როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს?

როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს?

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე მართებს. აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გამსტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

„დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს. ამ ვალის დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა. „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და მას დახარჯავდნენ.

ახლა საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო. თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი -აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე, ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა - კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან, ფინანსური ანგარიშსწორება გადადის სადაზღვევო კომპანიებზე, სახელმწიფო კი დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

აქვე პრობლემად რჩება ე.წ. 520-ე დადგენილება, რომლის ხარვეზების გასწორების პირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ დეკემბერში დადო. ამჯერად უკვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ისიც პირდად საკითხშია ჩართული და უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ხვდება დადგენილებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად.

„ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენად და დასათვლელად. მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში.

„მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შეხებაში მოსახლეობასთან, სწორედ ჯანდაცვის სექტორია. პრობლემები, ხარვეზები ერთად აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე“, - აღნიშნა ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე.

საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების ნაწილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მათ ხელფასების გაცემის პრობლემები შეექმნათ სწორედ სახელმწიფოს მიერ წარმოშობილი დავალიანების გამო. 520-ე დადგენილების მიერ განსაზღვრულ ტარიფებს კი საავადმყოფოების ნაწილი არ ეთანხმება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ბიემის“ კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, უპასუხა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს.

„გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს. რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ხარვეზები რაც იყო, ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ის ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი. ეს არის მიმდინარე პროცესი. თანხა არის ცვალებადი, აქედან გამომდინარე დღევანდელ ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით“, - აღნიშნა ტიკარაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ აარიდა თავი დავალიანების დაფარვის მიახლოებითი თარიღის დასახელებას.

trampi ეს საიდანღა მოიყვანეს?? ან რას ერჩოდნენ??
წესით ეს ჯერ ისევ კუკლებით უნდა თამაშობდეს
4 წლის უკან