ბოლო დროს პოლიტიკურ კულუარებში ახალი ჭორი მუსირებს, ევროპაში ამასწინდელი ვიზიტისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღოო. სხვათა შორის, იმ კრიმინალური საქმეების შემკვეთად, რომელთაც მთავარი პროკურატურა იძიებს, პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი სახელდება. “იმისთვის რომ სააკაშვილმა ყველა კვალი დაფაროს და თვითონ “მშრალად გამოვიდეს”, მოწმეების მოშორებაა საჭირო. ასეთი მთავარი მოწმე კი, ბაჩო ახალაიაა, ამიტომ მისი ფიზიკური განადგურება ყველაზე მეტად სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს აწყობთ,” _ აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია:
თუ დღეს ბაჩო ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, პირველ რიგში, ეს საფრთხე სააკაშვილისა და მისი ბანდისგან მოდის იმიტომ, რომ ყველაზე მეტად სააკაშვილს სჭირდება ახალაიას ციხის შიგნით განადგურება. ამით ერთ მოწმეს მოიშორებს და, რაც მთავარია, ამ ფაქტს კარგად გამოიყენებს სახელმწიფოს დისკრედიტაციისათვის. ახალაიამ დღეს რომ პირი გააღოს და იმის ნახევარი მაინც მოყვეს, რაც სააკაშვილის დავალებით აქვს ჩადენილი, ხომ გესმით, პრეზიდენტი რა მდგომარეობაში ჩავარდება?
ბატონო ჯონდი, რის საფუძველზე ეჭვობთ, რომ “ნაცმოძრაობას” ბაჩო ახალაიას ლიკვიდაცია აწყობს?
- ამის თქმის საფუძველს ის ისტერიკა მაძლევს, რომელიც “ნაცმოძრაობას” მეშვიდე საპყრობილესთან აქვს ატეხილი და რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დამაეჭვებელია. “ნაციონალები” ცდილობენ, ახალაია გადაიყვანონ სასჯელაღსრულების ისეთ დაწესებულებაში, სადაც მისი უსაფრთხოება კარგად არ იქნება დაცული. შემდგომში კი, კაცმა არ იცის, ვინ რას გააკეთებს. ამ საფრთხის შესახებ ახალაიას ოჯახმა და მისმა ახლობლებმაც უნდა იცოდნენ. იმ დანაშაულებათა სიმძიმეს ვიცნობ, რომლებიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი, ასევე, სააკაშვილის ფსიქიკასაც ვიცნობ და სწორედ აქედან გამომდინარე ვლაპარაკობ. ლოგიკურად, თუ ვინმეს აწყობს ახალაიას მკვლელობა, ეს სააკაშვილია. ახალაიას ერთი დანაშაულიც არ აქვს ჩადენილი სააკაშვილის დავალებისა და მისი თანხმობის გარეშე. თუ ბაჩოს რამე დაუმტკიცდება, ყველაფერი მიშაზე “გავა”. ამიტომ, მიშასთვის იდეალურია, რომ ახალაიას ციხეში პრობლემები შეექმნას და ეს სხვას დაბრალდეს. მერე, თვითონ გაიქცეს ამერიკაში, ან ნატო-ში და იქ ილაპარაკოს, თუUროგორ უსამართლოდ ექცევიან სააკაშვილის “კრიმინალურ ბანდას”.
იმასაც ამბობენ, უსაფრთხოების თვალასაზრისით, ყველაზე კარგი გამოსავალი ახალაიასთვის ციხეაო. თქვენ რას ფიქრობთ?
-მართლაც ასეა, მაგრამ არ მინდა, ახალაიაზე ბევრი ვილაპარაკო, რადგან ჯერ ერთი, პატიმარია, ძიება მიმდინარეობს და არ მინდა, ჩასაფრებულ მდგომარეობაში მყოფ “ნაცმოძრაობას” რამის თქმის საბაბი მივცე. მეორეც, სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია და ამ დროს ყურადღების ახალაიაზე გადატანა, გონივრული არაა.
ბატონო ჯონდი, ამბობთ, რომ მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. არსებობს შეხედულება, რომ ვიდრე პრეზიდენტია, სააკაშვილის საქმიანობის გამოძიება, მსოფლიოს თვალში, არაეთიკური იქნება. იმასაც ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთგვარი იმუნიტეტი მისცა სააკაშვილს...
