„თალაკვაძე ვერ გაუმკლავდება ჯუნგლების კანონს, რაც ახლა ქართულ პოლიტიკაშია“

„თალაკვაძე ვერ გაუმკლავდება ჯუნგლების კანონს, რაც ახლა ქართულ პოლიტიკაშია“

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას და ახალი წლის შემდეგ ჩაანაცვლებს თუ არა გახარიას არჩილ თალაკვაძე პრემიერის პოსტზე? მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის თებერვალში მთავრობაში დიდი გადაადგილებები იგეგმება. კერძოდ, გავრილოვის ღამის შემდეგ გიორგი გახარია იმიჯშელახულია. ამდენად, დღის წესრიგში დგება მისი ჩანაცვლება. პარლამენტის დამოკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ „არჩილ თალაკვაძე არის ყველაზე კეთილი გულის, ყველაზე ლოიალური ფიგურა“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, ივანიშვილი შეელიოს გახარიას, რადგან მის თვალში თალაკვაძესა და გახარიას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა გახარიას სასარგებლოდ.

ჩვენთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საეჭვოა, არჩილ თალაკვაძე გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რასაც უმკლავდება გახარია. კონფლიქტოლოგის აზრით, გახარია მკაფიოდ გამოკვეთილი, გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკოსია, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მოგვწონს თუ არ მოგვწონს კონკრეტული გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია. თალაკვაძეს კი არანაირად არ ეტყობა, რომ მას შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.

„დღემდე პარლამენტს მართავს არა თალაკვაძე, არამედ კობახიძე. თალაკვაძე არის შუალედური, გარდამავალი ადამიანი, ვისითაც შეიძლება ჩანაცვლდეს კობახიძე, ან სხვა პიროვნებები, მაგრამ თალაკვაძე თვითონ ვერასდროს ვერ იქნება წამყვანი ფიგურა. პოლიტიკოსს არ უნდა ეშინოდეს გადაწყვეტილების მიღება, თუგინდ არაპოპულარული და მიუღებელი გადაწყვეტილების. გახარიაში ეს არის, თალაკვაძეში კი არ არის. ფაქტია, ივანიშვილს სჭირდება გადაწყვეტილების მიმღები სანდო ადამიანები, ივანიშვილს თვითონ არ უხარია პოლიტიკაში ყოფნა, ეზარება კიდეც პოლიტიკა, ამიტომ მას სჭირდება არა მარტო სანდო, არამედ კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე განმარტებით, მართალია, 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარიას ფიგურა არც ისე მომხიბვლავია, მაგრამ ზუსტად 20 ივნისის შემდეგ დანიშნეს გახარია პრემიერად, ანუ „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდში მიხვდნენ, რომ მასზე უკეთესი არავინ ჰყავდათ.

პაატა ზაქარეიშვილს კონკრეტულად არჩილ თალაკვაძეში ეპარება ეჭვი, თორემ ვინმე სხვა, მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა რომ იყოს წარმოდგენილი გახარიას შემცვლელად, მაშინ უფრო დაიჯერებდა მისი ჩანაცვლების ამბავს. მისი თქმით, თალაკვაძეს აშკარად კეთილშობილური ნიუანსები აქვს, მაგრამ სწორედ ეს არის, რითაც თალაკვაძე ვერ გაუმკლავდება ჯუნგლების კანონს, რაც ახლა ქართულ პოლიტიკაშია.

„თალაკვაძე ძალიან რბილია, არჩევნების წინ მგელი უნდა იყოს და არა რბილი ადამიანი“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბატონ გახარიას გარკვეული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიადგა, მაგრამ, მეორე მხრივ, ის საკმაოდ ძლიერი მენეჯერია და მისი წასვლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლება თანასწორი და თანაზომადი ჩანაცვლება არ იქნება.

„პოლიტიკოსი არ ვარ, რომ დაუსაბუთებელ ვარაუდებზე ვისაუბრო, მაგრამ, როგორც ჩანს, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე გამოთქვეს ასეთი ვარაუდი, რომ გახარიას თალაკვაძე ჩაანაცვლებს. პირადად მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. უბრალოდ, არჩილ თალაკვაძე არ არის ისეთი ძლიერი ფიგურა, როგორც გახარიაა. თალაკვაძე შეიძლება კეთილგანწყობით სარგებლობს თავის კოლეგებში, თავისი ლოიალური ხასიათით, შედარებით რბილი ქცევით მედიასაშუალებებთან, სამოქალაქო სექტორთან, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა პოლიტიკური ბატალიების გადატანაც მოუწევს „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს, გახარიას გაშვება, ცოტა არ იყოს, ნაკლებ სავარაუდოდ მოჩანს. თუმცა აქ ერთი ფაქტორიც შეიძლება მოქმედებდეს და ერთადერთი სერიოზული მოტივაცია შეიძლება იდგეს ამ ვერსიის უკან, რომ გახარიას ჩანაცვლებით „ქართული ოცნება“ შეეცადოს დასავლეთის წინაშე საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

 

არაგველი641 ვერ გავიგე, ვინ თვლის რომ გახარიას იმიჯი შელახულია გავრილოვის ღამის შემდეგ? ეს არის ალბათ სტატიის ავტორი მარიამ ლოლაშვილი? სწორედაც მაგიტომაა ქართულ პოლიტიკაში პრობლემები, რომ ვაი-ჟურნალისტები ქმნიან ამინდს.
ჩემი და აგრეთვე მოქალაქეთა უმეტესი რაოდენობის აზრი პირიქითაა. გავრილოვის ღამის შემდეგ გახარიას იმიჯი ერთი ათად გაიზარდა!
გახარიას გადაყვანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მას უფრო მნიშვნელოვან პოსტს ჩააბარებენ.
4 წლის უკან
tngh ვინ ბრძანდება ეს დავით ჭიჭინაძე???
4 წლის უკან