ახალი წელი პირველ რესპუბლიკაში

ახალი წელი პირველ რესპუბლიკაში

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რუსულ საიტზე საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე: რუსეთში, უფრო ზუსტად - საბჭოთა კავშირში, ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშოვის ე.წ. ”დათბობის” პერიოდში დაიწყესო.


იქვე ისიც იყო ნათქვამი, რომ არც რევოლუციამდე ზეიმობდნენ ახალ წელს მასშტაბურად - ძირითადად დღესასწაულად შობა ითვლებოდა. როდესაც იმპერიაში ბოლშევიკური ათეიზმი გაბატონდა, ბუნებრივია, საღვთო დღესასწაული - მაცხოვრის შობა, ჩვეულებრივ სამუშაო დღედ გამოცხადდა, ახალი წელი ისედაც არ აღინიშნებოდა და დარჩა ამხელა სსრკ ზეიმის გარეშე!..


რა ხდებოდა ჩვენში? საბჭოთა პერიოდზე ამჯერად არ ვისაუბრებთ, საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში კი შობაც და ახალი წელიც ისეთი აჟიოტაჟითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნებოდა, თქვენი მოწონებული!


როდესაც მაშინდელი პრესის ფურცლებს ათვალიერებ, სარკესავით ხედავ ოთხივე (1918, 19, 20, 21) ახალი წლისა და შობის დღეების საქართველოს და მე, პირადად, გული სევდანარევი სიამაყით მევსება - ჯერ კიდევ მაშინ ჩვენი ქვეყანა მენტალურად და კულტურულად ცივილური ევროპის ნაწილი იყო (ისე, დღევანდელობაზე თავს ვერ დავდებ) და ამ მხრივ არაფერი ჰქონდა საერთო ჩრდილოელ მეზობელ ველურ დათვთან...


სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტმა (დამფუძნებელმა კრებამ) 1918 წლის 26 დეკემბრის საგანგებო კანონით დაამტკიცა მომავალი - 1919 წლის დღესასწაულები და ეს მეორე დღესვე დაიბეჭდა პრესაში: 20 უქმე დღიდან მხოლოდ 3 (ახალი წელი, 1 მაისი და 26 მაისი) იყო საერო დღესასწაული, დანარჩენი 17 - საეკლესიო, მათ შორის, შობას 2 დღეს (7-8 იანვარი), ხოლო აღდგომას 5 დღეს (ვნების კვირის პარასკევი და შაბათი, აღდგომა, აღდგომის კვირის ორშაბათი და სამშაბათი) ზეიმობდნენ საქართველოს მოქალაქეები.


რაც შეეხებოდა ”ოფიციალურ ნაწილს”, მაგრამ როგორი იყო რეალური სურათი? როგორ ემზადებოდნენ, როგორ მხიარულობდნენ, ერთობოდნენ და ქეიფობდნენ პირველ რესპუბლიკაში?


მოდით, მაშინდელი პრესიდან რამდენიმე ინფორმაციას გავეცნოთ და ბევრი რამ ცხადი გახდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სრულიად განსხვავებული იყო საზოგადოების განწყობა სამივე ახალ წელს (არაფერს ვამბობ 1918 წელზე, ამაზე - ბოლოს) - მიუხედავად დღესასწაულისა, არავინ არც ერთი წუთით არ ივიწყებდა ქვეყნის მდგომარეობას და ზეიმებიც ისე ეწყობოდა, რომ სიამოვნებასთან ერთად საერთო საქმისთვისაც ერგოთ რამე... მაშ ასე:


როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, 1919 წელს საქართველო შფოთითა და პრობლემებით ხვდებოდა - დეკემბრის ბოლოს არავის ეცალა ახალი წლისთვის, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო სომხეთ-საქართველოს ომის შედეგები. მაგრამ რამდენადაც საშინელი იყო დეკემბრის ბოლო, იმდენად სასიხარულო ახალი წელი გაუთენდა საქართველოს - მტერი დამარცხდა, ომი ზუსტად 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე შეწყდა და ქვეყანა ბედნიერებამ მოიცვა. იმდროინდელი გაზეთები სავსეა მისალოცი განცხადებებითა და სადღესასწაულო საღამოების ანონსებით.


