„გიფიქრიათ თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე?" - ეს კითხვა შალვა რამიშვილის გადაცემაში „სიმართლის დრო" მსახიობ მიშა მესხს დაუსვეს. ამ უკანასკნელმა კი უპასუხა, დიახო.
ამგვარი შეკითხვები შალვას გადაცემაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყოფილმა ტელესახე მარინა სალუქვაძემ ეს ამბავი არ „გაატარა". ის კი არა, პირად შეურაცხყოფადაც მიიღო და „იმედისგან" სატელევიზიო ეთერით ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ტელეკომპანია უარზეა. საქმე შეიძლება სასამართლომდე მივიდეს.
„სარკე" ამ სკანდალური დაპირისპირების ორივე მხარეს ესაუბრა.
შალვა რამიშვილი: ჩვენს გადაცემას რომ დიდი რეზონანსი ექნებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ასეთ უწყინარ ფაქტზე თუ ასეთ დიდ სკანდალს ატეხდა მარინა სალუქვაძე... ვკითხე ერთ ადამიანს, თუ უფიქრია მეორე ადამიანთან სექსზე. მარინა სალუქვაძე არის საჯარო პირი. მიჰყავდა გადაცემა „ტაბუ". მისი პირადი ცხოვრება შესაძლოა გახდეს სახალხო განსჯის საგანი და ამას შეგუებული უნდა იყოს ისევე, როგორც ამას მე ვარ შეგუებული, რადგან ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შეკითხვას დავსვამდით არასაჯარო ადამიანზე, მაშინ შეიძლებოდა გაჩენილიყო გარკვეული კითხვის ნიშნები, მაგრამ ამ შემთხვევაში არის ეგრეთ წოდებული „ფაბლიკ პერსონ". ის პოპულარულია და ხალხს აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება.
ანუ თვლით, რომ ყველა ჟურნალისტის პირადი ცხოვრება უნდა იცოდეს მოსახლეობამ?
- ყველა ჟურნალისტის - არა! ეს ქალბატონი იყო წლების განმავლობაში ტოქ შოუს წამყვანი, სადაც მსჯელობდნენ ტაბუირებულ თემებზე და, მათ შორის, სექსუალურზეც. შესაბამისად მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მისი საკუთრება არ არის. ტელეწამყვანები, პოლიტიკოსები, მსახიობები ვეგუებით იმას, რომ ჩვენზე მსჯელობენ ღიად და საჯაროდ. ჩვენ ქალბატონი მარინა დამამცირებლად არ მოგვიხსენებია. იგივე შეკითხვა რომ დაესვა წამყვანს ვინმესთვის - ანჯელინა ჯოლისთან სექსზე თუ გიოცნებიათო, ანჯელინა ჯოლიც შეურაცხყოფად მიიღებდა?! რა თქმა უნდა, არა! თუნდაც ოპრა უინფრი იყოს. იყო ასეთი წამყვანი, ხანგა, რომელსაც სექსუალურ თემებზე მიჰყავდა გადაცემა. მას რომ მოესმინა, რომ თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქე მასთან სექსზე ოცნებობს, არ მგონია, შეურაცხყოფად მიეღო.
როგორი ქალია პირადად თქვენი თვალით დანახული მარინა სალუქვაძე?
- მის მიმართ ძალზე კეთილგანწყობილი ვარ და მიმაჩნია, რომ რაც მოხდა, ეს მის იმიჯს არ აზარალებს, რადგან სავსებით შესაძლებელია მამაკაცს ასეთმა რამემ მასთან დაკავშირებით გაუელვოს.
ანუ თქვენც გიფიქრიათ მასზე სექსის კონტექსტში?
- პირადად მე მასზე ამ კუთხით არ მიფიქრია.
რატომ?
- კაცია და გუნება.
რომ გაიგოთ, თქვენს ცოლთან სექსზე ფიქრობს ვიღაც, აღშფოთდებით თუ არა?
- ჩემი ცოლი არ არის საჯარო პირი. ამის გამო სასამართლოში არავის ვუჩივლებ. მესმის, რატომაც აღშფოთდა მარინა სალუქვაძე და რატომ მიიღო ასე მტკივნეულად.
რატომ?
