ყოფილი შს მინისტრი და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი „მატროსოვის" ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. იგი 2013 წლის მაისში დააკავეს სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. გააგრძელებს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკური აქტივობას და კერძოდ რომელ ოპოზიციურ პარტიასთან შეიძლება ვიხილოთ, ამაზე ოპოზიციონერ ლიდერებს ინფორმაცია არ აქვთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უკეთესი იქნება, საპატიმროს დატოვების შემდეგ ამის თაობაზე თავად მერაბიშვილმა ისაუბროს.
როგორც ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტიძემ „რეზონანსთან" თქვა, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი დიდი ალბათობით პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს.
„ის (მერაბიშვილი) არის ძლიერი ფიგურა და მენეჯერი. მგონია, რომ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა", ისე „ევროპული საქართველო" ეცდება, ბატონი ვანო იხილონ თავიანთ რიგებში, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, რაღაც ფორმით იქნება ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაძლოა მან „გაერთიანებულ ოპოზიციასთან" ითანამშრომლოს. მერაბიშვილს გააჩნია მეტად მაღალი ავტორიტეტი," - თქვა ჩიტიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი მერაბიშვილთან შესაძლოა ფარულ მოლაპარაკებასაც აწარმოებდეს.
„ალბათ ორივე პარტიას სურს, რომ ბატონი ვანო გარკვეულწილად ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში. შეიძლება ვიხილოთ, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა. მისი ყოფნა, საერთო ჯამში, ოპოზიციური ძალების რეიტინგს უფრო აამაღლებს, თუმცა, „ქართული ოცნება" შეეცდება შავი პიარის აგორებას. ამ შემთხვევაში ოპოზიციას უფრო მეტი ექნება სათქმელი.
„მერაბიშვილი პიროვნულად შეიძლება ძალიან გადაღლილია და საკითხავია, რამდენად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. თუკი „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრები დუმან, შეიძლება იყო რაღაც მოლაპარაკება, თუმცა ბატონმა ვანომ ამ ეტაპზე უარი თქვა," - თქვა მან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერაბიშვილს მოგვიანებით სხვა ბრალდებების წაუყენეს, კერძოდ, - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ის 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა ჩიტაძე „უარეს სცენარსაც" განიხილავს - ის არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის პროკურატურამ შესაძლოა ახალი ბრალდება წაუყენოს, როგორც ეს გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა.
„ყველაზე უარესი სცენარი - პროკურატურამ შესაძლოა კიდევ რაღაც ბრალდება შეთითხნოს მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომ მისი ციხეში შებრუნება მოხდეს, როგორც ეს გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლებამ შეიძლება ესეც იკადროს," - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.