ენგურჰესში წყალი მინიმუმზეა, აფხაზეთში დენზე გრაფიკი დაწესდა

ენგურჰესში წყალი მინიმუმზეა, აფხაზეთში დენზე გრაფიკი დაწესდა

„ენგურჰესის“ წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგია უკვე რამდენიმე დღეა გრაფიკით მიეწოდება. ასეთი ვითარება გაგრძელდება რამდენიმე თვე, თუმცა ეს გამოსავალი არ არის არც ოკუპირებული რეგიონისთივს და არც საქართველოს ენერგოსისტემისთვის, რომელსაც აფხაზეთში არსებული განუკითხაობის გამო ზარალი ყოველწლიურად ეზრდება.

ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, შეზღუდვა 27 იანვრიდან მოქმედებს და აფხაზეთს დილის და საღამოს საათებში ელექტროენერგიის მიწოდება 2-2 საათით ეზღუდება. მსგავსი შეზღუდვა წყალდიდობამდე, ანუ აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდება. მეტიც, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან არ მიიღებს, შეზღუდვა, შესაძლოა, დღეში 4 საათიდან 8 საათამდეც გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, საქართველო აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. ეს კი მაშინ, როცა ზოგჯერ, განსაკუთრებით ზამთარში, თავად უწევს ელექტროენერგიის ყიდვა. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ზამთრის პერიოდში მცირეწყლიანი სეზონისა და აფხაზეთში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარების გამო, რეგიონს დენი გრაფიკით მიეწოდება. გარდა უკონტროლო მოხმარებისა, აფხაზეთში ფეხი მოიკიდა ციფრული ვალუტების მაინინგმა და ამიტომ იქ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

ენგურისა და ვარდნილის გამომუშავებული ენერგიიდან, განსაკუთრებით ზამთარში, თითქმის 100% აფხაზეთის დენით მომარაგებას ხმარდება. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, 2019 წელს ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავდა 4 027 600 000 კვტ/სთ ელექტროენერგია, აქედან, 2 059 900 000 კვტ/სთ ელექტროენერგია აფხაზეთმა წაიღო. გასული წლის მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში კი ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული 452 537 000 კვტ/სთ ელექტროენერგიიდან, აფხაზეთისთვის მიწოდებამ - 448 164 000 კვტ/სთ შეადგინა.

ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ იგეგმება სამთავრობო დონის შეხვედრები, რათა ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

„ენგურჰესის“ სადისპეტჩერო სადგური განლაგებულია საბერიოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენ მასზე წვდომა არ გვაქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით. ზამთარში „ენგურჰესი“, ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს, ეს არის რეალობა.

დღესდღეობით აფხაზეთს იმაზე მეტი ელექტროენერგია მიაქვს, რაც აქამდე იყო დაწესებული, ლიმიტს საგრძნობლად გადააჭარბეს. ყველაზე კარგი გამოსავალია, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. თუკი აფხაზეთში გამრიცხველიანების საკითხი მოგვარდება, დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40/60-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო“, - განაცხადა არველაძემ.

აფხაზეთში მკვეთრად გაზრდილი მოხმარების გამო, ზარალდება საქართველოს ენერგოსისტემა, რის გამოც მკვეთრად გაზრდილია იმპორტი. ქართველი ენერგეტიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვა აუცილებელია და ეს ნაბიჯი სწრაფად უნდა გადაიდგას.

Katana . "ენგურისა და ვარდნილის გამომუშავებული ენერგიიდან, განსაკუთრებით ზამთარში, თითქმის 100% აფხაზეთის დენით მომარაგებას ხმარდება."

იმიტომ გვაქვს დატბორილი ამხელა ტერიტორია, რომ აფხაზები, სომხები და რუსეთის სამხედრო ბაზები მოვამარაგოთ უფასო დენით?!

რამე რო იყოს, დაცლა არ მოუხერხდება წყალსაცავს? :) - ნაშალს მაინც შეიტანდა ზღვაში, თანდათან რომ გვიჭამს სანაპირო ზოლს, ჰესების გამო დამშეული ზღვა...
4 წლის უკან