- მეტად უჩვეულო, მოულოდნელი იყო მისი ამ კონტექსტში მოხსენიება და წონასწორობიდან ამიტომაც გამოვიდა. მას ვთხოვ, ამას შეხედოს, როგორც ჩვენი შოუბიზნესის, ტელებიზნესის ნაწილს. პრინციპში, პრობლემის მოგვარების კარგი გზა სასამართლოში პროცესის აღძვრაა. სასამართლოს დარბაზი ჩემთვის კარგად ნაცნობია და თუ უნდა, მიმართოს. მთელი ჩემი ცხოვრება პრობლემებთან ბრძოლაა და ეს მგონი, ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება. მე ისეთ პრობლემას გავუმკლავდი, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი არ მგონია. არ ვფიქრობ, რომ სასამართლო დაადასტურებს ჩვენ მიერ მარინა სალუქვაძის შეურაცხყოფას. სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება და უპრეცედენტო. ასეთი პროცესები ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას.
საზოგადოების აზრი გაყოფილია. მაგალითად, ია სუხიტაშვილი ასე არ ფიქრობს. მან თქვა, როცა მომხიბვლელი ხარ და ტელევიზიით გამოდიხარ, შეიძლება ვიღაცას შენთან სექსი მოუნდეს და ეს შეურაცხმყოფელი არ არისო. სხვა თემაა, რამდენად შეუწყობს ხელს ჩვენი გადაცემის რეიტინგს ასეთი სასამართლო პროცესები. ვფიქრობ, რომ გარკვეული ხმაური საქმეს ყოველთვის წაადგება. თან, ჩვენ მართლები ვართ. საჯარო პირები არ სარგებლობენ იმუნიტეტით და ყველა გადაცემას და გამოცემას აქვს უფლება, განიხილოს მათი ცხოვრება. თან, მათ ძალით არავინ მოათრევს.
ამას წინათ, „რუსთავი 2"–ის ცნობილმა პროდიუსრემა გიორგი ხაბურძანიამ თქვენ ნასამართლევი გიწოდათ. როგორ ფიქრობთ, რამ უბიძგა ამისკენ, რა დაუშავეთ?
- აი, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ის, რომ ადამიანს ჩრიდე ცხვირში მის წარსულს - თუმცა ვთვლი, რომ უსამართლოდ ვიჯექი ციხეში - იმას ნიშნავს, რომ რეიტინგულად ვერ სჯობნი გადაცემას და რეიტინგები ამას აჩვენებს. თუნდაც ყველაზე საშინელი დამნაშავე ვყოფილიყავი, რესოციალიზაცია უნდა განვიცადო. ეს მის უსუსურობაზე მეტყველებს. ის რომ ღირსეული ადამიანი იყოს, კაცი რომ ერქვას, სხვანაირად შეიძლებოდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ რა ქნას, კაცი თავის ადგილს უფრთხილდება, უფროსობას აამებს და ასეთ სისულელეებს ამბობს. წესით, მან უნდა ილაპარაკოს ტოქ შოუს ავკარგიანობაზე პროფესიულად. იმის თქმა, რომ მე ნაციხარი ვარ, მის სისუსტეზე და უღირსებობაზე მეტყველებს. ხაბურძანიას ნათქვამი მე გულზე არ მხვდება, რადგან ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთა ეს. მისი გადაცემა, „ვა–ბანკი" აგებს რეიტინგს „სიმართლის დროსთან", რადგან ჩვენი სჯობია. რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი?! ხომ არ იტყვის, რომ ის ცუდი პროდიუსერია და საქმეს ვერ აკეთებს?! ღირსეულ მეტოქედ რომ ვთვლიდე, ამისთვის პასუხს მოვთხოვდი, მაგრამ ხელმოცარულ პროდიუსერთან რა საქმე მაქვს?! ეს არის გაბრაზებული, გაბოროტებული, პატარა კაცის ნათქვამი.
ახლა ის მითხარით, თქვენი გადაცემის მონაწილეებიდან ყველაზე გაბრაზებული და გაბოროტებული ვინ წავიდა?
- არავინ. შეგიძლიათ ნებისმიერს ჰკითხოთ.
ანრი ჯოხაძე ასეთი გაშავებული და დათრგუნული არასოდეს მინახავს.
