რა არის „რელიგიის თავისუფლების ალიანსი“ და რას მოუტანს საქართველოს მასში გაწევრიანება

რა არის „რელიგიის თავისუფლების ალიანსი“ და რას მოუტანს საქართველოს მასში გაწევრიანება

„აქ არა მარტო რელიგიურ თავისუფლებაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით აქტიურები არიან და მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას ნატო-ს ფარგლებში", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საქართელოს გაწევრიანებას „რელიგიის თავისუფლების ალიანსში".

ალიანსს საქართველოს გარდა უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთიც შეუერთდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით 4 თებერვალს ვაშინგტონში ალიანსის ეგიდით გამართულ შეხვედრასაც დაესწრო.

პომპეოს გაბნცხადებით, მსგავსი ალიანსის დაფუძნება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რელიგიის თავისუფლების პროპაგადის საშუალებას მისცემს, ისტორიული მოვლენაა. მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ალიანსის წევრი ქვეყნები აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვების წინააღმდეგ იბრძოლებენ.

ახლად მიღებული წევრების გარდა „რელიგიის თავისუფლების ალიანში" გაწევრიანებულები არიან მალტა, ავსტრია, ნიდერლანდები, ალბანეთი, პოლონეთი და ტოგო.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა, რელიგიის თავისუფლების ალიანსის წევრი ქვეყნების ათ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით ვაშინგტონში გაიმართა.

პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ეგიდით შექმნილ „რელიგიის თავისუფლების ალიანსში" საქართველოს გაწევრიანება შეიძლება მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საწინდარი გახდეს როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ ასპარეზზე:

„თუ ამ ალიანსში საქართველო, უკრაინა და ბალტიის სამი ქვეყანაა შესული, მაშინ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხუთივე ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის საზოგადოება ცხოვრობს. რელიგიური თავისუფლება დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის ეთნიკური და რელიგიური უფლებები. სავარაუდოდ, აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებმა ერთმანეთთან დაამყარონ მჭიდრო კავშირები, მაგალითად, კულტურის სფეროში", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მხოლოდ რელიგიური თავისფლების განხილვით არ შემოიფარგლება საკითხი და ბევრად უფრო სიღრმისეულია ამ ალიანსში საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის გაწევრიანება:

„ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის ალიანსი აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა. მაგრამ აქ არა მარტო რელიგიურ თავისფლებაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით აქტიურები არიან და მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას ნატო-ს ფარგლებში. გარდა ამისა, ბალტიის სამივე ქვეყანა საქართველოს მეგობარია და სხვადასხვა სახის თანამშრომლობა, მათ შორის ქრისტიანული რაკურსით, ამ ალიანსის ფარგლებში, შესაძლებელია", - დასძინა ნიკა ჩიტაძე.