2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც აბსოლუტური რეკორდია. რაც ყველზე მნიშვნელოვანია 2018 წლის ექსპორტის მართლაც გამორჩეულ ოდენობას შარშანდელმა მონაცემებმა 9%-ით გაადაჭარბა. მსოფლიო ბაზრებს თანდათან იპყრობს ქვევრის ღვინო, რომლის პოპულარობაც თვალსა და ხელს შუა მატულობს.
მათი ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4114972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7089259 ბოთლი), აშშ - 48% (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168307 ბოთლი).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 45% (708408 ბოთლი), გერმანია - 40% (671 453 ბოთლი), ბელარუსი - 74% (2787065 ბოთლი), ისრაელი - 80% (324700 ბოთლი), ესტონეთი - 20% (693248 ბოთლი), რუსეთი - 9% (58384540 ბოთლი), მოლდოვა - 8738% (625724 ბოთლი), ნიდერლანდები - 17% (96464 ბოთლი), ჩეხეთი - 34% (83136 ბოთლი), შვედეთი - 636% (92214 ბოთლი), ბულგარეთი - 30% (34734 ბოთლი), მონღოლეთი - 40% (297576 ბოთლი) და ა.შ.
ღვისი ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებლებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სპეციალისტებში, ასევე ბიზნესმენებში. ახლა მთავარია კიდევ უფრო გაიზარდოს ქართული პროდუქციის ხარისხი, რაც მომავალში შედეგს უფრო მეტად გააუმჯობესებს.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი აქცენტს სწორედ ღვინის ხარისხზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჩვენი პოზიციონირება მსოფლიოში უნდა იყოს ვაწარმოებთ ცოტას, მაგრამ ხარისხიანს. ქვევრის ღვინოებს საექსპორტო ბაზრებზე სამჯერ მეტი ღირებულება აქვს, შესაბამისად მსოფლიო ბაზრებზე საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება.
„ყველა ბაზარზე სხვადასხვა ფასია, მაგალითად რუსეთის ბაზარზე საშუალოზე მაღალი ფასია, ევროპაში მაღალი საექსპორტო ფასია და აშშ-სა და აზიაშიც საკმაოდ მაღალი ფასებია. კომპანიის პოზიცია ასეთია, რომ არ დავაგდოთ ჩვენი ღვინის ფასი. ჩვენი პოზიციონირება მსოფლიოში უნდა იყოს - „ვაწარმოებთ ცოტას, მაგრამ ხარისხიანს“. შესაბამისად რაღაც როდესაც ხარისხიანია და ნიშურია, ის უნდა ღირდეს მაღალი ფასი“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
„შუხმან ვაინსის“ გენერალურმა დირექტორმა აზიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, პოზიციების გამყარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების მოწყობა იგეგმება.
„აზიის მიმართულებით მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და 2020 წელს ამ დიდ ბაზარზე ჩვენი პოზიციების გამყარებას ვგეგმავთ. ეს არის ძალიან რთული პროცესი, მით უმეტეს როდესაც ქართული ღვინო ახალი პროდუქტია მათთვის და ერთი მხრივ მომხმარებელს ვაჩვევთ და მეორე მხრივ, ხარისხზე ვმუშაობთ, რომ მუდმივად მაღალი ხარისხის ღვინო იყოს და არ იყოს რაიმე ცვლილებები ხარისხში. ეს იქნება ჰონგ-კონგის, სინგაპურის, ჩინეთში - პეკინისა და შანხაის მიმართულებით გარკვეული სახის აქტივობები.
ბოლო მოვლენა ამერიკის პრეზიდენტის მიერ ევროპულ ალკოჰოლურ სასმელებზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა ქართული ღვინის ექსპორტზე დადებითად აისახოს, აქაც ვხედავ პოტენციალს“, - უთხრა „ბიზნეს მედიას“ „შუხმან ვაინსის“ გენდირექტორმა.
აღსანიშნავის, რომ 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).