„ჭკვიანი კამერები“ ტექდათვალიერებაზე მანქანებს არ აჯარიმებს?!

„ჭკვიანი კამერები“ ტექდათვალიერებაზე მანქანებს არ აჯარიმებს?!

„ჭკვიანი კამერების“ გაუამართაობის გამო მძღოლები თავს არიდებენ ტექდათვალიერების გავლას. ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 1 300 000 მანქანიდან ტექდათვალიერება მხოლოდ 788 000 ავტომობილმა გაიარა.

ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ერთ-ერთია რეალურად არარსებული ავტომობილები, რომლებიც აღრიცხვიდან არ არის მოხსნილი და მეორე ხარვეზია გზებზე ადმინისტრაციული გაუმართაობა, რის გამოც განსაკუთრებით რეგიონებში მანქანები ტექდათვალიერების გარეშე გადაადგილდებიან. ამიტომ საკმაოდ ბევრი სატრანსპორტო საშუალება თავს არიდებს სავალდებულო ინსპექტირებას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერიმენტითაც დადასტურდა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. ჭკვიანი კამერების გაუმართაობაა, რომლებიც არ აფიქსირებენ ავტომობილებს, რომლებსაც შემოწმება გავლილი არ აქვთ. არასამთავრობოებმა რამდენიმე ქალაქში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა, რომ რიგ შემთხვევებში ე.წ. ჭკვიანი კამერები არ მუშაობს.

„ბოლო 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციობს. აღნიშნული ინფორმაცია, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ, რომელმაც მონიტორინგისთვის შეარჩია შემდეგი მუნიციპალიტეტები: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, გორი, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ახალციხე, ბათუმი. დაკვირვება განხორციელდა შემდეგი მეთოდოლოგიით: საქართველოს მუნიციპალიტეტებში ყველა კამერასთან იმოძრავა სხვადასხვა ავტომობილმა (სხვადასხვა სანომრე ნიშნით), რომელთაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდათ. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია კამერების პროგრამული გაუმართაობის შესახებ დადასტურდა.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კამერების მიერ, შესაძლოა, არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება სხვა დარღვევებზეც: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება. თუმცა ამ ეტაპზე ასოციაციამ გადაამოწმა მხოლოდ ერთი პარამეტრი (ტექინსპექტირების კომპონენტი) ე.წ. „ჭკვიანი კამერის“ ფუნქციებიდან.

აღსანიშნავია, რომ კანონის აღუსრულებლობის აღნიშნული ფაქტი მასშტაბურია და 2018 წლის 1-ელ იანვარს დაწყებულ ტექინსპექტირების რეფორმას შეუქმნა საფრთხე. ბოლო თვეების განმავლობაში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობამ იკლო თითქმის 40%-ით.

ჩვენი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ განთავსების პროგრამას და მიგვაჩნია, რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თუმცა კამერების გაუმართაობა (თვეების განმავლობაში) შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ 2019 წელს 500-მდე მოქალაქე დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს, ხოლო 8000-მდე დაშავდა/დასახიჩრდა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს რამდენიმე ორგანიზაცია.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილიც ადასტურებს, რომ ბევრი სატრანსპორტო საშუალება საერთოდ არ მივიდა ტედათვალიერების ცენტრებში. როგორც ჩანს, კანონი სათანადოდ არ მუშაობს. ფაქტია, რომ საქართველოში რეგისტრირებული 1 300 000 მანქანიდან ტექდათვალიერება მხოლოდ 788 000 ავტომობილმა გაიარა.

„ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი: ერთი არის ის, რომ, სავარაუდოდ, ავტომობილების დიდი ნაწილი, უბრალოდ, რეგისტრირებულია და რეალურად არ არსებობს ასეთი სატრანსპორტო საშუალებები. მეორე მიზეზია ის, რომ ავტომობილების გარკვეული რაოდენობა საერთოდ აღარ მივიდა ტექინსპექირების ცენტრებში, რადგან კონტროლი გზებზე სათანადო არ არის და ასეთი მანქანები უბრალოდ არ ჯარიმდებიან.

პრობლემაა დაჯარიმების ვადებიც. ახლა 30-დღიანი შუალედი მოქმედებს. ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ტექდათვალიერება გავლილი არ ექნება, რა თქმა უნდა, მომავალშიც ისევ დაჯარიმდება, თუმცა შეიძლება შეიცვალოს დაჯარიმების შემდგომი პერიოდის ვადა და 3 დღემდე ჩამოვიდეს“, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

ლაზი მთელი ამ ამ განგაშის მიზანი, (კამერების და სხვათა შესახებ) ბოლო აბზაცშია გაშიფრული. დაჯარიმების ვადა სამ დღემდე უნდა შემცირდესო!
ამის მთქმელმა განა არ იცის, გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარებას ძრავის გარემონტება რომ სჭირდება? და სამ დღეში რომ ძრავს ვერ გაარემონტებ? რა თქმა უნდა იცის მაგრამ მთავარია ყოველ სამ დღეში ახდევინონ 60 ლარი და სხვა არაფერა საიტერესო. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ფონია ამის მისაღწევად. არიქა კონტროლი გააძლიერეთ! მანქანები ინსპექტირებაზე აღარ მოდიანო.
არ აქვს ბატონებო ასეთ ინსპექტირებას არანაირი ეფექტი, რადგან ათასი გაზა არსებობს, კიდევ ახალებსაც გამოიგონებენ, თუნდაც გამონაბოლქვის "ნორმაში" ჩაჯენისათვის.
სხვა მექანიზმია მოსაფიქრებელი. ერთი და იგივე სისტემს ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ მუშაობს. მესხიშვილმა, ურუშაძემ და სხვებმა ამაზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, თუ როგორ "მიდენონ" მაქანები 60 ლარის ამკრებ ინსპექტირების ცენტრებში.
გეგმიური ინსპექტირება უნდა შეიცვალოს ქალაქებში და მთავარ გზებზე მოულოდნელი ინსპექტირებით, რასაც მოძრავი აპარატურით განახორციელებს საპატრულო სამსახური.
პროცესების მართვის, დღეისათვის არსებული, ელექტრონული სისტემა ხარვეზის აღმოფხვრის კონტროლსაც მარტივად უზრუნველყოფს. უბრალოდ საქმის გაკეთების სურვილი და ცოდნაა საჭირო და არა, რაიმენაირად 60 ლარის ამოღლეტვაზე ვიშვიში.
სოფლებში, ურმის ნაცვლად გამოყენებადი, მანქანების დევნა არაფრად არ არის საჭირო. უბრალოდ უხერხულიც კია.
4 წლის უკან