გამოცოცხლდება თუ არა ბოლო დროს ჩამკვდარი სამშენებლო ბიზნესი?

გამოცოცხლდება თუ არა ბოლო დროს ჩამკვდარი სამშენებლო ბიზნესი?

სამშენებლო ბიზნესის ირგვლივ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე არც წელსაა მოსალოდნელი. ფასი, რა თქმა უნდა, ვერ მოიმატებს, რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია, ხოლო საფინანსო შეზღუდვების შემსუბუქების მხრივაც ჯერ არაფერი იგეგმება.

საბანკო რეგულაციები ერთ-ერთი ის ფაქტორია, რის გამოც, უძრავი ქონების სფერო კრიზისში მოექცა. ამას დამატებული, შარშანდელი რთული ეკონომიკური მდგომარება და სამშენებლო სექტორი მეტად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სფეროს დიდი დატყმა მიაყენა.

უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ბაზარზე ამჟამად საკმაოდ არაპროგნოზირებადი ვითარებაა და როგორ გაგრძლდება ვითარება რთული სათქმელია.

„ძალიან რთულია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, რადგან ამ ეტაპზე არსებული ვითარება არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი. საახალწლო ეიფორიებმა ჩაიარა და გაზაფხულის ბოლომდე ფასები უმნიშვნელოდ მოიმატებს, თუმცა ეს იქნება სეზონური ფასთაშორის სხვაობებით გამოწვეული ბალანსი.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, რთული იქნება ცალსახად თქმა, რა გველოდება. ყველაფერი ფინანსურმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეცვალა და როგორ გაგრძელდება ყველაფერი, რთული სათქმელია. ეს არა მარტო უძრავ ქონებას, არამედ უმეტეს ეკონომკურ დარგებს ეხება“, - განაცხადა გუჯაბიძემ.

საბანკო რეგულაციების შერბილება არააერთხელ დაანოსნდა, თუმცა მისი გადახედვა ჯერჯერობით არ მომხდარა. არადა, ეს სწორედ ის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რის გამოც უძრავი ქონების ბიზნესი ვეღარ ვითარდება.

საკანონმდებლო დონეზე არა, მაგრამ დეველოპერებისთვის მაინც არის სიახლე მუნიციპალურ დონეზე - პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება. ამან შეიძლება დადებითი მუხტი შეიტანოს სამშენებლო ბიზნესში.

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე აღნიშნულ ცვლილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება, რადგან გაიზრდება თანამშრომლების რიცხვი და დაჩქარდება ის სამუშაოები, რომელიც დროში ჭიანურდებოდა.

თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელსაც ურბანულ სამსახურში აწყდებიან, ახალი გადაწყეტილება შეცლის. შესაბამისად, გამოასწორებს, როგორც კომუნიკაციის, ასევე საქმის დროულად განხილვის პროცესს.

„ურბანული სამსახურის სსიპ აუცილებლად უნდა არსებობდეს. ერთი ფანჯრის პრინციპის პრობლემა გვაქვს და ეს ცხადია. ცვლილება შეცვლის იმ მხარეს, რომ გაეზრდებათ ხელფასები თანამშრომლებს, ეს მათ მისცემს მოტივაციას იმუშაონ.

როგორც კი ეს მხარე მოწესრიგდება, გაიზრდება თანამშრომლების რაოდენობა და 1 ადამიანი, რომელსაც საქმე თავზე ეყარა და ვერ ასწრებდა დროულად კონკრეტული საქმის გაკეთებას, შეუმსუბუქდება სამუშაო და ვადებში ჩაჯდება. კონკრეტული საქმის განხილვას თუ სჭირდება 3 თვე, ისინი კადრების ნაკლებობის გამო უნდებოდნენ 1 წელი. აი, ეს შეიცვლება და თავისთავად მოგვარდება ის ძირითადი პრობლემები“, - ამბობს თორნიკე აბულაძე.