ერთ-ერთ გაზეთში ასეთი განცხადებაც ამოვიკითხე: ”ვექილი შარაშიძე ულოცავს ყველა მეგობარს მტერზე გამარჯვებას, ახალ წელს და შობას - ერთად, და ეპატიჟება ყველას მის ოჯახში, 8 იანვარს, საღამოს 6 საათითგან”. თბილისისა და ქუთაისის ყველა თეატრში ეწყობა საზეიმო კონცერტები და ცნობილი არტისტების ბენეფისები, წარმოდგენები ბავშვებისათვის


- ”საჩუქრებითა და ქალაქში გასეირნებით”. კიდევ ერთი საჩუქარი მოსწავლეთათვის - განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მოწაფეები არდადეგების შემდეგ მიიღებენ ტრამვაის 50%-იან აბონემენტებს...


მაგრამ ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც სხვა რამ გახლავთ: სადღესასწაულო განწყობა არავის ავიწყებს საქვეყნო ვალს და ყველა გაზეთი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაეხმარონ ახალდამთავრებულ ომში დაჭრილებსა და დაღუპულთა ოჯახებს. ეს მოწოდებები რომ ამაო არ არის, იქვე დაბეჭდილი სიები ადასტურებს, რომლებშიც დაწვრილებით არის ჩამოთვლილი, ვინ რამდენი ფული, ასანთი, პაპიროსი, თეთრეული, თბილი წინდა, ხორბალი, საწერი ქაღალდი, მელანი და კონიაკიც კი(!) შესწირა საერთო საქმეს...


შემოდით, ერთ წელს ”გადავახტეთ” და ჯერ 1920-21 წლის გასაყარის პრესა ვნახოთ, რადგან იმ ახალ წელსაც პრობლემებითა და ღია ფრონტით შეხვდა ჩვენი ქვეყანა: ცხადია, ქართველები ვერ ჩავერევით იმ დავაში, რომელიც ახლახან ესტონელებსა და ლიტველებს შორის გაიმართა იმის შესახებ, თუ სად მოირთო პირველად საშობაო ნაძვის ხე, მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით რომ არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველოც ნაძვის ხეებით ხვდებოდა, ამას გაზეთ ”საქართველოს” 1920 წლის ქრისტეშობისათვის 23-ის ნომერში გამოქვეყნებული განცხადებაც მოწმობს: ”შაბათს, 25 დეკემბერს და კვირას 26 დეკემბერს, თბილისში და რესპუბლიკის ყველა კუთხეში ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტი აწყობს ”ფრონტის შობის ხეებს”.


თბილისში, სასახლის წინ, ქუჩაში დადგმულ ყუთებში შეგროვდება შემოწირულობა. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, კლასისა და ეროვნების მიუხედავად, შემოიტანოს, რაც შეუძლია”.


ამის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მესამე წელს ვითვლიდით და ქვეყანაც უკვე ქვეყანას ჰგავდა - პრობლემები პრობლემებად, მაგრამ შესაბამის დროს მხიარულებასა და დროსტარებაზეც არ ამბობდა უარს საქართველო და დღეს რომ ჩვენს ”შოუმენებს” თავი ქართული ”ივენთების” პიონერები ჰგონიათ და წამყვან-კონფერანსიეები ჩიქორთული ქართულით ”ხუმრობენ” ხოლმე, 1920 წლის 24 დეკემბრის ერთი საგაზეთო რეკლამა ვნახოთ და მერე შევედაროთ 90 წლის წინანდელ თბილისს:


”შაბათს, 25 დეკემბერს, ”არმაზში” (ყოფ. ”ქიმერიონი”) გრანდიოზული საღამო: მთ. შემადგენლობა ბოშათა ჯგუფისა, თამარ წერეთელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ვანო ნანიაშვილი, იესე ანდრონიკაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, პაოლო იაშვილი, სანდრო ყანჩელი, ტიციან ტაბიძე და მთელი თბილისის არტისტული ძალები.


საერთო ცეკვა, შარჟი, ექსპრომტები, ყვავილები, შამპანური, კრუშონი, გრანდიოზული შობის ხე, ჰაეროვანი ბურთები.


კონფერანსიე - პაოლო იაშვილი!


სტოლებზე ჩაწერა თ. ავალიანთან, ტელეფონი 15-84.”


...ყველაზე დიდი ზეიმით, ყველაზე ნაკლები პრობლემითა და ყველაზე მეტი იმედით მაინც 1920 წელს შეხვდა საქართველო: უამრავი უცხოური დასი თუ ინდვიდუალური შემსრულებელი; საზეიმო-საქველმოქმედო საღამო; გრანდიოზული ფასდაკლებები ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტკბილეულის, ალკოჰოლური სასმელების, წიგნებისა და საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში (მაგალითად, ”ზინგერის” საკერავი მანქანებსა და ”ამერიკანის” უთოებზე); ქართველ, რუს და უცხოელ მხატვართა გამოფენები და პოეტების საღამოები.


