ფრინველის ხორცი, სავარაუდოდ, გაძვირდება, მაგრამ მომხმარებელი არ წააგებს

ფრინველის ხორცი, სავარაუდოდ, გაძვირდება, მაგრამ მომხმარებელი არ წააგებს

პირველი თებერვლიდან ფრინველის ხორცზე ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. ბიზნესმენები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროდუქციას გააძვირებს. საპირისპიროს ამტკიცებენ მეფრინველეობის განვითრების ასოციაციაში, სადაც ამბობენ, რომ მომხმარებლის ინტერესები გათვალისწინებულია და ამიერიდან ისინი უფრო მოგებულები დარჩებიან.

ახალი ნორმების თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირდება. ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

რას მოიტანს ახალი რეგლამენტი სამომხმარებლო ბაზარზე? სპეციალისტების აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული მოხმარებელი დარჩება, რადგან ეცოდინება, რომ გადახდილი ფულით სუფთა წონის ხორცს შეიძენს და არა წყალს. მეფრინველეობის განვითრების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათი და მომხმარებლის ინტერესები გათვალისწინებულია.

„რეგულაციის შედეგად, ბაზარზე პროდუქციის ფასის მომატებას გამოვრიცხავ, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, არ დაზარალდება მომხმარებელი, რადგან მანამდე იაფად ყიდულობდა წყლის მეტი შემცველობის პროდუქტს. შესაბამისად, თუ კილოგრამი პროდუქტის ღირებულება გაიზრდება, ჩათვალეთ, რომ მომხმარებელი მაინც უფრო მეტ ხორცს წაიღებს სახლში, ვიდრე მანამდე“, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

საპირისპირო შეხედულება აქვს ახალი რეგულაციის მიმართ ბიზნესს. „გეო ფუდის“ დირექტრის მოადგილე გიორგი ჯოხაძე ფიქრობს, რომ გაძვირებას ვერაფერი შეაჩერებს:

„ზოგადად, გაყინული ქათმის ხორცის შემთხვევაში, აუცილებელია წყლის შემცველობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში. ჩვენი პროდუქცია ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და წყლის შემცველობა ნამდვილად არ აჭარბებს 5%-იან ზღვარს. თუმცა, უკრაინიდან, ასევე, თურქეთიდან იმპორტირებული გაყინული ფრინველის ხორცის შემთხვევაში, წყლის შემცველობა ხშირად არის 5%-ზე მეტი, რაც თავისთავად პრობლემა იქნება. ახალი რეგლამენტი კი სავარაუდოდ, პროდუქციის გაძვირებას გამოწვევს. ალბათ, 15-20%-ით“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი ჯოხაძემ.