22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამ რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე თითქმის 50 წუთის განმავლობაში აჯამებდა ახალი მთავრობის მიერ არჩევნებიდან თვე-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გატარებულ პოლიტიკას. მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა ივანიშვილმა მხოლოდ ამ ერთგვარი ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაიწყო. პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და მას 150-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრებოდა.
არჩევნებიდან თვე-ნახევრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯებით კმაყოფილია. ამ ნაბიჯების შესახებ ის თითქმის ერთი საათი მოუთხრობდა სასტუმრო ”რედისონში” შეკრებილ მედიას, რომელსაც თავადაც არაერთი კითხვა ჰქონდა. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. შეკითხვაზე, თუ რას გააკეთებს უპირველესად ახალი ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ივანიშვილმა ასე გვიპასუხა:
”ვფიქრობ, საქართველო უნდ გახდეს მიმზიდველი ქვეყანა აფხაზებისა და ოსებისათვის. ამაში ეკონომიკურ აღზევებას ვგულისხმობ. რუსეთთანაც ამ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება და შედეგის მიღწევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი მგონია და, ვფიქრობ, ასევე ცოტა ნაადრევია იმაზე ლაპარაკიც, რას მივანიჭებთ აფხაზებს ან ოსებს, როგორი სახელი ერქმევა და რა პირობებში მოხდება შემორიგება. პირველ ეტაპზე ჩვენ ჯერ ვცდილობთ მათ ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვიდა. მთავარია, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ეს საქართველოა და ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ”.
მედიას აინტერესებდა, კვლავაც ფიქრობს თუ არა ივანიშილის გუნდი, რომ უნდა დადგეს სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი; ზოგადად, როგორ ხედავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს კონსტიტუციის მომავალს და ჩატარდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ივანიშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი იგივე დარჩება, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლას არჩევნებამდე ეცდებიან:
”ახალი კონსტიტუციით, ჩვენ არ ვაპირებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირებას, თუმცა შევეცდებით ახალი კონსტიტუცია, პრეზიდენტის განსხვავებული უფლებებით, ძალაში შევიდეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2013 წლის ოქტომბრამდე”.
მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვენ თუ არა პასუხს სახელმწიფოს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, მათ შორის, პრეზიდენტსაც, ხომ არ დაიწყება მათი პოლიტიკური დევნა - ეს კითხვა ლოგიკურად მიება ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე დაკავებების პროცესს, რაზეც პრემიერის პასუხი ასეთი გახლდათ:
”რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა დაპატიმრებების პროცესი ასე მასობრივი რომ არ იყოს და საქართველოც უფრო იოლად მოიხვეჭდა დემოკრატიული ქვეყნის სახელს, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი ხელოვნურად, ჩემთვის წარმოუდგენელია. მე არ დავუძახებ არც ერთ პროკურორს და, მით უმეტეს, არც ერთ მოსამართლეს და არ ვეტყვი, რომ რომელიმე საქმე მიჩქმალონ”.
რადიო თავისუფლება იმ სახელმწიფო მოხელეების ბედითაც დაინტერესდა, ვინც საჯარო სამსახურში არ მუშაობს წამყვან თანამდებობებზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ უწევთ სამსახურის დატოვება ხან პირადი განცხადების საფუძველზე, ხანაც ახალი ხელმძღვანელობის ბრძანებით. მსგავსი ფაქტების შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც არაერთხელ დაიწერა, სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც კი შეიქმნა, სადაც ასეთი ფაქტების შესახებ წერენ. ივანიშვილმა ამ საკითხზე მხოლოდ ის თქვა, რომ აქამდე გათავისუფლდნენ მხოლოდ მაღალი რანგის მოხელეები და მათი მოადგილეები, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა.
22 ნოემბერს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კმაყოფილია თავისი მთავრობის პირველი საერთაშორისო ვიზიტებით. მართალია, დღევანდელი ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ახალი ხელისუფლების მოღვაწეობას კრახად აფასებს, ივანიშვილი ამბობს, რომ საგარეო ურთიერთობებში მათ უმაღლესი ქულები უკვე ჩაიწერეს. მისი თქმით, წინსვლა ჯერჯერობით არ არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების თვალსაზრისით.
პრემიერის აზრით, დაიწყო მედიის გათავისუფლების პროცესი, დაკვირვების ქვეშ რჩება მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
ჯანდაცვის პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევა - ეს პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყება. 67 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია იზრდება 125 ლარამდე, 2013 წლის სექტემბრიდან კი პენსია საქართველოში არსებულ საარსებო მინიმუმს, 150 ლარს, გაუტოლდება.
სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდიდან დაფინანსდება ტექნიკის შესყიდვა, ხოლო თითო რეგიონში თითო ქარხანა აშენდება.
განათლების სფეროში უკვე წინგადადგმულ ნაბიჯად კი ივანიშვილი სახელმწიფოს მიერ განათლების სუბსიდირების გაზრდას მიიჩნევს.
22 ნოემბერს პრემიერმა ასევე თქვა, რომ, როგორც ირკვევა, ვერ განახევრდება კომუნალური გადასახადების ტარიფები.