ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების გათავისუფლება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების გათავისუფლება დაიწყო

28 სოციალური მუშაკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელი პირველი თებერვლიდან სამსახურიდან გათავისუფლდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი სტრუქტურული რეორგანიზაციაა. თამანშრომელთა გათავისუფლების შესახებ ეჭვი კარგა ხანია არსებობდა და საბოლოოდ დადასტურდა კიდეც.

სოცმუშაკების პროფკავშირები ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. გამორიცხული არ არის საპროტესტო აქციებიც. სამინისტრო კი სხვაგვარ ხსნის თავის გადაწყვეტილებას.

დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განმარტებით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.

„ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან სერვისების მიმწოდებლები გაერთიანდებიან. რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის ფარგლებში წარმოიშობა ვაკანტური პოზიციები და კანონის შესაბამისად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება.

„სოციალურ მუშაკებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. საბოლოოდ მათზე და საკონკურსო კომისიაზე იქნება დამოკიდებული დასაქმდებიან თუ არა ისინი გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის პირველი მარტიდან, შესაბამისად აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ, ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი. მე დღესაც მაქვს მათთან კომუნიკაცია, მქონდა წარსულშიც და მექნება ყოველთვის, როცა მათ დავჭირდები რამე საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა „პირველ არხთან“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა.

გავრცელებული ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ უწყებაში სამუშაო ადგილებს ათავისუფლებენ, რათა მმართველი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დასაქმდნენ. თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს ხელმძღვანელი ეთერ ცხაკაია, რომელიც თავადაც აღმოჩნდა გათავისუფლებულთა შორის.

„უკვე მივიღე ჩემი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ინფორმაცია. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს სფერო განვითარდეს, რომელი პოზიციიდან გავაკეთებ ამას, არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი საქმის ერთგული ვრჩები და ჩემი პროფესიონალიზმი მოხმარდება ბავშვების კეთილდღეობას. მოხარული ვიქნები, თუ უფრო განავითარებენ ამ სფეროს“. - განაცხადა ეთერ ცხაკაიამ.

სოცმუშაკების პროფკავშირების განცხადებით, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ და სამომავლოდ არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.

სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლის, ქეთი ხუციშვილის განმარტებით, იმ თანამშრომლებს, რომელთაც 29 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების წერილი მიუვიდათ, სამინისტრომ გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტა. ამ დროს სამინისტროს ჰქონდა ვალდებულება, სამსახურიდან გათავისუფლების წერილში ზუსტად განემარტა გათავისუფლების მიზეზი.