მაგალითად, ”ქართველ მწერალთა კლუბი”, ”ქიმერიონში” (დღევანდელი - ”თბილისი მერიოტის” სარდაფში) მართავს შეხვედრას და მკითხველს აუწყებს: ”დღის 1-ლ საათიდან 5-მდის სადილი. უკრავს რუმინული ორკესტრი ანგელესკუს ლოტბარობით.


საღამო დაიწყება 10 საათზე, პროგრამა - 11 საათზე. კონფერანსიე - ნეჩაევი (ბოლშევიკებს გამოქცეული დიდი რუსი მსახიობი).


ღამე - საზეიმო მიგებება ახალი წლის (ძველი სტილით). დაკვეთა წინასწარ”.


მაგრამ ხომ იყო ხალხი, ვისაც არ უნდოდა ეს რუმინული ორკესტრი და ”ჰაეროვანი ბუშტები”?! კი, ბატონო, ასეთები აქეთ ”მობრძანდით”: ”ამით ვაუწყებთ სიძველის მოყვარეთ, რომ კაფე-რესტორან ”26 მაის”-ში სამშაბათს, იანვრის 13 მიგებებაა ახალი წლის (ძველი სტილით).


მენიუ: შემწვარი ორაგული, ზუთხი სალათით, შემწვარი გოჭი საწებელით, ბატკანი სალათით, ნაღები, ნაყინი, ხილი, ღვინო და ლიქიორი სხვა და სხვა მარკების.


მაგიდის დაკვეთა წინასწარვე მიიღება. ფასი 4 სულისთვის 100 მან. ყოფილი აფიცერთა საზოგადოების გამგეობის შენობა”. ყურადღება მიაქციეთ ფასს: 4 კაცზე ასეთი სუფრა 100 მანეთი ჯდება, იმ პირობებში, როდესაც გაზეთის ერთი ეგზემპლარი (თვით 1920 წლის 13 იანვარის ”საქართველოს” ის ნომერიც, სადაც ეს განცხადებაა) 3 მანეთი ღირდა! გადავთვალოთ ახლა და ვნახოთ, რას მოგვართმევენ ახლანდელი თბილისური რესტორნები 4 კაცზე 100 ლარად (თუკი გაზეთის ფასად 1 ლარს ვიანგარიშებთ).


დასასრულ, ერთი ლამაზი თბილისური ამბავიც გავიხსენოთ, რომელიც 1918 წლის დადგომისას მოხდა: მართალია, საქართველო ჯერ არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ თბილისი თბილისობდა და ცხოვრება დუღდა. პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან დაბრუნებული ოფიცრები თავდავიწყებით იყვნენ გადაშვებული დროსტარებისა და სიყვარულის მონატრებულ ტალღებში... მათ შორის იყო შტაბს-როტმისტრი ევგენი აფხაზავა - მსოფლიო ომის გმირი, თავზეხელაღებული მეომარი, შარისთავი და მექალთანე, მეგობრებსა და ქეიფზე შეყვარებული, მთელს ქალაქში ძალიან პოპულარული ახალგაზრდა ოფიცერი.


აფხაზავას სატრფო ჰყოლია ზემო სოლოლაკში; დაჰპირებია - აუცილებლად მოვალ ყვავილებით და შენთან ერთად შევხვდები ახალ წელსო, მაგრამ ”ხელს გადაჰყოლია” ძმაკაცებთან ერთად ორთაჭალაში. 12-ის ნახევარზე შემოურტყამს თავში ხელი, წამოუღია ”ოთუზბირად” ნაყიდი ვარდები და გამოქანებულა ეტლით. თავისუფლების მოედანს რომ მიაღწია, მერიის საათზე უკვე 5 წუთი აკლდა ახალი წლის დადგომას! შიდა კიბით ავარდნილა კოშკში და მოხუცი სომეხი მესაათისათვის (მაშინ ის საათი ავტომატურად არ რეკავდა) უთხოვია, 15 წუთით გაეჩერებინა საათი!


...იმ წელს თბილისში ახალმა წელმა მეოთხედი საათით დააგვიანა, მაგრამ როდესაც მეორე დღეს თბილისელებმა ზარის დაგვიანების მიზეზი შეიტყვეს, ცხადია, არავინ გაბრაზებულა...