ბიძინა ივანიშვილი ქონება ბოლო 1 წელიწადში იმდენად გაიზარდა და მაშინვე ეჭვები აღძრა. მილიარდერმა მოკლე პერიოდში 570 მილიონი შეიძინა და ამის გამო კომენტარების გაკეთება მისი პარტიის უმაღლეს პირებს მოუწიათ.
„ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, 1 წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება მკვეთრად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი. კერძოდ, „ბლუმბერგის“ მიხედვით, ივანიშვილის ქონება ერთ წელში 570 მლნ დოლარით გაიზარდა.
რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 26 დეკემბრის მდგომარეობით 371-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.52 მლრდ დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც წინა წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით მისი ქონება 4.95 მლრდ დოლარი იყო.
5.52 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.47 მილიონი უნცია ოქრო და 104 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0307%-ს.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ბლუმბერგის“ მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. მილიარდერთა სიაში სულ 500 უმდიდრესი ადამიანია.
ასეთმა მკვეთრმა ზრდამ მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ მილიარდელი პოლიტიკოსი საქართველოში ნაშოვნი ქონებით მდიდრდება. შესაბამისად, კომენტარის გაკეთება მოუწია იმ პარტიის უმაღლეს პირებს, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
„ქართული ოცნების“ ლიდერი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.
„რა მანიპულაციებზეა ლაპარაკი? არასამთავრობო სექტორის დამოკიდებულება არასაინტერესოა, მიკერძოებულია. ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, - განაცხადა კალაძემ.
უფრო დეტალურად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. მისი აზრით, შეუძლებელია ივანიშვილმა მიიღოს სამი მილიარდი დოლარი, რადგან ამაზე მეტი უკვე დახარჯული აქვს ქვეყნის განვითარებაში.
„ამ პერიოდებში, ჩვენ ვნახულობთ განსხვავებულ განცხადებებს, ოპოზიციის ნაწილი ზოგჯერ ამბობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეუმცირდა ქონება, არის შეფასება, სადაც მას გაეზარდა ქონება. ვიღაცები ამბობენ, რომ ასობით მილიონი მან უკვე დახარჯა, ვიღაცები ამბობენ, რომ ასობით მილიონი მან, როგორც ბიზნესმენმა შეიძინა. ამ ტიპის დისკუსიები არის ხოლმე პოპულიზმი და სპეკულაციები. უნდა ვენდოთ საერთაშორისო რეიტინგებს და შეფასებებს.
ის არის წარმატებული ბიზნესმენი, წლების განმავლობაში ქმნიდა დოვლათს და ასევე წლების განმავლობაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა თავისი ქვეყნის, საქართველოს განვითარებაში. ეს არის სიმართლე რომელიც არის ხელის გულზე. საქართველოდან შეუძლებელია ადამიანმა მიიღოს სამი მილიარდი დოლარი, რადგან მას სწორედ ამდენი და ამაზე მეტი აქვს დახარჯული საქართველოსთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.