„მექანიზმი, რომ იმპორტირებულ პროდუქტს შემოჰყვეს ვირუსი, არ არსებობს, რადგან მას გარემოში ამხელა გამძლეობა არ აქვს“

„მექანიზმი, რომ იმპორტირებულ პროდუქტს შემოჰყვეს ვირუსი, არ არსებობს, რადგან მას გარემოში ამხელა გამძლეობა არ აქვს“

რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანა აკრძალა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხე უფრო მეტად სურსათიდან შეიძლება მომდინარეობდეს, სხვა ტიპის საქონლიდან დაინფიცირების შანსი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, სიფრთხილის ზომები ყველგან მაქსიმალურადაა გამკაცრებული. გარკვეული ზომებს უკვე საქართველოშიც მიმართავენ.

საქართველოში ჩინური საკვებსა და სურსათის ნაირსახეობას მხოლოდ ჩინურ რესტორნებში იყენებენ. ამიტომ საინტერესოა შეჩერებულია თუ არა ამ ტიპის დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან შემოდის და კერძების მთავარი ინგრედიენტია.

რესტორან „ძინ ჩაოს“ მენეჯერი როინ სინციბიძის თქმით, გავრცელებულმა ინფორმაციამ გავლენა მაინც მოახდინა. თუ ჩინეთში ვირუსის ფონი არ შესუსტდა, სამომავლოდ სავალალო მდგომარეობა იქნება.

„პრობლემა მართლაც გვაქვს. აუცილებლად აისახება ჩვენს ბაზარზე ჩინეთში არსებული მდგომარეობა და ეს მხოლოდ რესტონებს არ ეხება, არამედ ყველა სფეროს, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქციით ჩინეთიდან მარაგდება. იანვარი და თებერვალი ისედაც რთული პერიოდია, აქტივობა საკმაოდ შემცირებულია.

ჩინეთში არსებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, დაგვეტყო. გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც. რაც შეეხება ნედლეულს, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ პროდუქციას და ვამზადებთ ჩინური წესით“, - განაცხადა სინციბიძემ.

სტუმრების რაოდენობის სიმცირეს არა ვირუსს, არამედ სეზონს უკავშირებენ „აზიურ სამზარეულოში“.

„ნედლეულს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩინეთიდან ჩამოგვაქვს, მაგრამ რამდენიმე თვის მარაგი გვაქვს და ჯერ პრობლემა არ შეგვქმნია. ჩინეთში არსებული მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, რა თქმა უნდა, არ შემოვიტანთ პროდუქტს და ადგილობრივით ვიმუშავებთ. გარისკვას არ ვაპირებთ, ჩვენთვის მთავარი მომხმარებელია“, - უთხრა „კომერსანტს“ „აზიური სამზარეულოს“ წარმომადგენელმა.

ბიზნესმენებისგან განსხვავებით შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ ექიმები, რადგან არ შეიძლება ჩინეთიდან იმპორტირებული ნებისმიერი დასახელების პროდუქტი, კორონავირუსის გავრცელების მატარებელი იყოს. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნები, საქართველოც საფრთხის წინაშეა, თუმცა ვირუსის გავრცელება იმპორტირებული პროდუქტებით არ მოხდება.

„ეს არის ე.წ. რესპირატორული, ანუ სასუნთქი გზების ვირუსი. ჰაერწვეთოვანი გზით ხდება ადამიანების ინფიცირება. შესაბამისად, ეს იგი გარემოში დიდხანს ვერ ცოცხლობს. ანუ, როდესაც ის წვეთი გამოშრება, რომელიც სასუნთქი გზებიდან გავრცელდა, მასთან ერთად იღუპება ვირუსიც. მექანიზმი, რომ იმპორტირებული სახის რაიმე დასახელების პროდუქტს შემოჰყვეს ვირუსი, არ არსებობს, რადგან მას გარემოში ამხელა გამძლეობა არ აქვს.

საერთოდ, ასეთი ტიპის აფეთქებები წარსულშიც გვქონდა, 2003 წელს, შემდეგ 2012 წლიდან. სხვათა შორის, სიკვდილიანობა კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა. მაშინ ამ ეპიდებიების შეჩერება, რაღაც გზებით მოხდა. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ასეთი ყურადღებაა გამახვილებული. მაქსიმალურად უნდა გატარდეს უსაფრთხოების ზომები, რომ არ მიიღოს კიდევ უფრო მასობრივი ხასიათი და მთელ მსოფლიოს არ მოედოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც მოხდება ვირუსის შეჩერება. რაიმე განსაკუთრებული და განსახვავებული ამ ეპიდემიას, წინამორბედებისგან, არ აქვს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულშია. რასაკვირველია, ამ ქვეყანასთან, ძირითადად, მზარდი იმპორტი გვაკავშირებს, რომელიც წელიწადში თითქმის 900 მილიონ დოლარს უტოლდება.