ავტოდილერებისთვის შესაძლოა, იანვრიდან სომხეთის ბაზარი დაიხუროს. გადაწყვეტილება 2-3 დღეში გახდება ცნობილი. თუკი მეზობელი ქვეყანა ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანდება, მაშინ საქართველოდან ავტომობილების შეყვანა იმხელა თანხა დაჯდება, რომ ყოველგვარ აზრს დაკარგავს.
დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%-იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე. თუმცა, 2020 წლიდან ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით. გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.
„ბანკები და ფინანსების“ ცნობით, 2020 წლიდან ახალი რეგლამენტი სრულად ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰყავს მოქალაქეს, 3 წლამდე წლოვანების შემთხვევაში გადასახადი მანქანის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული – თუკი მანქანის ღირებულება არ აჭარბებს 8500 ევროს, განბაჟების ფასი ღირებულების 54% იქნება. ასევე, ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე- 2,5 ევრო.
8500-16700 ევროს ღირებულების შემთხვევაში მყიდველს 48%-ის გადახდა მოუწევს, ძრავის თითოეულ კუბურ სმ-ზე კი - არანაკლებ 3,5 ევრო. ავტომობილის 16 700–42 300 ღირებულების შემთხვევაში მოქალაქეები ასევე 48%-ს გადაიხდიან, თუმცა, 5,5 ევროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე.
დაბოლოს, პრემიუმ კლასის მანქანებისთვის დაწესდა ღირებულების 48% და კუბურ სანტიმეტრზე 20 ევრო.
ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელით ქართველ ავტოდილერებს და როგორ მოახერხებენ ისინი სომხეთის ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას და ასევე, რამდენად შეამცირებს აღნიშნული გადაწყვეტილება რეექსპორტის მაჩვენებელს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით.
კომპანია „რობანი მოტორსის“ ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე აცხადებს, რომ საქართველოში რეექსპორტის წილი 60-70%-ია და თუ ამ მიმართულებით პრობლემა შეიქმნა, ავტობიზნესი საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
„ვიცოდი, რომ ეს პრობლემა ადრე თუ გვიან დადგებოდა. ამ ყველაფერის წინასწარ გათვლის პრობლემა ჩემს კომპანიას არ აქვს, მაგრამ ეს გლობალური პრობლემაა. ეს ცვლილება ექსპორტზე და რეესქპორტზეც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. ავტომანქანების რაოდენობა იმდენია, რომ სად გაიწოვება არც კი ვიცი. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგებიან თავად დილერებიც. შეფერხების ერთ-ერთი ფაქტორი იყო ტერმინალებში პრობლემების შექმნა მანქანების გამოყვანასთან დაკავშირებით და ვადების გადაწევა. საკმაოდ დიდი დარტყმას მოახდენს ავტობიზნესზე. დაახლოებით 60-70% არის რეექსპორტის წილი და თუკი ეს მაჩვენებელი დაიკლებს, ავტობიზნესი დიდი პრობლემის წინაშე დადგება“, - განაცხადა ჯამაგიძემ.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალური დირექტორი კი ვარაუდობს, რომ სომხეთის ბაზრის დახურვა ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების ფასს არ შეამცირებს, ხოლო თუ სომხეთში არ იჩქარებენ და საბაჟო კავშირში გაწევრიანებას თუნდაც 1 წლით გადადებენ, ეს საქართველოს საავტომობილო ბაზარს უფრო განავითარებს. სხვა შემთხვევაში, „სომხეთთან კავშირი არ გაწყდება ბოლომდე, უბრალოდ, რეექსპორტის რაოდენობა მკვეთრად შემცირდება“, - ამბობს გიორგი სურგულაძე.
სხვათა შორის, ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება, ყირგიზეთმა უკვე გადაავადა. ამის შემდეგ შესაძლოა იგივე ნაბიჯი სომხეთმაც გადადგას.