- მისი გადაცემის მერე, ანრი ეკა კვალიაშვილის ჩაწერის დროს სტუმრის სტატუსით მოვიდა და გაბრაზებული სულაც არ ყოფილა!
თქვენი სტუმრებიდან ზოგიერთს, ყველას - არა, იგივე კითხვები, რასაც თქვენ მათ უსვამთ, პრესისგან აბრაზებთ და პასუხს არ სცემენ. მაგალითად, გიორგი ყიფშიძეს „სარკის" სათაურებიც კი, რომლებიც მისი საუბრიდან გამომდინარე კეთდებოდა, საოცრად აღიზიანებდა და გვებუტებოდა. როგორ გგონიათ, თქვენს გადაცემაში ფულის გამო არიან თანახმა, რომ ყველა კითხვას გასცენ პასუხი?
- არამარტო ფულის გამო თამაშობენ. სიმართლის თქმას ხიბლი აქვს. დეტექტორის ფაქტორი აიოლებს შენი ნამდვილი ნატურის წარმოჩინებას და ამიტომაც მოდიან პირველ რიგში და არა - ფულის გამო.
ამბობდით, რომ ამ პროექტში პასუხები მხოლოდ „კი" ან „არა" უნდა ყოფილიყო. თქვენ კი ვრცელ მიმოხილვას უძღვნით თითოეულ კითხვას.
- „კი" და „არა"–თი შემოიფარგლება პასუხები, მაგრამ ვაძლევთ უფლებას, რომ ახსნან. როცა ცნობილ ადამიანს ეკითხები, ორგიებში მიუღია თუ არა მონაწილეობა ან მეგობრის ცოლზე თუ უფიქრია, შეიძლება რამდენიმე სიტყვით ახსნას, რატომ იყო ასე.
დარწმუნებული ვარ, მარინა სალუქვაძის გადაცემაში მოწვევა გენდომებათ.
- ცხადია, დიდი სიამოვნებით მოვიწვევდით. შევთავაზებთ და ვნახოთ.
შალვა, პროექტი რომ იწყებოდა, მითხარით, ახალი წლის გადაცემისთვის თავად ვიქნები ჩემი გადაცემის სტუმარი და ინგა გრიგოლია წაიყვანსო. ხომ არ გადაიფიქრეთ?
- არა, არ ვიქნები ამ გადაცემის სტუმარი. თან, გრიგოლია წავიდა და ვის ვანდო გადაცემა?!
ეგ არგუმენტი არ არის. მგონია, რომ თავადაც კი გეშინიათ ან გრცხვენიათ მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა.
- არა, ასე არ არის! ხომ გითხარით, მივხვდი, რომ ამ გადაცემას სხვა ვერავინ წაიყვანს!
მარინა სალუქვაძემ გადაცემის ანონსში აღნიშნული კითხვა რომ მოისმინა, შალვა რამიშვილს დაურეკა. იგი ამბობს, რომ მაშინ შალვა რამიშვილმა იტირა და უმტკიცა, საერთოდ არ ვიცოდი ამ კითხვის შესახებო.
- ყურებს არ დავუჯერე, რომ გავიგე, რა კითხვას სვამდნენ ჩემზე!
მანამდე ია სუხიტაშვილზე ჰკითხეს გიორგი ყიფშიძეს მსგავსი რამ.
- ია და გიორგი ყიფშიძე სამი სეზონი სერიალში შეყვარებულებს თამაშობდნენ და შეიძლებოდა მსგავსი კითხვა გაჩენილიყო. ისინი ერთმანეთთანაც ახლოს არიან. მე კი მიშა მესხი მხოლოდ ორჯერ მყავდა მოწვეული ჩემს გადაცემაში და ქუჩაში თუ შემხვდება, გამარჯობას ვეუბნები მხოლოდ.
არადა მიშა მესხი თურმე მართლა ფიქრობს თქვენთან სექსზე.
- ამისთვის მიშა მესხი საკადრის პასუხს მიიღებს. ფულის მოსაგებად არ შეიძლება კაცი ყველაფერზე წახვიდე. ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და ქმარი, რომელიც საკმაოდ თავმოყვარე ადამიანია. ნებისმიერი კითხვა მათ ცოლებზე რომ გაჟღერებულიყო და „იმედს" დღეში ოცჯერ ეტრიალებინა...
