დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში სამი საპრეზიდენტო კანდიდატი დარეგისტრირდა. რას წარმოადგენს თითოეული კანდიდატი, რა გავლენები აქვთ მათ რეგიონში, მოგების რა შანსები ამ არჩევნებში, ანდაც რომელ მათგანს დაუჭერს მოსკოვი მხარს? ამ საკითხებზე “2020NEWS“-თან კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს და დარეგისტრირებულ კანდიდატებზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის.
როგორც სააგენტოსთან არეშიძე აცხადებს, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში - მოქმედი ე.წ ვიცე-პრემიერის, ადგურ ავიძბასა და შინაგან საქმეთა ყოფილი ე.წ. მინისტრის, ლეონიდ ძაფშბას მონაწილეობა მხოლოდ „პოლიტიკური ძალების“ მოსინჯვაა და მათ ოპოზიციონერ ასლან ბჟანიასთან შედარებით, შანსები დაბალი აქვთ.
,,ასლან ბჟანიას გარდა სხვა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების შეფასება არის წყლის ნაყვა, რადგან ისინი მონაწილეობას იღებენ, რათა საკუთარი პოლიტიკური ძალები მოსინჯონ.
ამ წუთში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, ასლან ბჟანია უპირობო ფავორიტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 22 მარტსაც იგივე მდგომარეობა იქნება.
საქმე ისაა, რომ ბჟანიას უკან ალექსანდრე ანქვაბი, აფხაზეთის ე.წ. ექსპრეზიდენტი დგას. დანარჩენი კანდიდატების მიღმა კი, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები და კლანები მოიზიარებიან.
თუმცა, ამ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
არ არის გამოკვეთილი, თუ ვის დაუჭერს მოსკოვი მხარს.
თუმცა, რასაკვირველია, რუსეთის ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი ბჟანიას კანდიდატურას მხარს უჭერს. საერთოდაც, ბჟანიას რუსულ წრეებში სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებზე მეტი მხარდაჭერა აქვს.
მოსკოვური გაგებით, ასლან ბჟანია სიტუაციის სტაბილიზატორია, მაგრამ ბჟანიასა და მის გუნდში მყოფი რამდენიმე ადამიანის მოსაზრება გარკვეულ საკითხებზე, მოსკოვისთვის მისაღები არ არის.
მაგალითად, პირველ რიგში, ბჟანიას ჩამოყალიბებული ხედვები არ აქვს აფხაზეთთან მიმართებაში. მოსკოვი ამ საკითხებს საკმაოდ აგრესიულად აყენებს რეგიონში. ეს კი უპირველესად მიწების გასხვისებასა და სხვა შიდა საკითხებს ეხება. მათი მოგვარება რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
ადგურ ავიძბამ და ლეონიდ ძაფშბამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თვითონ მოინდომეს და საკუთარი კანდიდატურები დააყენეს.
ვფიქრობ ავიძბა ცდილობს, საკუთარი ფიგურა პოლიტიკურ სივრცეში დააფიქსიროს. მას ძალიან ბევრი მინუსი აქვს. პირველ რიგში, ავიძბა არსებული ხელისუფლების წარმომადგენელია, რომლის მეთაური სამარცხვინოდ მოიშორეს საპროტესტო აქციებით. საუბარია, ექსპრეზიდენტ რაულ ხაჯიმბაზე.
მეორე საკითხი ისაა, რომ ავიძბა აფხაზურად ცუდად ლაპარაკობს. მან, პრაქტიკულად, სალაპარაკო აფხაზური არ იცის.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილიც აფხაზურად ცუდად ლაპარაკობს, ისინი მაინც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და კაპრიზულად ითხოვენ პოლიტიკური ლიდერებისგან, რომ აფხაზურად გამართულად ლაპარაკობდნენ.
რა თქმა უნდა, ავიძბას თავისი კლანი ეყოლება, ხმებს აიღებს, მაგრამ ეს არჩევნებში არაფრის მაჩვენებელი არ იქნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამჟამად დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრემიერი, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ ავიძბა წარმოადგენს გვარს, რომლის ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნება ახრა ავიძბა არის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მთავარი შემოქმედი. შესაბამისად, ე.წ. არჩევნებში იგი ადგურის მხარეს ნამდვილად არ იქნება. ასე რომ, ადგურ ავიძბას მიმართ, გვარშიც არ არის თანხმობა.
რაც შეეხება პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს, ლეონიდ ძაფშბას, როგორც ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, მას გაცილებით მეტი გავლენები აქვს. თუმცა, ე.წ. არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებს.
ძაფშბას და ავიძბას მონაწილეობა არჩევნებში, არის მონაწილეობა მონაწილეობისთვის“, - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს არის დანიშნული. ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა. ხაჯიმბას გადადგომა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ მოითხოვა. აქციების ფონზე ე.წ. მოსამართლეების საკასაციო კოლეგიამ 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა.