კახა გოგოლაშვილი:  საქართველო რთულ მდგომარეობაში დგება, რაც უფრო გაიზრდება აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება, უფრო მეტი სანერვიულო ექნება ჩვენს ქვეყანას

კახა გოგოლაშვილი:  საქართველო რთულ მდგომარეობაში დგება, რაც უფრო გაიზრდება აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება, უფრო მეტი სანერვიულო ექნება ჩვენს ქვეყანას

საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში დგება, რაც უფრო მეტად გაიზრდება დაპირისპირება, უფრო მეტი სანერვიულო ექნება ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ისა და ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.


როგორც კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, ირანიდან ლტოლვილთა ნაკადის საფრთხე ნაკლებად დგას, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, აშშ-მ ირანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, თუმცა, ესკალაციის შემთხვევაში, საქართველო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა თურქეთი აშშ-სთვის არასანდო პარტნიორია, ამის ალტერნატივად აშშ-მ შესაძლოა საქართველოც მოიაზროს, რაც მომგებიანი მხოლოდ მშვიდობიან ვითარებაში იქნებოდა.


„საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში დგება, რაც უფრო მეტად გაიზრდება დაპირისპირება, უფრო მეტი სანერვიულო ექნება ჩვენს ქვეყანას.


ირანი ძალიან ახლოა ჩვენთან, აშშ-სთან სამხედრო ურთიერთობების გაძლიერება მისასალმებელია, თუმცა, გააჩნია, რა კონტექსტში და რა პირობებში. თუ ჩვენ მოგვიწევს აშშ-სთან მეტად დაახლოება სამხედრო თვალსაზრისით და მათი ბაზების განთავსება საქართველოში, რომელიც ირანთან დაპირისპირებისთვის იქნება გამოყენებული, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა, გავხდებით ირანის, ასევე ტერიტორისტული ორგანიზაციების სამიზნე, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ, ეს რა თქმა უნდა, სარისკოა და არამომგებიანი. საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება ირანიდან ლტოლვილთა მოაწყდეს საქართველოს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის შედეგად, რაც ნაკლებ სავარაუდოა. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ გეზს, აქ მისაღები იქნება ძალიან რთული გადაწყვეტილებები. ვიცით, რომ თურქეთმა ახალხანს არ მისცა საშუალება აშშ-ის, რომ ინჯირლიკის ბაზა გამოეყენებინა სამხედრო მიზნებისთვის. სულ უფრო და უფრო ვხედავთ, რომ თურქეთი ამ თვალსაზრისით აშშ-ისთვის არასანდო პარტნიორი გახდა. ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია საჭიროებს, რა თქმა უნდა, ტერიტორიას და სივრცეს, ბაზებს და ლოჯისტიკურ მარშრუტებს. ეს ლოჯისტიკური მარშრუტი თურქეთის ალტერნატივად შეიძლება გახდეს საქართველო, რაც შეიძლება მშვიდობიან ვითარებაში ჩვენთვის მომგებიანი და კარგი ამბავი ყოფილიყო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იზრდება ჩვენი შანსები ნატო-ში გაწევრიანებისთვისაც, მაგრამ ომის და ასეთი კონფრონტაციის ვითარებაში ჩვენი გადაქცევა თუ გნებავთ ლოგისტიკურ კორიდორადაც კი, უკვე სარისკოა პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა,“- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.


რაც შეეხება ირანსა და აშშ-ის ომის ალბათობას, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ირანის მუქარა და ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. თუმცა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ აშშ სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს, რადგან ეს ვერც ახლო აღმოსავლეთში შეცვლის ვითარებას და ამასთანავე, ტრამპის პოლიტიკის მარცხი იქნება.


„სამხედრო ლოკალური კონფლიქტის შესაძლებლობა არსებობს, რადგან ირანი უკვე იმუქრება და ირანის მაღალჩინოსნები საუბრობენ იმაზე, რომ სამხედრო პასუხს გასცემენ აშშ-ს და თანაც მიიტანენ იერიშს სამხედრო ობიექტებზე. ეს თავისთავად, აშშ-სგან უპასუხოდ არ დარჩება.


დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის 52 სხვადასხვა ობიექტზე აქვს დარტყმა დაგეგმილი და მას სწრაფად განახორციელებს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, აშშ-მ ირანთან დაიწყოს სახმელეთო ოპერაციები. შევხედოთ გამოცდილებას, რა მოუტანა ომმა აშშ-ს ავღანეთში და ერაყში - ავღანეთში გაიმარჯვა აშშ-მ, თუმცა, ავღანეთი არის არასტაბილური და ვერ მოხდა მისი დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ეს აშშ-ს უჯდება ძვირი, როგორც სამხედროების სიცოცხლის, ასევე ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ერაყში კი ვხედავთ, რომ ერთი რეჟიმი ნელ-ნელა შეიცვალა მეორე რეჟიმით, აბსოლუტური ქაოსია ქვეყანაში და ის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. ერაყში შიიტური უმრავლესობა ნელ-ნელა ირანისკენ იხრება და ვნახეთ გადაწყვეტილებაც უცხოელი სამხედროების გაყვანის შესახებ, რომელიც ირანიდან არის ნაკარნახევი. ამის საპასუხოდ სანქციების დაწესების მუქარა ტრამპისგან, არის გაფრთხილება, რომ ჩვენ არ გავალთ. აშშ-სთვის უფრო მნიშვნელოვანია მისი სამხედრო კონტინგენტის ერაყში დატოვება, ვიდრე სანქციების დაწესება, რადგან ერაყისთვის დამატებით სანქციების დაწესება ირანთან ერთად, კიდევ უფრო გააძვირებს ნავთობს და რა ეკონომიკური შედეგები ექნება ამას აშშ-სთვის, ჩვენ არ ვიცით.


რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ერაყსა და ავღანეთში, სადაც გარკვეულწილად გარდაუვალი იყო სახმელეთო ოპერაციები, მაგრამ როცა შედეგს ვუყურებთ, ეს არ არის ის, რასაც ელოდა მსოფლიო და აშშ და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ირანთან სახმელეთო ოპერაცია კი, კიდევ უფრო მეტ რისკებთან იქნება დაკავშირებული. ვთქვათ, მოუგო აშშ-მ ირანს ომი და ჩააყენა სამხედროები, როგორი იქნება ამის შემდეგ ირანი და მთლიანად ახლო აღმოსავლეთი, არ ვიცით. ამასთან, რუსეთი, შესაძლოა, პირდაპირ სამხედრო თვალსაზრისით არა, მაგრამ აუცილებლად დაეხმარება ირანის მთავრობას, არ ვიცით, რა პოზიციას დაიჭერს ჩინეთი, არ ვიცით, როგორი პოზიცია ექნება ევროპას, რომელსაც არ უნდა ომი და ამასთან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსოფლიო ეკონომიკა გადახლართულია. ყველა დაზარალდება, ევროპა ამისგან აუცილებლად დაზარალდება ეკონომიკურად. ეს იქნება ტრამპის პოლიტიკის მნიშვნელოვანი მარცხი, თუ აშშ-ს მოუწევს არა უბრალოდ სამხედრო ოპერაციის, არამედ ომის გაჩაღება, რადგან ტრამპის პოლიტიკა იყო ასეთი, რომ ის აპირებდა საერთაშორისო პროცესებში, განსაკუთრებით კონფლიქტებში, აშშ-ის როლის შემცირებას, ამიტომ ამ შემთხვევაში, თუკი ის დაიწყებს სახმელეთო ოპერაციებს, მისი ეს მიდგომა აბსოლუტურ კრახს განიცდის.


ამასთან, აშშ-სთვის დიდი კონტიგენტის შეყვანა ერაყში იმისთვის , რომ ირანს დაუპირისპირდეს, რთული იქნება პოლიტიკურად იმის ფონზე, რომ ერაყის მთავრობა მხარს არ უჭერს აშშ-ს ჯარების ყოფნას თავის ტერიტორიაზე, ამიტომ ის ლეგალურ სანქციას არ მისცემს აშშ-ს იმისთვის, რომ იქ განათავსოს დამატებით სახმელეთო ძალები, ერთადერთი გზა შეტევისა რჩება ზღვიდან ან ერაყის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის დარღვევით ერაყში შეჭრა იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ირანს. აქ აშშ საერთაშორისო სამართლებრივად, პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით დგება დიდი სირთულეების წინაშე, ამიტომ აშშ-ის არ აწყობს სახმელეთო ოპერაცია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა ირანის დაპყრობა, აშშ-ის ირანში სამხედრო ყოფნა არ სჭირდება. ასეთი გზით ის ვერ მიაღწევს ახლო აღმოსავლეთის სტაბილიზაციას. ვერც დემოკრატიულ ცვლილებას მიაღწევს ამით ირანში, პირიქით, გაიზრდება ანტიამერიკული განწყობა იქ. ასე რომ, სახმელეთო ოპერაციები ირანში ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ესკალაცია არანაკლები პრობლემაა. 52 ობიექტის დაბომბვა უკვე ყოველგვარ პროგნოზებს შეიძლება სცდებოდეს და უპროგნოზი მდგომარეობა არანაკლები რისკია იგივე აშშ-სთვის“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.