შალვა რამიშვილი ამბობს, რომ მისი ცოლი არ არის საჯარო პირი.
- კი, მაგრამ ამ გადაცემის პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის ცოლი, „რუსთავი 2"–ის დილის გადაცემის წამყვანი, ეკა სამხარაძე, ხომ არის ძალიან პოპულარული. მასზე რომ ყოფილიყო მსგავსი კითხვა, მოეწონებოდა?! გამცეს ამაზე პასუხი! ამას მოჰყვა უამრავი ჩემი ახლობლის ზარი - ეს რა უმსგავსობააო. მამაჩემი ტრავმირებულია, ჩემი 22 წლის შვილი კი მოწყენილი დადის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შალვას გავახსენდი?!
მედალს მეორე მხრიდან შევხედოთ - თქვენ რომ სიმპათიური, მიმზიდველი და პოპულარული ქალბატონი არ ყოფილიყავით, შალვას ეს კითხვა ხომ არ გაუჩნდებოდა?
- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ეს იმის უფლებას არ აძლევს შალვა რამიშვილს, რომ იმ კუთხით მაპიაროს, როგორი იმიჯიც მე არ მაქვს. დაიხვია, თამამი გადაცემის წამყვანი იყოო. ჩემს გადაცემაში იყო თამამი თემები, მაგრამ უხამსობა არასოდეს ყოფილა, პიროვნების ღირსების შეურაცხყოფა არასოდეს ყოფილა!
მამაკაცები თქვენზე ოცნებობენ - ეს თქვენთვის შეურაცხყოფაა?
- თავიანთთვის იოცნებონ და არა - საჯაროდ! ანონსი რომ შეიცვალა, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ლევან ყუბანეიშვილს („ტიბისი ტივის" ხელმძღვანელი) ხმამაღალი ტონით მოსთხოვა, გამოეცვალათ ანონსი და მაშინვე გამოცვალეს. ვითხოვ, პირდაპირ ეთერში ამიხსნან, რაში დასჭირდათ ჩემი სახელის გამოყენება და მომიხადონ ბოდიში!
შალვა რამიშვილს გადაცემაში თქვენი მიწვევა უნდა, დათანხმდებით?
- არა, რადგან ეს გადაცემა უხამსი რამეა. როცა ადამიანს ფულის მოგების მიზნით უბიძგებ, რომ ყველანაირი სიბინძურე ილაპარაკოს, ჩემთვის მიუღებელია! როცა პროექტს ყიდულობ, უნდა გაითვალისწინო ერის კულტურული, ეთნიკური თავისებურებები...
ამ დროს შიშვლდება ადამიანის სული. ბევრი რამ გაქვთ დასამალი?
- რამდენჯერ არის ადამიანი დაკავებული თვითდაკმაყოფილებით? ადამიანის ქვეცნობიერში შეიძლება ძალიან დიდი სიბინძურე იყოს ჩადებული. ადამიანი იმიტომ გქვია, რომ ის ცუდი დათრგუნო. ამ გადაცემაში კი ამ ცუდის აღზევებაა. ბოლო დროს მხოლოდ ეროტიკითა და სექსით უნდათ, რეიტინგი აიმაღლონ. ამით კი დემოგრაფიის პრობლემა არ გადაიჭრება!
ამბობთ, მიშა მესხი თავისას მიიღებსო. რას მიიღებს?
- არ ვიცი და ძალიან მეშინია, ჩემი ქმარი ოდესმე არ შეხვდეს მიშა მესხს. არ მინდა, ასევე შეხვდეს შალვა რამიშვილს ან მის პროდიუსერს, რადგან მერე მასთან ციხეში „პერედაჩებით" სიარული მომიწევს.
თუ არ მოიხდიან ბოდიშს, რას აპირებთ?
- რამდენიმე იურიდიული კომპანია დამიკავშირდა, რომლებიც მზად არიან, უფასოდ დაიცვან ჩემი უფლებები. ეტყობა, მხოლოდ მე კი არა, ბევრს აღიზიანებს ეს გადაცემა. შალვა თვითონაც არ მალავს, რომ ამორალური ტიპია. ამბობს, მე მორალი არ მაქვსო. შალვა არც მეგობრობაში ვარგა და არც კოლეგიალობაში. არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემი სახელი ატრიალოს აქეთ–იქით!
