„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა. სულ მალე ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები ერთბაშად გამკაცრდება. ამ თვალსაზრისით, დედაქალაქთან ერთად, არანაკლებ ცუდი ვითარებაა რეგიონებში, სადაც საწარმოები ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას ბოლომდე გაურბიან.
როგორც გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსმა დიმიტრი ღლონტმა განაცხადა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის, ჯარიმები 5 ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.
„მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე, იმედია, დამტკიცდება და ეს ითვალისწინებს ცვლილებებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დღეს არსებული კანონმდებლობით, თუ მოხდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე მეტად გადამეტება, სუბიექტი ჯარიმდება 500-დან 1000 ლარამდე, რომელსაც არავითარი შემაკავებელი ეფექტი არ აქვს. მათ უღირთ ჯარიმის გადახდა, ვიდრე ძვირდღირებული დანადგარების შეძენა. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს სანქციები იზრდება. თუ ხუთჯერადად გადაამეტებს, ჯარიმა იქნება 5 000, თუ 5-დან 10-მდე - 15 000 ლარი და 10-დან ზევით გადამეტების შემთხვევაში, ჯარიმის მოცულობა 45 ათასით განისაზღრება. განმეორების შემთხვევაში ეს თანხები ორმაგდება და იმედს ვიქონიებთ, რომ შედეგი იქნება“, - აღნიშნა „საქმიანი დილასთან“ ღლონტმა.
სხვადასხვა ქვეყანაში დაბინძურების წყაროებიც განსხვავებულია. დიდ ქალაქებსა და ინდუსტრიულ ქვეყნებში დაბინძურების ძირითადი წყარო საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვია. ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჰაერის დამაბინძურებელი წვრილი ქვიშა და მტვერია. ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მნიშვნელოვან როლს სოფლის მეურნეობა ასრულებს - ამიაკის ნარჩენები ჰაერში მყარ კრისტალებს (სულფატები და ნიტრატები) აყალიბებს.
საქართველოში კი ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროებია: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი.
საქართველოში არ ჩატარებულა ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომელიც დაადასტურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს და რისკებს შეაფასებს.
ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები შეისწავლა - კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ჰაერის ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა.
ჰაერის დაბინძურები ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თბილისში ავტოპარკი იზრდება. მართალია, ნელ-ნელა შემოდის ელექტრო და ჰიბრიდულძრავიანი ტრანსპორტი, მაგრამ ეს ჯერ საქმეს ვერ შველის.
„საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრები“-ს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ თბილისის ქვაბული, ფაქტობრივად, არ ნიავდება, ამას გარდა, მაღალი შენობების გამო დაბინძურებული ჰაერი ქალაქში კონცენტრირდება.
„ჯერაც არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტი, რასაც კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება უნდა მოჰყვეს. სწორედ ამ გზით გააუმჯობესეს განვითარებულმა ქვეყნებმა ჰაერის ხარისხი. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი საგანგაშო ვითარება გვაქვს, როგორიც პეკინშია, მაგრამ არც შესაშური მდგომარეობაა“, - ამბობს ჩხობაძე.
გლობალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, სიტუაცია საკმაოდ რთულია. კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დაბინძურებული ჰაერის გავლენა შეისწავლეს, 2010 წლის განმავლობაში 3,3 მილიონი ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა. ამის მიზეზი კი ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებსა და ნაწილაკებთან შეხება იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 4,4 მილიონი გახდა. მეცნიერების აზრით, თუ არაფერი შეიცვლება, 2050 წლისთვის ნაადრევი სიკვდილის რაოდენობა გაორმაგდება.