ჩინეთთან ფრენა შეწყდება და თანდათან ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობაც შეიზღუდება. კორონავირუსის გამო უკვე აიკრძალა ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი, ხოლო აზიური ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსის რისკის გამო, საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დროებით შეჩერების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის გავრცელების ალბათობასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მთავრობა, სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გაკეთდეს და ლიდერობა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩინეთიდან ჩვენც ვართ ამ პროგრამაში ჩართული. ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი იმისთვის, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
პარალელურად ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ევაკუაციის გეგმაზე მსჯელობა სწრაფად გაიმართება.
„ჩინეთიდან ფრენები აიკრძალება და ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. შევხვდებით და გადავწყვეტთ, თუ რა გეგმით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მანმადე კი საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.
აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.
გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.
ყველაზე მეტად საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა.
საქართველოს მთავრობის გაქტიურებ უკავშირდება იმას, რომ ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების არეალი და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ. ეპიდემია ელვისებურად ვრცელდება. ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 5000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
ჩინეთის გარდა ვირუსი ბევრ ქვეყანას მოედო. იგი აღმოჩნდა ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – 5, გერმანიამ – 1. კორონავირუსი აღმოჩნდა რუსეთსა და უკრაინაშიც.
„ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსის თამარ ოგბაიძის თქმით, საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ საქართველოც უკვე ხვდება მაღალი რისკის ქვეშ.
„სიმპტომები კორონავირუსს აქვს მსგავსი, რაც სხვა რესპირატორული ვირუსების დროს არის. ესაა: ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ნაკლები ინტენსივობით უსიმპტომოდ ან საკმაოდ გამოხატულად. ეს სიმპტომები ასევე ახასიათებს გრიპსაც, ამიტომ დადასტურება მოხდება მხოლოდ ლაბორატორიული გზით. რაც შეეხება პრევენციას, ყველაზე კარგი არის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვირუსის ვაქცინა არ გვაქვს.
პირველ რიგში, საჭიროა კონტაქტების შეზღუდვა, თუ ვინმეს აქვს ხველა, მაღალი ცხელება, მოვერიდოთ. აუცილებელი ამ კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა. ზოგადად, ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვიბანოთ ხელები ძალიან ხშირად და ეს უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. განსაკუთრებული სიფრთხლეა საჭირო როდესაც საქმე ეხება აეროპორტებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ კავშირი გარკეულ ცხოველებთან, ფერმებთან. არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები“, - განაცხადა ოგბაიძემ და დასძინა, რომ სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს და მკურნალობა არის სიმპტომატური.