შალვა რამიშვილმა თქვა, ანჯელინა ჯოლიზე რომ დაესვათ მსგავსი შეკითხვა თავის ქვეყანაში, ის ამას შეურაცხყოფად არ მიიღებდაო.
- ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ! ანჯელინა ჯოლის მასზე დასმული კითხვა რომ არ მოსწონებოდა, ის გადაცემა ბევრი მილიონის გარეშე დარჩებოდა. თუ შალვა რამიშვილისთვის და მისი პროდიუსერისთვის სექსსიმბოლო ვარ, ჩემგან ამაზე მადლობას ვერ მიიღებენ. იცით, რა შთაბეჭდილება მრჩება? ამ გადაცემის მესვეურები მხოლოდ და მხოლოდ სექსზე ფიქრობენ. სექსუალურად აფორიაქებული ხალხია. ამ საქმის დეფიციტს ასე ვერ აღიდგენენ. მამაკაცების ყურადღება არასოდეს მაკლდა და ზედმეტი ყურადღება ნამდვილად არ მჭირდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სახელი გაჟღერდა შალვას გადაცემაში, ახლა უფრო მეტი ადამიანი უყურებს. თუ რამის თავი აქვს და პროფესიონალია, თავისით გაიკეთოს რეიტინგი და მე თავი დამანებოს!
მარინა, ამას წინათ, გადაცემა „პროფილში" თქვით, მარტო ვარ და ახალ სიყვარულს ვეძებო. ახლა კი თქვენი ქმრის რეაქციებზე გვიყვებით.
- არა, ასე არ ყოფილა. ვთქვი, რომ ბზარი გაჩნდა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაში. მაია ასათიანმა კი რატომღაც ახალი სიყვარული მისურვა. ოჯახში ყველაფერი ხდება და მერე გვარდება.
„სიმართლის დროს" პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ვერ იხსენებს, ვინ მოიფიქრა კითხვა მარინა სალუქვაძეზე და ამბობს, რომ მსგავს კონტექსტში მისი ცოლის ხსენება თავად მას ძალზე გააღიზიანებდა.
ნოე სულაბერიძე: კითხვებს პროდიუსერები და ფსიქოლოგები ვადგენთ. სულ ცხრანი ვართ. გვინდოდა, რომელიმე ქალზე დაგვესვა მსგავსი კითხვა. გვინდოდა ისეთი ადამიანი, ვისაც პრეტენზია არ ექნებოდა. ფსიქოლოგებს მარინას კანდიდატურა მოეწონათ, რადგან მას ტაბუდადებულ თემებზე მიჰყავდა გადაცემა და იფიქრეს, გაგებით და იუმორით შეხვდება ამ ყველაფერსო.
შალვა რამიშვილი ესწრება ხოლმე კითხვების შედგენას?
- კითხვების შედგენის პროცესში ჩართვის უფლება აქვს და ხანდახან ესწრება ხოლმე, მაგრამ მაშინ იქ იყო თუ არა, ვერ გეტყვით.
მარინა სალუქვაძეს აინტერესებს, თქვენს ცოლზე, ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე რომ დასმულიყო მსგავსი შეკითხვა რომელიმე გადაცემაში, რა რეაქცია გექნებოდათ.
- გადაეცით მარინა სალუქვაძეს, რომ ნოე ძალიან გაბრაზდებოდა, თუმცა კრიმინალს არ ჩავიდენდი. ჩემს მეუღლეს კი ალბათ მხოლოდ გაეღიმებოდა და აღშფოთებული არ მივიდოდა ტელევიზიაში პროტესტის გამოსახატავად. ჟურნალისტია და ასეთი რამეები კარგად ესმის. როცა მარინა სალუქვაძემ პროტესტი გამოთქვა, ის კითხვა ანონსიდან ამოვიღეთ.
ლევან ყუბანეიშვილის დავალებით?
- არა, მას არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ადამიანურ კომპრომისზე წავედით, რომელიც უნდა დაენახა.
ბოდიშის მოხდას აპირებთ?
- არა!