებდნენ ბიუროკრატიულ და გასართობ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს:
1. ტენდერი 2010-2011 წლებში საკონცერტო და ქალაქგაფორმებით ღონისძიებებზე - სცენებით, ტრიბუნებით, პოდიუმებით, საგრიმიოროებით, გასახდელებით უზრულველყოფა - 1 მილიონ 721 300 ლარი. ტენდერი ოფიციალური სტუმრების და მერიის დადგენილი ღონისძიებებისთვის: სასტუმროებით სტუმრებისთვის მომსახურება - 311 000 ლარი, რესტორნებით მომსახურება - 110 450 ლარი;
2. კონცერტების ჯებირების გაწყობა-ალაგება - 200 000 ლარი (იგულისხმება სადღესასწაულო, სპორტული, სარიტუალო ღონისძიებები);
3. მრავალწლიანი ტენდერი 2010-2011 წლებში, სხვადასხვა ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად, გახმოვანებისა და საკონცერტო აპარატურისთვის. 1 ლოტი - 365 000 ლარი, 2 ლოტი - 207 000 ლარი. ხელშეკრულების ვადა 2011 წლის ჩათვლით.
4. საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურით უზრუნველყოფა - 182 860 ლარის სახელმწიფო შესყიდვა (მომსახურების გაწევის ვადა 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით);
5. ქალაქგაფორმებითა და ბიოტუალეტებით უზრუნველყოფა - 130 000 ლარი;
6. მერიის კუთვნილი ავტომანქანების საექსპლუატაციო მომსახურება - 460 000 ლარი;
7. სიჩქარის შემანელებელი ზოლების დახაზვა ასფალტზე - 241 500 ლარი;
8. ტენდერი შადრევნების მოვლა-პატრონობაზე - 600 000 ლარი.
თუმცა ეს ციფრები უგულავას ბიუჯეტში და სატენდერო წინადადებებში ოფიციალურად ჰქონდა გათვლილი, მაგრამ ახლა ქალაქის მერი ერთია, პოლიტიკური რეალობა და მისდამი "ანკესის წამოდების" მიზეზი კი სხვა. გიგი უგულავა აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნა და პოლიტიკური შურისძიება უნდა შეწყდეს, ამ უსამართლო პოლიტიკურ წნეხს გაუძლებს და ბიუჯეტთან მიმართებაში ყველაფერი გამჭირვალედ აქვს. თუმცა თუ საქმეს დასჭირდება, ბუზის სპილოდ ქცევაც არაა ზოგჯერ პრობლემა. მით უმეტეს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება ჟანგბადივით სჭირდება, უგულავას დაჭერა კი, მისთვის ახალი მერის არჩევნების საბაბი გახდება. ასე რომ, როგორც ამბობენ, პროკურატურაში უგულავაზე "კბილები უკვე ალესილი აქვთ", დანარჩენი კი პროკურორების "ტექნიკის" საქმეა. მით უმეტეს, თბილისში უკვე ჩამოვიდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პროკურატურისთვის მტკიცებულებებისა და ჩვენებების მისაღებად ნამდვილ "ოქროს საბადოდ" იქცევა. მერე რა, თუ "ოქრო" თავადაა ამ შევარდნების, დაჭერების, ახევების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პოლიტიკაში, სამწუხაროდ, მიზანი ამართლებს საშუალებას და, როგორც პროკურატურაში ვარაუდობენ, საქმე უგულავასაც გასცდება და სააკაშვილისკენ წავა.