-არ ვეთანხმები ლოგიკას, რომ სანამ სააკაშვილს პრეზიდენტი ჰქვია, ყველა დანაშაული უნდა ვაპატიოთ. დანაშაულისგან იმუნიტეტი არც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, არც _ პარლამენტის წევრს და არც - ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე კრიმინალს, რომელმაც სახელმწიფო ქონება მიითვისა და, ხალხის უბედურების ხარჯზე, გამდიდრდა. ახალაიას მიერ ჩადენილი დანაშაულების 90% პრეზიდენტის შეკვეთაა. მითხარით, რა უფრო სირცხვილია: გყავდეს კრიმინალი პრეზიდენტი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მკვლელობებში, უკანონო სატელეფონო მოსმენებსა და ქონების დატაცებებში, თუ ვიაროთ სამართლებრივი გზით და შემგომში, ყველა პრეზიდენტმა, ერთხელ და სამუდამოდ, გაიგოს, რომ დანაშაულის ინდულგენციას მისი თანამდებობა არ იძლევა?! პრეზიდენტი და მისი გუნდი პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას საქართველოს შიგნით და გარეთაც. სხვათა შორის, გურიაში, ნიგვზიანის ე.წ. რელიგიური ინციდენტიც პირადად სააკაშვილის მიერ იყო ინსპირირებული. შემსრულებლები კი, მის კოორდინატორებთან ერთად, მუფტი იყო, რომელიც დაკავშირებულია “ნაცმოძრაობასა” და თურქეთის სახელმწიფოსთან. ამას სამართალდამცავებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.
ბატონო ჯონდი, სამართალდამცავების ადგილზე რომ იყოთ, სააკაშვილის საქმეების გამოძიებას საიდან დაიწყებდით?
-საიდან და, - პროკურატურაში გადაგზავნილი ჩემი საქმიდან, რომელშიც პრეზიდენტი პირდაპირაა მხილებული დაფარულ შემოსავლებში, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და სხვა კორუფციულ დანაშაულებებში. მაქვს პრეზიდენტის დედისა და მამის ბიზნესთან დაკავშირებით ინფორმაციები. დედა, გიული ალასანია, მდიდრდებოდა სახელმწიფო ქონების მითვისების ხარჯზე და გამდიდრება ხდებოდა პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე. ეს დიდი სირცხვილია და მსგავსი რამ აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებშიც არ ხდება.
მოკლედ, მოვიპოვეთ სამი ბრძანებულება, თუმცა, შეიძლება, ასეთი ასიც იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ხელს აწერს და რომლის საფუძველზეც დედამისს გადაეცა მიწის ნაკვეთი, სამოქალაქო რეესტრის შენობა ბათუმში, ასევე, ფოლკლორული ანსამბლების ქონება. მიშა, ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ დედიკოს გადასცემს ქონებას და ზოგ შემთხვევაში _ იურიდიულ პირს, მაგალითად, უნივერსიტეტს, რომლის 50%-იანი წილის მფლობელიც გიული ალასანიაა. გარდა ამისა, არის დოკუმენტები, სადაც სუფთა ოჯახურ ბიზნესთან გვაქვს საქმე. მაგალითად, მიღებული აქვთ ფული სააკაშვილის დედას, მეუღლეს და სიდედრს, ჯამში, ერთი მილიონი ლარი. ფული გადაეცა კლასიკური მუსიკის ასოციაცია “მუზას”, რომლის დამფუძნებლებიც სააკაშვილის ცოლი, დედა და სიდედრი არიან.
რაც შეეხება თქვენს მიერ მოპოვებულ ფაქტებს, თუ არსებობს მტკიცებულებები და რამდენად სანდოა?
ყველა მტკიცებულება კანონიერადაა მოპოვებული. პრეზიდენტი ხაფანგში თავისი წინდაუხედაობის გამო გაება _ დაუსჯელობის განცდა ჰქონდა. ბუღალტერიც კი არ აიყვანა და ახლა აღმოჩნდა, რომ მის მიერ მიღებული შემოსავლები ვერ სწვდება იმ ქონებას, რაც თავის სახელზე აქვს გაფორმებული _ ამ წლების განმავლობაში, 200 ათასი ლარი აქვს შემოსავალი და ნაყიდი აქვს მილიონ ორასი ათასი ლარის ქონება.
რა დრო დაჭირდება თქვენს მიერ გადაგზავნილი დოკუმენტების შესწავლას და, თქვენი აზრით, რამდენადაა ახალი ხელისუფლება მზად, რომ ასეთი გამოძიება დაიწყოს?
ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვათ, თუმცა მჯერა, რომ ამ დოკუმენტაციას აუცილებლად შეისწავლიან _ მხოლოდ ორი კვირაა, რაც პროკურატურას მასალები გადავეცი. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ახალ წლამდე უნდა დაიწყოს. შესწავლის შემდეგ, მასალები აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს პარლამენტში, თუმცა, პარლამენტს აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ ამის გარეშეც დაიწყოს სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა.
იმპიჩმენტისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო...
-საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის “ოცნებას” რვა დეპუტატი აკლია, დაიწყონ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა და ამ რვა დეპუტატს მე ვიპოვი! თუ აქამდე ვახერხებდი ადამიანების გადმობირებას, როცა ეს მჭირდებოდა, რვა კაცი ვეღარ მიპოვია? დაიწყონ იმპიჩმენტი და ამ ამბავს ჩემს თავზე ვიღებ!