ავიაციაში ახალი დაპირისპირებამ იჩინა თავი. „აირზენას“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ შემოსვლამ მნიშვნელოვნად შეცვალა, რადგანაც უცხოური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები სახელმწიფოსგან ფინანსდებიან და ქართული ავიაკომპანია მათთან კონკურენციაში მარცხდება.
„როგორ შეიძლება გამოვასწორო ფინანსური მდგომარეობა, თუკი დღევანდელი ჩემი ფინანსური მდგომარეობით არაკონკურენტულ გარემოში ვარ?! როგორ უნდა მივიღო მოგება, როცა ჩემს მიერ გარეკლამებულ რეისებზე დაფრინავს უცხო ქვეყნის კომპანიები, რომელსაც ჩემივე სახსრებით აფინანსებს ჩემი მთავრობა და მე მანადგურებს?!“ - განაცხადა რომან ბოკერიამ.
მან ეკონომიკის მინისტრის განცხადების იმ ნაწილსაც უპასუხა, სადაც მინისტრმა თქვა, რომ კომპანია „ვიზ ეარს“ ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა, თუმცა მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის გამოყენებული და პირიქით, დავალიანება ისე გადაუნაწილდა, როგორც მისთვის იქნებოდა მოსახერხებელი.
„მე რეისები წამართვეს, მგზავრები წამართვეს და ზუსტად მთავრობის ქმედებების გამო დამიგროვდა ვალები. ვითომ ტურისტები ჩამოყავთ და მეორე მხრივ, ეროვნულ ავიახაზებს ანადგურებენ. არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო? არ მინდა სასამართლოში წავიდე, მე მაქვს პატრიოტული გრძნობა, მათ - არა, მაგრამ ბოლო-ბოლო იძულებული გავხდები. დემაგოგები არიან და მეტი არაფერი“, -განაცხადა ბოკერიამ „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას.
სახელმწიფოსა და ამ ეტაპზე ერთადერთ ქართულ ავიაკომპანიას შორის, სუბსიდირების საკითხის განხილვა 20 ივნისის შედეგ რუსეთის ავიაემბარგომ გამოიწვია. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს თემა დღის წესრიგში აღარ დგას და „ჯორჯიან ეარვეიზს“ეფექტური მართვის პირობებში, ბევრად უფრო მძლავრად შეუძლია ოპერირება.
„ამ ეტაპზე, მისი სუბსიდირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს განიხილებოდა უშუალოდ მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთთან შეწყდა პირდაპირი ფრენა. მაშინ დაზარალდა არა მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეიზი“, არამედ მთლიანად ქართული ეკონომიკა და ტურიზმი. იმ ეტაპზე ჩვენ ვიხილავდით სუბსიდირების თემას, თუმცა ახლა აღარ ვიხილავთ.
მიუხედავად ამისა, ჩვენ სერიოზულად ვუდგავართ გვერდით ქართულ ავიაციას. მაგალითად, „ჯორჯიან ეარვეიზს“ წლების განმავლობაში დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩვენი აეროპორტების გაერთიანების და „საქაერონავიგაციის“ მიმართ და ჩვენ ამის გამო არ ვიყენებთ რამე სანქციებს. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება. თანაც იმედს ვიტოვებთ, რომ თავისი სერვისების ხარისხითაც, საფასო პოლიტიკითაც „ჯორჯიან ეარვეიზი“ მიუახლოვდება ოდესმე ამ კომპანიებს და კონკურენციაში შევა მათთან, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა 2019 წლამდე მათი დაინტერესება ქართული ბაზრით ვერავინ შეძლო. „რაინეარი“ ფრენებს ასრულებს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით, 2020 წელს კი ახალი მიმართულებების დამატება იგეგმება. ეს ფაქტი „აირზენასთვის“ არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა იმ პირობებში, რომ კომპანიას არათანაბარი კონკურენცია კიდევ ერთ უცხოურ კომპანიასთან „ვიზეართან“ უკვე აქვს.
რომან ბოკერიას თქმით 2019 წელს ავიაკომპანია 500 ათასამდე ტურისტს მოემსახურა, თუმცა მოლოდინი 850 ათასი ტურისტი იყო. 2019 წლის მონაცემები 2018 წელთან შედარებით 70 ათასითაა შემცირებული, რადგან 2018 წელს ტურისტების რაოდენობამ 570 ათასი შეადგინა.
„აეროპორეტბის გაერთიანების“ მიერ ავიაკომპანიებისთვის მარკეტინგული აქტივობის ჩასატარებლად ჩარიცხული თანხის მოცულობა კი ასე გამოიყურება: 2018 წელს - 11 145 000 ლარი; 2017 წელს - 7 187 000 ლარი; 2016 წელს - 3 157 000 ლარი; ჯერჯერობით ცნობილი არ არის შარშანდელი მონაცემები.
როგორ ნაწილდება ეს თანხა უშუალოდ ავიაკომპანიებზე საჯაროდ ცნობილი არაა. ავიაკომპანიები ამ თანხას ფრენების სიხშირისა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით იღებენ.