დედაქალაქის მერიაში ამტკიცებენ, რომ „ცენტრ პონტის“ მარადიულ პრობლემასთან დაკავშირებით საქმე მოგვარებისკენ მიდის. კონკრეტული თარიღი არც ამჯერად სახელდება, თუმცა დაპირებების „ხარისხმა“ მოიმატა.
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„ზოგადად დაუსრულებელი მშენებლობების, მათ შორის კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემის გადაჭრა არის დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ამის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ეს ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ხალხი არ დავტოვოთ ბედის ანაბარა, ჩავერთოთ პროცესში და ჩვენი ძალისხმევით მოვაგვაროთ წლობით დაგროვილი პრობლემა.
ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა დავყავით ორ ნაწილად. პირველი ეხება სარემონტო სამუშაოებს, იქ, სადაც უკვე არსებობს შენობა-ნაგებობები. მეორე ეხება უშუალოდ მშენებლობის წარმოებას, რაც ნულიდან არის დასაწყები. თბილისის მერია მუშაობს ორივე მიმართულებით, რაც გამოიხატება ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედებაში და იმ ინვესტორების მხარდაჭერაში, ვინც დაინტერესდება აღნიშნული პროექტებით. უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და გვაქვს გარკვეული შედეგები, თუმცა პროცესი გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი კი ადასტურებს, რომ დეველოპერებთან და „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ძალიან დიდი დაინტერესება. იყო საინტერესო წინადადებები დეველოპერების მხრიდან.
„ვფიქრობთ, კარგ კომერციულ პროექტად შეიძლება ამ პროექტის ქცევა. ზოგადად, გვინდა, რომ მთელი ეს პროცესი ყველა მიმართულებით იყოს 3 ან 3,5 წლიანი წლით, რათა ამ პერიოდში დასრულდეს ყველაფერი და ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდეს. ჩვენი მიზანი და გეგმა არის, რომ არ დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობით იქნება დაზარალებული“, - განაცხადა ელოშვილმა.
იმედიანად არიან „ცენტრ პოინტში“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან: „ანაგი“, „არქი“, „თბილი სახლი“, „X2“ და „აჭარა ჯგუფი“. როგორც კი საპროცესო გარიგება გაფორმდება, სამშენებლო კომპანიები დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას დაიწყებენ.
„ყველაფერი დაიწყება თებერვლის ბოლოს და დამოკიდებულია საპროცესო გარიგებაზე (მაია და რუსუდან რჩეულიშვილებისთვის სასჯელის მოხსნის თაობზე). როცა ჩვენ გვექნება საპროცესო გარიგების მყარი გარანტიები, კომპანიები უკვე მზად იქნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყონ. ეს მოხდება „ცენტრ პოინტის“ კუთვნილ ყველა ობიექტზე. ბევრ სამშენებლო კომპანიასთან არის მიღწეული შეთანხმება. თვითონ „ცენტრ პოინტის“ რეაბილიტაციის პროექტში ჩართულია ბევრი კომპანია, ესენია: „ანაგი“, „არქი“, „თბილი სახლი“, „X2“, ასევე დიდი როლი აქვს კომპანია „აჭარა ჯგუფს“, რომელიც ყიდულობს ნინოშვილის მიწას, რაც ვალდებულებების 70%-ს ფარავს. პირობებს რაც შეეხება, ჩვენი და მერიის შეთანხმებაში წერია, რომ ის თანხები, რაც შემოვა, მოხმარდება დაზარალებულებს“, - განუცხადა „ბიემს“ რჩეულიშვილმა.
რაც შეეხება „აჭარა ჯგუფს“, გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მათთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, უბრალოდ ელოდებიან საპროცესოს გაფორმებას, რომ ხელშეკრულებაც გაფორმდეს.